ოლივერ კანი: ეს ყველაფერი მიხაელის დემონტაჟს გავს!

AutoSharing Option
დისკუსიას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე გაჩაღდა და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა, გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ოლივერ კანი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა.

- ჰერ კან, გერმანიის ნაკრების კაპიტნობის თემაზე ატეხილ დისკუსიას ბოლო მოეღო და შედეგი ორაზროვანია: ბუნდესკაპიტნად მიხაელ ბალაკი რჩება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ფორმაში შევა ბუნდესგუნდში თამაშს დაიმსახურებს. სხვა შემთხვევებში, გერმანიის ნაკრებს ფილიპ ლამი უკაპიტნებს. გულახდილად გვითხარით, თქვენ გჯერათ, რომ ბალაკი ოდესმე ძველებურად ათამაშდება?

- რა თქმა უნდა, მჯერა, რადგან ეს შესაძლებელია. მთავარია, აქვს თუ არა მიხაელს საკმარისი მოტივაცია იმისათვის, რომ
ძველებურად ათამაშდეს. მიხაელი ჯერ მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობდა, მერე ლონდონის "ჩელსიში", ახლა კი "ლევერკუზენში" დაბრუნდა და სუპერგრანდების შემდეგ საშუალოზე ოდნავ მაღალი რანგის გუნდში გადასვლა და იქ ძველებური მოტივაციით თამაში ადვილი ნამდვილად არ არის. თუ მიხაელი ამას მოახერხებს, მაშინ მჯერა, რომ ძალიან მალე დაიბრუნებს ყველაფერს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მიღებული წყეული ტრავმის გამო დაკარგა.

- სამი თვის წინ ბალაკი "ჩელსის" ფეხბურთელი, გერმანიის ნაკრების კაპიტანი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო. დღეს კი ყველაზე იმაზე ბჭობს, არის თუ არა მიხაელი იმის ღირსი, რომ ბუნდესგუნდში ითამაშოს. თქვენ რას ფიქრობთ?
- ჩემი აზრით, მიხაელმა თავის თავს ასეთი კითხვა უნდა დაუსვას: რისი მიღწევა მსურს ბუნდესგუნდში? კიდევ გავიმეორებ, აქ მთავარი მოტივაციაა. თანაც, იოახიმ ლიოვმაც ორაზროვანი გადაწყვეტილება მიიღო. ერთის მხრივ ამბობს, ბალაკი ისევ კაპიტანიაო, მეორე მხრივ კი მიხაელი ნაკრებში არ გამოიძახა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთ გუნდს ორი კაპიტანი ვერ ეყოლება. პესიმისტურად რომ ვაზროვნებდე, ვიტყოდი, რომ ყველაფერი, რაც მუნდიალის მერე მოხდა, ბალაკის დემონთაჟს ჰგავდა და ჰგავს. რა აზრი აქვს ბალაკის კაპიტნობას, თუ ლიოვი ხაზგასმით არ ამბობს, რომ მიხაელი სჭირდება? ფეხბურთელი ან გჭირდება, ან არ გჭირდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბალაკი აღარასოდეს იქნება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც 27-28 წლის ასაკში იყო - მარტივი მიზეზის გამო, დღეს ის უკვე 33 წლისაა.

- მიხაელს შეეძლო, ყველაფერი მარტივად დაემთავრებინა, თუკი სანაკრებო კარიერას დაასრულებდა. დაგვეთანხმებით, მას არავინ გაკიცხავდა, რადგან მომდევნო დიდი ტურნირი უკვე 35 წლის ასაკში მოუწევს...
- ბალაკს რაღაც-რაღაცები გამოეპარა, ეს ფაქტია. მე რომ მის ადგილზე ვიყო, კონცენტრაციას მთლიანად კლუბისკენ მივმართავდი. ლიოვს არ უთქვამს, მიხაელი ასი პროცენტით მჭირდებაო, მან თქვა, ბალაკი მჭირდება, ოღონდ მაშინ, თუ საუკეთესო ფორმაში იქნებაო. აი, სწორედ ამ "თუშია" საქმე.

- და თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს ბალაკის ზრდილობიანი დემონტაჟის სუნი ასდის?
- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ასეთ სიტუაციაში მწვრთნელები სხვანაირად იქცევიან ხოლმე. მიმაჩნია, რომ მიხაელმა გულახდილი მოპყრობა დაიმსახურა და არა ის თამაშები, რაც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა კევინ პრინს ბოატენგმა ბალაკს ტრავმა მიაღებინა. მიხაელ ბალაკმა გერმანულ ფეხბურთს ძალიან ბევრი გაუკეთა და ვფიქრობ, არაგულახდილ მოპყრობას არ იმსახურებს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა ახალი თაობა ძველის მოშორებას ცდილობს ხოლმე? ტორსტენ ფრინგსიც ხომ ძველი თაობის წარმომადგენელია...
- ასეც რომ იყოს, ამაში გასაოცარი არაფერია. ზოგადად, ყოველთვის და ყველგან ასე ხდება ხოლმე – ამიტომაცაა თაობათა ცვლის პროცესი მტკივნეული. მიხაელ ბალაკი უკვე 33 წლისაა, გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მის გარეშეც ძალიან კარგად იასპარეზა და უცებ ბალაკი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მიხაელის ძალიან კარგად მესმის. ასეთ დროს ყველაფრის დავიწყება, მიშვება, გაჩუმება და დანებება ძალიან ძნელია.

- "ბაიერნზეც" ვთქვათ: რეკორდმაისტერს არიენ რობენი ისე დაუშავდა, რომ ჰოლანდიელი იანვრამდე ვერ ითამაშებს, რაც გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია. ბევრისთვის გასაკვირად, ბავარიელებმა არავინ იყიდეს. რას ფიქრობთ, როგორ სეზონს ჩაატარებს "ბაიერნი"?
- მე მაინც ვფიქრობ, რომ მიუნხენელები კარგ სეზონს ჩაატარებენ, რადგან ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. ჰოლანდიელ ფეხბურთელებს ჯერ კიდევ სტკივათ მუნდიალის წაგებული ფინალი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხიც ყველას ახსოვს და ამავდროულად, გერმანიის ნაკრების მოთამაშეებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მუნდიალზე შემთხვევით არ გაიბრწყინეს. შესაძლოა, სეზონის პირველი ნახევარი "ბაიერნისთვის" არ იყოს ბრწყინვალე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეორე წრიდან რეკორდმაისტერის ძრავა ისევ მაღალ ბრუნებზე ამუშავდება.

- რაიმე საშიშროებებს თუ ხედავთ?
- ხანდახან მეშინია, რომ გასულ სეზონში მიღწეული წარმატებების გამო ფეხბურთელებმა თავი დანაყრებულად არ იგრძნონ, მაგრამ არა მგონია, რომ ასე მოხდეს, რადგან "ბაიერნს" ლუის ვან გაალის სახით ბრწყინვალე სპეციალისტი წვრთნის.
- "შალკემ" სატრანსფერო პერიოდი ძალიან კარგად გამოიყენა და არერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი შეიძინა. უშველის ეს ფელიქს მაგათის გუნდს?
- სიმართლე გითხრათ, "შალკეზე" სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან მიმაჩნია, რომ წარმატებას ვერ იყიდი. მაგათმა გუნდიდან გაუშვა ლიდერები, რაფინია და ვესტერმანი, რაც ძალიან გამიკვირდა. საინტერესოა, რამდენად სწრაფად და კარგად მოხდება ახალი ფეხბურთელების ინტეგრირება. შესაძლოა, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული