ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს და ზოგადად გერმანული ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავ მესუთ იოზილსაც (მადრიდის "რეალი") თურქული ფესვები აქვს, თუმცაღა გელზენკირხენში დაიბადა და გაიზარდა. სხვათა შორის, ჰამით და ჰალილ ალთინთოფებიც გერმანიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, თუმცა დღეს თურქეთის ნაკრებში თამაშობენ. იგივე ეხება ნური შაჰინსაც, რომელიც იოზილის დარად, ასევე "რეალის" ღირსებას იცავს.
თურქეთისა და გერმანიის საფეხბურთო კავშირების დავის საგანი არაერთი ფეხბურთელი გამხდარა, თუმცა
თურქულმა მხარემ ახლა სხვანაირ ხრიკს მიმართა და იერიში გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებზე მიიტანა. ეს ლოგიკური ნაბიჯია, რადგან 16-17 წლის ბავშვის დათანხმება უფრო ადვილია. 17-წლამდელთა ბუნდესგუნდში საერთო ჯამში 8 თურქული ფესვების მქონე ფეხბურთელი თამაშობს. აქედან, 6 ძირითადი შემადგენლობის წევრია.
შარშან, მექსიკაში გამართულ 17-წლამდელთა მუნდიალზე გერმანიამ მესამე ადგილი დაიკავა და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ გუნდზე იერიშის მიტანა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა.
იდეა თურქეთის ნაკრების თავკაც აბდულა ავჩის ეკუთვნის. გაზეთ "ჰაბერთურქის" ინფორმაციით, ხვალ ავჩი გერმანიაში მიფრინავს, სადაც ხუთ დღეს დაჰყოფს. მისი მიზანი გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრების რვავე თურქული ფესვების მქონე მოთამაშესთან შეხვედრა და მათ მშობლებთან გასაუბრებაა. მეტიც: ავჩის გერმანიაში ფსიქოლოგი მიჰყავს, რომელმაც ფეხბურთელებისა და ოჯახების დათანხმებაში, უარი თქვან გერმანიის ნაკრებზე და თურქეთის ეროვნულ გუნდში იასპარეზონ, მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.
ასეთი შეტევის განხორციელება მას მერე გადაწყდა, რაც თურქეთის ნაკრებმა ევრო 2012-ის შესარჩევში კრახი განიცადა. ამ ამბავს გუუს ჰიდინკის გათავისუფლება მოჰყვა, რომელიც სწორედ ავჩიმ შეცვალა. ამ უკანასკნელს ახლა ისეთი გუნდის აშენება უნდა, რომელსაც დიდი მომავალი ექნება.
რა რეაქცია ექნება ამაზე გერმანულ მხარეს? "ბილდის" კორესპონდენტი გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულ დირექტორ მათიას ზამერს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ 44 წლის ზამერმა ავჩის ვიზიტისა და იდეის შესახებ არაფერი იცოდა.
"ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდი საქციელია, მაგრამ განგაში არ უნდა ავტეხოთ. თურქეთის ნაკრების მწვრთნელს ამა თუ იმ ფეხბურთელთან გასაუბრებას ვერ ავუკრძალავ. ჩემი აზრით, თითოეულმა მოთამაშემ, რომელსაც თურქული ფესვები აქვს და გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, კარგად იცის, რასაც ნიშნავს გერმანიის ეროვნულ გუნდში თამაშის პერსპექტივა," - აცხადებს ზამერი.
თუმცა ავჩი გერმანიაში ფსიქოლოგთან ერთად მიდის, რომელსაც ფეხბურთელისთვის ტვინის შეტრიალება შეუძლია. ზამერი: "ყველა მოთამაშეს პირადად ვიცნობ. ისინი გონიერი, ჭკვიანი ბიჭები არიან. თუ რომელიმე მაინც დაფიქრდება, დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებას ჩვენს გარეშე არ მიიღებს."
მიუხედავად ამისა, ზამერს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ დღეებში 17-წლამდელთა ბუნდესგუნდის მწვრთნელ კრისტიან ციგეს შეხვდეს და ამ საკითხზე ესაუბროს.
აი, ისინიც
თურქული ფესვების მქონე ფეხბურთელები გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებში
ლევენთ აიჩიჩექი (17 წლის, ვერდერი): მამა თურქი ჰყავს, დედა - გერმანელი. მისი ძმა, დენიზი "ჰანოვერის" მეორე გუნდში თამაშობს.
ემრე ჩანი (18/ ბაიერნი): გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, "ბაიერნის" მეორე გუნდის ლიდერი; დიდი შანსია, რომ ჩანი მალე "ბაიერნის" პირველ გუნდში გადაიყვანონ. აბდულა ავჩის მთავარი სამიზნე სწორედ ემრე ჩანია.
სამედ იეზილი (17/ლევერკუზენი): ცენტრალური თავდამსხმელი, რომელმაც შარშან 17-წლამდელთა მუნდიალზე 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მისი მეტსახელია გერდი - გერდ მიულერს ადარებენ.
ოქან აიდინი (17/ლევერკუზენი): ფორვარდი, რომელმაც 17-წლამდელთა მუნდიალზე 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა და ერთხელ მოედნიდან გააძევეს. აიდინი "ლევერკუზენის" პირველ გუნდთან ერთად შეკრებაზე იყო.
ქაან აიჰანი (17/შალკე): თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული, რის შემდეგაც გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
ქორაი გიუნტერი (17/დორტმუნდი): ისიც თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და მერე გერმანია აირჩია.
ქორაი ქაჩინოღლუ (17/კიოლნი): 17-წლამდელთა მუნდიალზე ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე გერმანიის 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.
რობინ იალჩინი (17/შტუტგარტი): გერმანიის დროშის ქვეშ 15-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული თამაშობს. 17-წლამდელთა ბუნდესგუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"