საუკეთესო დაცვით კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიონხენგლადბახის "ბორუსია" გამოირჩევა - სწორედ ის "გლადბახი", რომლის საჯარიმოში შარშან "სულ ორპირი ქარი იყო" და რომელიც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას სულ ბოლოს, ძლივსღა გადაურჩა. ის ფაქტი, რომ დღეს ბუნდესლიგაში ყველაზე ცოტა გოლი სწორედ
გასულ პარასკევს მიონხენგლადბახელებმა "ბაიერნი" რომ დაამარცხეს, ეს დიდი მოვლენა იყო, მაგრამ ბრწყინვალე გამარჯვება კვირის ორ თამაშში გასულმა გვიანმა გოლებმა კიდევ უფრო დაამშვენა: როცა ჰამბურგელმა პაულო გერერომ დორტმუნდის "ბორუსიას" 86-ე წუთზე პრესტიჟის გოლი შეუგდო, "გლადბახი" გახდა გუნდი, რომელსაც ბუნდესლიგაში საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს; და როცა "მალაგას" ფეხბურთელმა ხოსე რონდონმა "ბარსელონას" გაუტანა (85-ე წუთზე), მიონხენგლადბახელები ამ მხრივ სულაც ევროპის ტოპ-ქვეყნების ჩემპიონატებს შორის მასშტაბით გალიდერდნენ!
დღეისათვის, "გლადბახს" ზუსტად იმდენი გოლი აქვს გაშვებული, რამდენიც "ბარსას" და იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "იუვენტუსს" (12), სხვებს კი ჯობნის - ინგლისის ჩემპიონატის ლიდერ "მანჩესტერ სიტის" უკვე 18 გოლი გაუტანეს, საფრანგეთის გრანდ პსჟ-საც 18, ჰოლანდიურ "ალკმაარს" კი - 16.
ერთი წლის წინ, 2011 წლის 23 იანვარს "გლადბახს" ამ მხრივ სამარცხვინო შედეგი ჰქონდა - 50 გაშვებული გოლი და ბუნდესლიგაში აუტსაიდერი იყო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს.
პარასკევს, "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა "გლადბახთან" 1:3-ის შემდეგ თქვა, ისინი თავს 10 კაცით იცავენ და, რა გასაკვირია, რომ გოლების გატანა ძალიან გაგვიჭირდაო. სინამდვილეში, "გლადბახი" "თავზეხელაღებულ კატენაჩოს" ნამდვილად არ თამაშობს და როცა საჭიროა, მშვენივრად უტევს ხოლმე, რაც ამ სეზონში რამდენიმე მატჩში გამოჩნდა, როცა ფავრის ბიჭებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. ზოგადად კი ფაქტია, რომ შვეიცარიელმა სპეციალისტმა უკანა ხაზის სტაბილურობაზე გააკეთა აქცენტი და შედეგიც მიიღო. "გლადბახის" სტრატეგია უმეტესად კონტრშეტევებია, რადგან ლუსიენს მარკო როისისა და პატრიკ ჰერმანის სახით ძალიან სწრაფი და მოაზროვნე შემტევი ნახევარმცველები ჰყავს.
"როგორც წესი, "ბაიერნი" ნებისმიერ გუნდს უპოვნის ხოლმე დაცვაში ხვრელებს, ჩვენთან კი ეს ვერ მოახერხეს," - ამბობს ფავრი და კითხვაზე, არის თუ არა თავად "გლადბახი" გრანდი, ასე პასუხობს: "დაცვაში მართლაც ტოპ-გუნდივით ვთამაშობთ."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"