სანდრო ვაგნერი "კაიზერსლაუტერნშია"!

AutoSharing Option
"კაიზერსლაუტერნმა" ბუნდესლიგის მეორე წრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე კიდევ ერთი ტრანსფერი სრულყო - პფალცელებმა ისევ თავდამსხმელი გადაიბირეს. ახალწვეული "ვერდერის" ფორვარდი სანდრო ვაგნერია, რომელიც ბრემენულმა კლუბმა "ლაუტერნს" წელიწადნახევრით ათხოვა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, პფალცელებს ვაგნერის ყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ვაგნერი "ვერდერში" 2010 წლის იანვარში, "დუისბურგიდან" გადავიდა და მაშინ ბრემენელებს ეს ტრანსფერი 350 000 ევრო დაუჯდათ. მას მერე სანდრომ "მუსიკოსების" ფორმა ბუნდესლიგის 30 შეხვედრაში მოირგო და მხოლოდ 5 გოლი გაიტანა. ხვალ "კაიზერსლაუტერნი" და "ვერდერი" ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ სანდრო ვაგნერი ყოფილი
გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს - ბრემენელთა სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის თქმით, კლუბები ამაზე შეთანხმდნენ.

ჰერტას ლელი უკაპიტნებს
სანამ "ჰერტას" ცენტრალური მცველი ანდრე მიატოვიჩი ლაზარეთში იქნება, ბერლინულ კლუბს კრისტიან ლელი უკაპიტნებს. ეს ინფორმაცია გუშინ დედაქალაქელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ სკიბემ დაადასტურა.

ზოგადად, 27 წლის ლელი "ჰერტას" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რასაც გარდა კაპიტნის სამკლავურის მინიჭებისა, ის ფაქტიც მოწმობს, რომ ცოტა ხნის წინ "ბაიერნში" შერცხვენილ მცველს ბერლინში ახალ კონტრაქტსაც სთავაზობენ. მიატოვიჩის არყოფნაში კაპიტნობის კანდიდატი "ჰერტას" ქართველი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილიც იყო.

ვერდერი: ნალდო არა, პისარო - კი!
"ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა შვებით ამოისუნთქა: ხვალ, გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბრემენელები "კაიზერსლაუტერნს" ხვდებიან და გუშინ საღამომდე, ამ შეხვედრაში "მუსიკოსთა" მთავარი გოლეადორის, კლაუდიო პისაროს თამაში საეჭვო იყო. ახლა კი გაირკვა, რომ ვეტერანი პერუელი ფორვარდი მოედანზე გასვლას შეძლებს. ტრავმა ბოლომდე მოიშუშა "ვერდერის" ავსტრიელმა თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმაც, რომელიც პისაროს წინა ხაზზე შეუწყვილდება.

სამაგიეროდ, "კაიზერსლაუტერნთან" "ვერდერი" წამყვან მცველებს, ბრაზილიელ ნალდოს და ანდრეას ვოლფს ვერ გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებთან ერთად, შააფის განკარგულებაში არც მარკო მარინი, აარონ ჰანტი და დანი ავდიჩი არიან, სებასტიან ბიონიშისა და მიკაელ სილვესტრის თამაში კი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ვან ბუიტენს ოთხი გუნდი ეპატიჟება
"ბაიერნის" მცველი დანიელ ვან ბუიტენი აცხადებს, რომ მთხოვნელები არ აკლია და თუ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებენ, არ დაიკარგება. 33 წლის ბელგიელ უკანახაზელს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ახლის გაფორმებაზე თანახმაა, თუმცა შეთავაზება ჯერ კიდევ არ მიუღია. ვან ბუიტენის თქმით, მისი გადაბირება 4 საკმაოდ სერიოზულ კლუბს სურს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ერთ-ერთი ფრანგული "მონაკოა".

გიოტცე ჰამბურგთან ვერ ითამაშებს!
დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს საბოლოოდ გადაეწურა იმის იმედი, რომ მარიო გიოტცე კვირამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს. "ბორუსია" ზეგ "ჰამბურგს" ეთამაშება და კლოპი უკვე შეეგუა იმას, რომ გიოტცეს ვერ გამოიყენებს. კითხვის ნიშნის ქვეშაა მარჯვენა მცველ ლუკაშ პიჟჩეკისა და მეკარე რომან ვაიდენფელერის ასპარეზობაც, თუმცა არსებობს შანსი, რომ 31 წლის კიპერმა გამოჯანმრთელება მოასწროს. თუ ასე არ მოხდა, დორტმუნდელები სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან მეორე მეკარეს, მიტჩელ ლანგერაკსაც ტრავმა აწუხებს. ასეთ შემთხევაში, კლოპმა კარში 21 წლის იოჰანეს ფოხერი უნდა ჩააყენოს.

ვოლფსბურგი მანჯუკიჩის გარეშე
მეორე წრის პირველი მატჩისთვის "ვოლფსბურგს" თავის საუკეთესო თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი გამოაკლდა. ხორვატი ფორვარდი, რომელმაც სეზონის პირველ ნახევარში 8 გოლი გაიტანა და "მგლებში" საუკეთესო მეგოლეა, შეკრებაზე დაშავდა და ხვალამდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

"ძალიან ცუდია, როცა საუკეთესო თავდამსხმელი გამოგაკლდება," - წუხს მთავარი მწვრთნელი, ფელიქს მაგათი და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რომელი ფორვარდით შეცვლის მანჯუკიჩს. ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ფელიქსი არც სრდიან ლაკიჩს ათამაშებს და არც პატრიკ ჰელმესს - მას ორივე მათგანის გაყიდვა უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული