ვან გაალი: ჩემ შემდეგ იონკერი დანიშნეთ!

AutoSharing Option
"ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ახალდაწყებული სეზონის ბოლომდე, ანუ, 2011 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ჯერ არავინ იცის გააფორმებს თუ არა 59 წლის ჰოლანდიელი ახალ ხელშეკრულებას. ფაქტი ისაა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები არიან და ალბათ ახალ კონტრაქტსაც მალე შესთავაზებენ, მაგრამ თვითონ სპეციალისტს ჯერ არაფერი გადაუწყვეტია და არ იცის, დარჩება თუ არა მიუნხენში. სამაგიეროდ, მან იცის, ვინ უნდა დანიშნოს "ბაიერნმა" მთავარ მწვრთნელად იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალი რეკორდმაისტერიდან წასვლას გადაწყვეტს.

"თუ ახალ კონტრაქტს გავაფორმებ, ყველაფერი
ისე დარჩება, როგორც არის, მაგრამ თუ ეს არ გავაკეთე, "ბაიერნის" შეფებს ვურჩევ, მთავარ მწვრთნელად ჩემი ასისტენტი ანდრის იონკერი დანიშნონ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, "ბაიერნში" ჩემს ფილოსოფიას იდეალურად გააგრძელებს. გერმანიის ნაკრებში იურგენ კლინსმანის ასისტენტის, იოახიმ ლიოვის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ ხომ გაამართლა? იონკერიც გაამართლებს," - განუცხადა ვან გაალმა "შპორტ ბილდს".

მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, იოახიმ ლიოვის მერე გერმანიის ნაკრები სწორედ ვან გაალს ჩააბარონ. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა იოგის კონტრაქტი 2012 წლამდე გაუგრძელა და ბუნდესგუნდს ახალი მწვრთნელი მინიმუმ ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით არ ეყოლება, მაგრამ ვან გაალი ღიად აცხადებს, რომ 2012 წელს მზად იქნება, ბუნდესმწვრთნელი გახდეს.

"გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა თქვა, რომ ურჩევნია, ნაკრები გერმანელ მწვრთნელს ჩააბაროს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ ყოველთვის არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც გერმანელები არ არიან და არსებულ კანდიდატებს აჯობებენ," - ამბობს ლუისი.

"ბაიერნში" გატარებულ ერთ წელს ვან გაალი დადებითად აფასებს: "ვფიქრობ, მე ყველაზე იაფი სპეციალისტი ვარ იმ სპეციალისტებს შორის, რომლებიც "ბაიერნს" ადრე წვრთნიდნენ. ყველგან ასე ვიყავი. სადაც მიმუშავია, ყველგან მილიონებს იხდიდნენ, ფული კი ჩემთვის მთავარი არსად ყოფილა. მაგალითად, რაც ამსტერდამის "აიაქსმა" ჩემთვის საკმაოდ დაბალი ხელფასის დანიშვნით დაზოგა, ჰოლანდიურ გრანდს იმ ფულით ახალი სტადიონის აშენება შეეძლო. "ბარსელონაში" დღეს აღლუმი ჩავის და ინიესტას მიჰყავთ – ეს ფეხბურთელები მე აღმოვაჩინე და გავზარდე. "ალკმაარმა" კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრით 15 მილიონი იშოვა."


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული