საიდან ამდენი ფული, ჰერ მაგათ?!

AutoSharing Option
მოსალოდნელიც იყო, რომ "შალკე" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ძალიან იაქტიურებდა, რადგან გელზენკირხენული კლუბის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი წინა სეზონის დასრულებიდან აგვისტოს ბოლომდე გაიძახოდა, არსებული კონტიგენტით ნამდვილად ვერ გავფრინდებით, ჩვენ კი სწორედ გაფრენა გვინდაო. მაგრამ მაინც არავინ ელოდა იმას, რომ "შალკე" ამდენ ფეხბურთელს დაიმატებდა. სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს "ხუმარებმა" რბილად რომ ვთქვათ, თავი გაიგიჟეს და სამი ახალი მოთამაშე დაიმატეს, აქედან ორი მაღალი დონის ვარსკვლავია: კლაას იან ჰუნტელაარი და ხოსე მანუელ ხურადო.

ვერ ვიტყვით, რომ "შალკემ" წარმოუდგენლად ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ ლევან ყენიას
გუნდის მხარჯველუნარიანობა მაინც გასაკვირია, რადგან გასული სეზონის დასრულების შემდეგ, "შალკეს" ვალი 250 მილიონ ევროს შეადგენდა. ჯერ კიდევ სეზონის წინ მაგათი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონისს დაუპირისპირდა - ფელიქსს სურდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისთვის ტრანსფერებისთვის 30 მილიონი ევრო გამოეყო. ტიონისი კი მხოლოდ იმაზე იყო თანახმა, რომ მაგათისთვის 10 მილიონი მიეცა და ფელიქსს უთხრა, დანარჩენი ფეხბურთელების გაყიდვით უნდა იშოვოო. ფელიქსი და კლემენსი საბოლოოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ მაგათმა კლუბისგან 25 მილიონი მიიღო.

უპირველესი მიზეზი, რის გამოც "შალკემ" თავს ამდენი ფულის ხარჯვის უფლება მისცა, ის არის, რომ კლუბმა გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგაში კი კლუბები ისედაც დიდ ფულს შოულობენ და თუ წარმატებებსაც მიაღწიეს, შემოსავლები კიდევ უფრო მეტად ეზრდებათ ხოლმე. მაგალითად, მიუნხენის "ბაიერნმა", წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ გავიდა, უეფასგან საერთო ჯამში 45 მილიონი ევრო მიიღო. მაგათი ფულს იმიტომაც ითხოვდა, რომ რომ "შალკეს" ჩემპიონთა ლიგაში თავის დამკვიდრების შანსი ჰქონდეს. ფელიქსი ამბობდა, ინვესტიციების გარეშე შანსი არ გვაქვს, რომ პროგრესი განვიცადოთო. თანაც, "ხუმარებმა" ძალიან ცუდად, ორი წაგებით დაიწყეს და ფელიქსი მიხვდა, რომ სასწრაფოდ გადამწყვეტი ზომების მიღება იყო საჭირო.

"შალკეს" სატრანსფერო ბალანსი საბოლოოდ ასე გამოიყურება: მაგათმა ფეხბურთელების გაყიდვით (ვესტერმანი, რაფინია და ა.შ.) 17.1 მილიონი ევრო მიიღო, ახალ ფეხბურთელებში კი 34.6 მილიონი დახარჯა. ეს კი მინუს 17.5 მილიონია. თუ ამას ხელფასებისა და ჯიბის ფულების ჯამს მივუმატებთ, 25 მილიონამდე ავალთ. გამოდის, რომ მაგათმა ზუსტად იმდენი ფული დახარჯა, რამდენიც სეზონის ტიონისისგან მიიღო.

ფაქტია ისიც, რომ თავდასხმაში ჰუნტელაარ-რაულის დუეტითა და მათ უკან გასამწესებელი ხურადოთი, მაგათი უბრალოდ ვალდებულია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლიოს და მინიმუმ მერვედფინალში გავიდეს...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული