ექსპერტის ანალიზი: ამ "ბაიერნს" ამ "დორტმუნდთან" შანსი არ აქვს!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეორე წრე ისე გემრიელად დაიწყო, თქვენი მოწონებული! "ბაიერნის" წაგებამ (1:3 მიონხენგლადბახში) ცხრილის სათავეში ვითარება უკიდურესად დაძაბა: რეკორდმაისტერს, დორტმუნდის "ბორუსიას" და "შალკეს" თანაბარი ქულები აქვთ (37), "გლადბახი" კი მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

მოკლედ, დღევანდელი მდგომარეობით, გერმანიის ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძვის. აღსანიშნავია, რომ 18 ტურის შემდეგ ბუნდესლიგას სამი ლიდერი აქამდე არასდროს ჰყოლია! პირველი წრის შემდეგ ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ "ვერცხლის სინისთვის" ბრძოლა "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის გაიმართებოდა, მაგრამ ამ ტურმა ბევრი რამ შეცვალა და საფეხბურთო გერმანიაში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ
ჩემპიონობისთვის ბრძოლა, რეალურად, "გლადბახსაც" შეუძლია. ცხადია, არც უაღრესად სტაბილური "შალკე" უნდა დაგვავიწყდეს.

ლეგენდარულმა გერმანელმა მწვრთნელმა, 77 წლის უდო ლატეკმა გაზეთ "ბილდში" გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაანალიზა და ოთხივე კანდიდატის შანსებზე ისაუბრა.

საინტერესო ის არის, რომ ლატეკი ოთხივე კლუბს წვრთნიდა: მიუნხენის "ბაიერნს" ჯერ 1970-დან 1975 წლამდე ავარჯიშებდა, მერე კი 1983-დან 1987 წლამდე და რეკორდმაისტერთან ერთად 6-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1975-დან 1979 წლამდე ლატეკი "გლადბახის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მიონხენგლადბახურ კლუბს "ვერცხლის სინი" ორჯერ მოაგებინა. დორტმუნდში 1979-დან 1981 წლამდე და 2000 წელს მუშაობდა, "შალკეში" კი 1992/93 წლების სეზონში.

ვფიქრობთ, რომ მისი მოსაზრებები "ლელოს" მკითხველებისთვის საინტერესო იქნება.

პირველი ფავორიტი: ბორუსია (დ)
"დორტმუნდელები ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ. თუკი პირველი წრის შემდეგ კიდევ მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატები იყვნენ, "ჰამბურგთან" 5:1-მა ამაში საბოლოოდ დამარწმუნა.

იურგენ კლოპის გუნდში ყველა პოზიცია იდეალურადაა დაკომპლექტებული და რაც მთავარია, მწვრთნელი ყველაფერს აკონტროლებს.

BVB-სთვის უდიდესი პლუსია ისიც, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში აღარ თამაშობს და შესაბამისად, შეუძლია, რომ მხოლოდ ბუნდესლიგაზე იყოს კონცენტრირებული - გერმანიის თასი "დორტმუნდს" ხელს ვერ შეუშლის. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი პლუსი მაინც ის არის, რომ "დორტმუნდს" ჰყავს ისეთი ბრწყინვალე ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლევანდოვსკი, კაგავა, გიოტცე, გროსკროიტცი და სხვები. ისინი ფეხბურთის თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებენ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მიუხედავად შარშანდელი ჩემპიონობისა, ეს ბიჭები მაინც დამშეულები არიან!

ერთი სიტყვით, დღევანდელი გადასახედიდან, ჩემთვის მთავარი ფავორიტი სწორედ "დორტმუნდია"!

ლატეკის პროგნოზი: ჩემპიონობის შანსი 40%

მეორე ფავორიტი: ბაიერნი
"მიუნხენური გრანდი მისთვის დამახასიათებელ სიტუაციაშია. უკვე მერამდენედ ხდება ისე, რომ ბავარიელები ზამთრის მოსამზადებელი შეკრებიდან შესანიშნავი განწყობით დაბრუნდნენ და ამბობდნენ, ყველაფერი იდეალურადაა, წინააღმდეგობას ვერავინ გაგვიწევსო, ახლა კი მეორე წრის პირველივე თამაში წააგეს და განგაშის ზარებსაც შემოჰკრეს.

ცხადია, "ბაიერნის" წაგება "გლადბახთან" მოსალოდნელი იყო და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი მატჩის წაგება კატასტროფა არ არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რეკორდმაისტერმა "ბორუსია-პარკზე" ძალიან დუნე, ცუდი ფეხბურთი ითამაშა. სწორედ ეს არის პრობლემა, თორემ უიღბლო მარცხის შემთხვევაში საკითხს ასე არ დავაყენებდი.

ახლა, საკმარისია, "ბაიერნი" "ვოლფსბურგთანაც" დამარცხდეს, რაც ნამდვილად რეალურია, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები ძალიან გაბრაზდებიან და ესეც ლოგიკური იქნება, რადგან კიდევ ერთი წაგება და "ბაიერნისთვის" მთელ სეზონს სერიოზული საფრთხე შეექმნება.

დაცვის ხაზი იმდენად არასტაბილურია, რომ გამორიცხული არაფერია! "ვერცხლის სინი" მიუნხენში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ბავარიელები ყველა
შეხვედრაში მაქსიმუმს გაიღებენ და თავს არ დაზოგავენ. "ვოლფსბურგთან" მატჩის შედეგი ბევრ კითხვას უპასუხებს."

ლატეკის პროგნოზი: ჩემპიონობის შანსი 25%

მესამე ფავორიტი: ბორუსია (მ)
"როისი, ჰანკე, ჰერმანი - უნდა ვაღიარო, რომ ეს ბიჭები, მათი სტილის გამო ძალიან მიყვარს! "გლადბახის" კონტრშეტევები გენიალურია და უმეტესად გოლებით მთავრდება. თუმცა ლუსიენ ფავრის გუნდის საჩემპიონო შანსები მაინც არაა დიდი.

თუკი პირველი წრის მერე ამ გუნდს სერიოზულად მაინც ცოტა უყურებდა, "ბაიერნთან" გამარჯვების შემდეგ "გლადბახის" წინააღმდეგ ყველა მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშებს.

თანაც, მიონხენგლადბახელთა მთავარი კოზირი კონტრშეტევებია და დარწმუნებული ვარ, რომ ფავრის ბიჭები აუცილებლად დაკარგავენ ქულებს ისეთ გუნდებთან, რომლებიც დაცვით ფეხბურთს თამაშობენ. გარდა ამისა, მართალია, "გლადბახს" ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული, მაგრამ ამ გუნდის დაცვის ხაზი მაინც არ მომწონს. სამაგიეროდ, მეკარე ჰყავთ შესანიშნავი - სადაც ვამბობთ, რომ სეზონის აღმოჩენა მარკო როისია, იქ არც მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უნდა დავივიწყოთ ხოლმე".

ლატეკის პროგნოზი: ჩემპიონობის შანსი 20%

მეოთხე ფავორიტი: შალკე
"შალკე" კარგ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, რაშიც "შტუტგარტთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ გელზენკირხენელებმა ნახევარსაუკუნიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა იზეიმონ? სხვების არ ვიცი, მე კი ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს "შალკეს" მაქსიმუმია და რომ ამ გუნდს მეტის მომატება არ შეუძლია.

ახლა ჰუუბ სტევენსს ბენედიქტ ჰიოვედესის სახით დაცვის ბურჯი დაუშავდა და თუ კაპიტანი დიდხანს ვერ ითამაშებს, გელზენკირხენელები პირველობისთვის ბრძოლას მალე ჩამოშორდებიან - მიუხედავად იმისა, რომ რაულისა და ჰუნტელაარის სახით ბრწყინვალე თავდამსხმელები ჰყავთ. "შალკეს" მიზანი პირველ რიგში საერთაშორისო არენა, საუკეთესო შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაა.

სამაგიეროდ, ეს გუნდი ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტი მომავალ სეზონში იქნება. თუ რაულს ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო დრაქსლერი კი პროგრესს განაგრძობს, გაისად "შალკესგან" ჩემპიონობა მართლა მოსალოდნელი იქნება."

ლატეკის პროგნოზი: ჩემპიონობის შანსი 15%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული