"ვერდერი" და "ლევერკუზენი" ჯერჯერობით არ გვანან ისეთ გუნდებს, რომლებიც ზე-ოთხეულს კონკურენციას გაუწევენ, მაგრამ ამაზე ჩივილი აშკარად უადგილოა, რადგან გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: გერმანიის ჩემპიონობისთვის წელს ოთხთაბრძოლას კი არა, სამთაბრძოლასაც კი არ ველოდით...
დღეს არ ვაპირებთ იმის გარჩევას, ვის როგორი შანსი აქვს ან ვინ რა თქვა ამა თუ იმ გუნდის შანსებზე - ამჯერად თქვენი ყურადღება ისეთ ფეხბურთელებზე გვინდა გავამახვილოთ, რომლებიც ერთი შეხედვით არსად ჩანან,
ეს ფეხბურთელები ყურადღების ცენტრში იშვიათად იმყოფებიან, მაგრამ თავთავიანთ გუნდებში საკმაოდ წონადი ფიგურები არიან, ან შანსი აქვთ, რომ მალე გახდნენ. გერმანიის ჩემპიონობისთვის მებრძოლ ოთხ კლუბში თითო-თითო საიდუმლო გმირი აღმოვაჩინეთ.
ჟერომ ბოატენგი, ბაიერნი
იყოს მრავალმხრივი და შეეძლოს ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე თამაში - ამაზე უამრავი ფეხბურთელი ოცნებობს. ხოლო ვისაც ეს შეუძლია, საკმაოდ დიდი ნაწილი ამით უბედურია. ჟერომ ბოატენგი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც ჟერომი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ მისთვის საყვარელ პოზიციაზე ათამაშონ.
სწორედ ამ მიზეზით გაიქცა "ჰამბურგიდან" "მანჩესტერ სიტიში", სადაც რობერტო მანჩინი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამწესებას ჰპირდებოდა, მაგრამ დანაპირები მხოლოდ პირველი სამი კვირის განმავლობაში შეასრულა. ზაფხულში ბოატენგი უკვე "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა დააიმედეს - მართალია, არ უთქვამთ, დაცვის ცენტრში თამაში განაღდებული გაქვსო, მაგრამ აგრძნობინეს, რომ მის სურვილს გაითვალისწინებდნენ. ახლა კი ირკვევა, რომ რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ჟერომთან დაკავშირებით თურმე სხვა გეგმები აქვს.
თუ არ ჩავთვლით სეზონის დასაწყისს, როცა "დონ იუპი" 23 წლის ბოატენგს სწორედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ათამაშებდა, ჟერომს უმეტესად დაცვის მარჯვენა ფლანგზე უწევს ასპარეზობა. თუმცა ახლა გაუმართლა: დანიელ ვან ბუიტენმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და ორი თვე ვერ ითამაშებს, რაც ბოატენგისთვის ბრწყინვალე შანსია, თავის საყვარელ პოზიციაზე დაბრუნდეს და იქ უკვე სამუდამოდ დაიმკვიდროს ადგილი. თანაც, "ბაიერნს" ამ პერიოდში 9 მატჩი უწევს - მათ შორის, გერმანიის თასის შეხვედრა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი. პირველი ასეთი შანსი ბოატენგს ამ უქმეებზე, "ვოლფსბურგთან" ჰქონდა, რომელიც მან იდეალურად გამოიყენა.
"დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. ამ სეზონში ცენტრალური მცველის პოზიციაზე არაერთი მატჩი ჩავატარე და ვფიქრობ, ცუდად არ გამოვიყურებოდი," - ჟერომი თავდაჯერებულია, მაგრამ ცდება - დასამტკიცებელი დიახაც აქვს და თანაც, ბევრი. "ბაიერნს" რომ თავი დავანებოთ, წინ ევროპის ჩემპიონატია და ჟერომს კონტინენტის პირველობაზე გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშის ამბიციაც აქვს და სხვათა შორის, ბუნდესგუნდშიც მის თანმდევ პრობლემას აწყდება: ბოატენგის ადგილს იოახიმ ლიოვიც დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხედავს, რადგან ცენტრალური მცველები არ აკლია, მარჯვნივ კი, ჰაინკესისა არ იყოს, არც მას ულხინს.
იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, ბორუსია (დ)
მეორე წრის პირველივე მატჩში გამოჩნდა, რამდენად მონდომებულია გერმანიის მოქმედი ჩემპიონის პოლონელი გარემარბი და როგორ უნდა, რომ ისიც დორტმუნდის "ბორუსიას" წამყვანი ფეხბურთელის რანგში მოიხსენიონ ხოლმე. დორტმუნდელებმა "ჰამბურგი" 5:1 რომ გაანადგურეს, იმ მატჩში "კუბამ" მატს ჰუმელსს თერთმეტმეტრიანის დარტყმა არ დაანება, ბურთი ლამის ძალით წაართვა და თვითონ გაიტანა.
სხვათა შორის, სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისში ბლაჩიკოვსკისაც ისევე გაუმართლა, როგორც ჟერომ ბოატენგს - დორტმუნდელებს მარიო გიოტცე დაუშავდათ და ლაზარეთში კიდევ რამდენიმე კვირას გაატარებს. გიოტცეს ტრავმა ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, "დორტმუნდის" კრიზისს მოასწავებდა, მაგრამ კუბამ დაამტკიცა, რომ მარიოს შეცვლა შეუძლია.
ისე, ბლაშჩიკოვსკი მარიოს პირდაპირი შემცვლელი არც არის - გიოტცე შედარებით ნელი, მაგრამ გაცილებით ტექნიკური და "მოაზროვნე" ნახევარმცველია, პოლონელის მთავარი იარაღი კი მისი სისწრაფე და ნახევარმცველისთვის ასე საჭირო ზომიერი აგრესიულობაა. ამ კუთხით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კუბამ "დორტმუნდის" თამაშს სულაც ახალი ხიბლი შემატა, დაუმატა ის, რაც გუნდს აკლდა.
თავად განსაჯეთ: ბლაშჩიკოვსკიმ "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრის პირველ 20 წუთში ზუსტად 20 სპურტი განახორციელა! მატჩის შემდეგ "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი ამბობდა, დღეს, პირველ 20 წუთში ვნახე პრესინგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება და ეს პირველ რიგში "კუბას" დამსახურებააო. ფაქტია ისიც, რომ ბლაშჩიკოვსკი მშვენივრად უგებს თანამემამულე ლუკაშ პიჟჩეკს, რომელიც მარჯვენა მცველია. პიჟჩეკი და "კუბა" "ბორუსიას" მარჯვენა ფლანგზე ფანტასტიკურად კომბინირებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ წრეში ბლაშჩიკოვსკიმ შეუცვლელად მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა და სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ სამი საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ახლა კი, მეორე წრის ორივე მატჩში მის ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე პასია!
"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მოსამზადებელი შეკრება უაღრესად ნაყოფიერი იყო და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრა. მიხარია, რომ მწვრთნელი მენდობა," - ამბობს პოლონელი, რომელმაც, თამამად ვიტყვით, დორტმუნდის პუბლიკას უკვე გადაატანინა გიოტცეს ტრავმით გამოწვეული შიშები.
ჯოელ მატიპი, შალკე
ისევე, როგორც ბოატენგი, ჯოელ მატიპიც ტაქტიკურად მოქნილი ფეხბურთელია, რომელსაც არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ "შალკეს" მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი კამერუნელს "ვერტიკალურად" ამოძრავებს: ჯერმეინ ჯონსის (დისკვალიფიკაცია) და ლუის ჰოლტბის (ტრავმა) გამოკლების შემდეგ, გელზენკირხენული კლუბის ჰოლანდიელმა თავკაცმა მატიპი დაცვის ცენტრიდან საყრდევარდაცვის ცენტრში ასწია და იქ საყრდენის პოზიციაზე, მარკო ჰიოგერის მხარდამხარ ათამაშებს.
მატიპს საყრდენის პოზიციაზე რალფ რანგნიკისა და ფელიქს მაგათის დროსაც უთამაშია, მაგრამ ნახევარმცველის რანგში ასეთი პროდუქტიული არასდროს ყოფილა. მეორე წრის ორივე მატჩი ძალიან კარგად ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ "შალკეში" წამყვან ფიგურად ყალიბდება. იანვრის დასაწყისში კი გერმანიაში იმასაც ამბობდნენ, მატიპის გადაბირება ინგლისურ და იტალიურ კლუბებს სურთო. "შალკეს" ამ ჭორ-მართალზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა: გელზენკირხენელებმა მას ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, რომელსაც ვადა 2016 წლამდე აქვს.
"ფელტინს არენას" პუბლიკას ჯოელი განსაკუთრებით უყვარს, რადგან 9 წლის ასაკიდან გელზენკირხენში თამაშობს - "შალკეს" ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და ბოლოს პროფესიონალებში მოხვდა. და ხომ იცით, გელზენკირხენელი ფანები ნაღდი შალკელების სიმრავლით განებივრებულები ნამვილად არ არიან.
მოკლედ, ჯონსისა და ჰოლტბის არყოფნით გამოწვეული სიცარიელე "შალკეს" ხინჯად ჯერ არ დასტყობია და ეს სწორედ მატიპის დამსახურებაა.
პირიქით, მატიპი სტანდარტული მდგომარეობების დროს ძალიან სახიფათოა (თავით კარგად თამაშობს) და მეტოქის კართანაც მეტ ხიფათს ქმნის.
ხუან არანგო, ბორუსია (მ)
ტერ შტეგენი, დანტე, ნოიშტედტერი, როისი - ეს მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ხერხემალია, რომლის გარშემო პატრიკ ჰერმანი და ხუან არანგო დარბიან ხოლმე. გერმანული მედიის ყურადღების ცენტრში ჰერმანი უფრო ხშირად ექცევა, რაც გასაგებიცაა - ის ხომ გერმანელია - მაგრამ ფაქტია, რომ სტრატეგიულად, "გლადბახისთვის" არანგო გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა.
როისი და ჰერმანი დასარტყმელ პოზიციებზე უმეტესად სწორედ არანგის გაჰყავს, მარცხენა ფლანგიდან მთავარი სტრატეგი და შეტევების ამწყობია და თანაც, კუთხურებსა თუ ჯარიმებსაც ის ასრულებს.
მიუხედავად ამისა, ხუანი ყურადღების ცენტრში მაინც ძალიან იშვიათად ექცევა, რადგან უმეტესად პასს აკეთებს და თვითონ იშვიათად ჩნდება დასარტყმელ პოზიციაში. ფაქტია ისიც, რომ ვენესუელელბმა ლუსიენ ფავრის ხელში უდიდესი პროგრესი განიცადა - შვეიცარიელმა მას დაცვისთვის მიხმარება ასწავლა და ამით არანგოს უკანასკნელი ნაკლი აღმოფხვრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"