გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის გამოხმაურება

AutoSharing Option
დაცვის ხაზში აშკარა, დასაჯერებელ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ამ ბოლო დროს კრეატივშიც უჭირს - არიენ რობენი და კომპანია აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, ამ ასპექტშიც მოიკოჭლებენ. გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის გამოხმაურება.

შედეგი კი უკვე სახეზეა: დორტმუნდის "ბორუსიამ" მეორე წრის სამ ტურში არა მარტო გალიდერება (თანაც, ერთპიროვნულად), არამედ ფავორიტის სტატუსის მოპოვებაც მოახერხა.

სად გაქრა ბაიერნის თავდაჯერება?
"ჩვენ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ - ეს გამოთქმა ბუნდესლიგაში ძალიან პოპულარულია და თითქმის ყოველი მეორე ამას ამბობს. მე ასე ვიტყოდი: ჩვენ ყველა თამაშს უნდა
ვიგებდეთ და მხოლოდ გერმანიის ჩემპიონობა გვინდა!" - "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი "ჰამბურგთან" 1:1-ის შემდეგ ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ჩანდა. უნდოდა, ამ განცხადებით ეჩვენებინა, რომ რეკორდმაისტერში ყველა ძველებურად თავდაჯერებულია, მაგრამ პირიქით გამოუვიდა - ნერვები ხომ მაშინ ეშლებათ ხოლმე, როცა თავდაჯერებას კარგავენ.

"ბაიერნელების" თავდაჯერებისთვის პრობლემატური ის არის, რომ მინიმუმ ამ უქმეების შემდეგ, რეკორდმაისტერი ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატი აღარ არის, რაც, სავსებით შესაძლებელია, იმის ბრალიც იყოს, რომ თავად მიულერი მარჯვენა ფლანგზე აღარ თამაშობს და ტონი კროოსმა გამთამაშებლის პოზიციიდან საყრდენი ნახევარმცველის ადგილზე გადაინაცვლა.
"დორტმუნდის" თავკაც იურგენ კლოპს კი, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა ის, რომ "ბაიერნმა", "შალკემ" და "გლადბახმა" წაიფორხილეს.

კლოპის ჩინური
თუ გერმანული გესმის, კლოპის ინტერვიუების ყურება და მოსმენა ერთ რამედ ღირს. წინა კვირას დორტმუნდელთა დამრიგებელმა განაცხადა, ჩემპიონობის შესახებ კითხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუპასუხებ, თუ ჩინურად დამისვამთო. ერთმა ჟურნალისტმა ეს დაუმახსოვრა და "ნიურნბერგთან" გამარჯვების შემდეგ, რასაც "ბორუსიას" გალიდერება მოჰყვა, კლოპს ის კითხვა ჩინურად გაუმეორა, მანამდე კი ერთი კვირის წინანდელი განცხადებაც შეახსენა - ოღონდ, გერმანულად. "კითხვის გერმანული ნაწილი ვერ გავიგე!" - ასეთი იყო "კლოპოს" პასუხი...

მოქმედი ჩემპიონი მწვრთნელი კითხვებს აი, ასეთი ხუმრობებით იგერიებს, მაგრამ რად გვინდა მისი პასუხი - ისედაც ცხადია, რომ იურგენი ზედიზედ მეორე ჩემპიონობაზე ოცნებობს. და ეს ოცნება უკვე ძალიან რეალურია! თავად განსაჯეთ: "ნიურნბერგთან" 2:0-ის შემდეგ "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში უკვე 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კლოპის გუნდი წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობას ჯერჯერობით უმტკივნეულოდ უმკლავდება.

სეზონის დასაწყისში დორტმუნდელთა ტოპ-თავდამსხმელი ლუკას ბარიოსი იყო დაშავებული, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ იდეალურად შეცვალა და მეტიც: პოლონელი BVB-ს ახალ ტოპ-გოლეადორად ჩამოყალიბდა. პირველი წრის მიწურულს "ბორუსიას" დაცვის ბურჯი ნევენ სუბოტიჩი და ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველი სვენ ბენდერი დაუშავდნენ და გუნდი ამ პრობლემებსაც გაუმკლავდა. ახლა კი, "დორტმუნდის" "მთავარი მარგალიტი" მარიო გიოტცეა ლაზარეთში და ტრავმირებულთა სიას ამ უქმეებზე ბენდერიც (უკვე მეორედ) შეემატა. კლოპის გუნდი კი მაინც იგებს!

არიენ რობენი, ლუქს პრობლემა?
მიუნხენში სიამოვნებით იხსენებენ სეზონის დასაწყისს და იმ პერიოდს, როცა "ბაიერნი" ბუნდესლიგაში დომინირებდა. ეს "ოქროს ხანა" 19 ნოემბრამდე გაგრძელდა - იმ დღემდე, სანამ მიუნხენში დორტმუნდელები არ ჩავიდნენ და რეკორდმაისტერი "ალიანს არენაზე" 1:0 არ დაამარცხეს. მას მერე ბავარიული კლუბის საქმეები ნელ-ნელა უკან-უკან წავიდა და მიუნხენში დღემდე აქტუალურია კითხვა: ეს ბასტიან შვაინშტაიგერის ტრავმის ბრალი იყო, თუ არიენ რობენის დაბრუნების?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, ფაქტი კი ერთია: იმ რვა შეხვედრიდან, რომლებშიც რობენმა თავიდანვე ითამაშა, ბავარიელებმა მხოლოდ ოთხი მოიგეს! თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დორტმუნდელებს ახლა გიოტცე ჰყავთ დაშავებული, "ბაიერნისთვის" ალიბად არც შვაინშტაიგერის ტრავმა გამოდგება - მით უმეტეს, რომ ბასტიანი მეორე წრეში ჯანმრთელია. გასულ უქმეებზე, ჰამბურგში, რობენი მიუნხენელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო კი იყო, მაგრამ ექსპერტები იხსენებენ, ჰოლანდიელის გარეშე გუნდი კოლექტიურად უტევდა და წარმატებებსაც აღწევდა, არიენი კი ინდივიდუალისტად რჩებაო.

თანაც, რობენის დაბრუნების შემდეგ მიულერი ფლეიმეიქერის პოზიციაზე დაბრუნდა, კროოსმა კი საყრდენის ადგილზე გადაინაცვლა.

შედეგი: გაუარესდა როგორც მიულერის, ისე კროოსის მარგი ქმედების კოეფიციენტები. ფაქტია, რობენი იუპ ჰაინკესისთვის ლუქს-პრობლემად იქცა. "გლადბახის" თავკაც ლუსიენ ფავრს კი ასეთი პრობლემები არ აწუხებს.

როისის სანტიმეტრები
მარკო როისს "ვოლფსბურგთან" მატჩის 69-ე წუთზე შეეძლო გაეტანა გოლი, რომელიც მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უაღრესად მნიშვნელოვან სამ ქულას მოუტანდა, მაგრამ მიმდინარე სეზონის აღმოჩენამ, რომელიც "მგლების" მეკარე დიეგო ბენალიოსთან ერთი-ერთზე დარჩა, კარს რვა მეტრიდან ააცილა. მატჩის შემდეგ როისმა ყველას მოუბოდიშა, მათ შორის თანაგუნდელ მაიკ ჰანკესაც, რომელიც იმ მომენტში უკეთეს პოზიციაში იყო და პასის შემთხვევაში ნაღდად გაიტანდა.

თუმცა, ვოლფსბურგში ორი ქულის დაკარგვამ "გლადბახზე" ცუდად არ უნდა იმოქმედოს, რადგან ფელიქს მაგათის გუნდი აღარ არის ისეთი არასტაბილური, როგორიც პირველ წრეში იყო. დარწმუნებულები ვართ, "მგლები" სეზონის ბოლომდე კიდევ მოუმატებენ და ცხრილში არაერთი საფეხურით დაწინაურდებიან. ასე რომ, "გლადბახს" "შალკესგან" განსხვავებით, რეალურად, ფეხი არ დასცდენია.

ტურის დაბრუნება: შალკე ექს-დორტმუნდელმა ზიდანმა გაამწარა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოწინავე ოთხეულიდან, ლოგიკურად, ყველაზე მარტივი მატჩი "შალკეს" ჰქონდა: გელზენკირხენელები "მაინცს" მასპინძლობდნენ. 1:1 კი მართლა ცუდი შედეგია, თუმცა შალკელები თამაშით უნდა იყვნენ კმაყოფილები - გაშვებული გოლის შემდეგ ჰუუბ სტევენსის გუნდმა მაგრად მოუმატა, ანგარიშიც გაათანაბრა და გამარჯვების გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ვითომ დამთხვევაა ის, რომ "შალკეს" გოლი ყოფილმა დორტმუნდელმა მოჰამედ ზიდანმა გაუტანა? ეს უკანასკნელი "მაინცში" სწორედ BVB-დან დაბრუნდა (ტრანსფერი იმ კვირაში განხორციელდა) და პირველივე თამაშში სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი შეაგდო. თანაც, ამით ყოფილი თანაგუნდელები გაახარა.

განგაში ბერლინში: სკიბე აგებს და აგებს!
როცა ბერლინის "ჰერტას" მწვრთნელობას თანხმდებოდა, მიხაელ სკიბე ამაზე უარეს დასაწყისს უკიდურესად კოშმარულ სიზმარშიც ვერ ნახავდა: ლევან კობიაშვილის გუნდმა სკიბეს ხელში მესამე თამაშიც წააგო და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "ჰერტას" ბუნდესლიგის მეორე წრე ასე ცუდად მანამდე არასდროს დაუწყია!

უპრიანია, შეგახსენოთ, რომ ბერლინელებმა პირველი წრე მარკუს ბაბელის ხელში საკმაოდ კარგად ჩაატარეს და ეს მწვრთნელი შეფებმა მათთან დაპირისპირების გამო მოხსნეს (ბაბელმა კონტრაქტის ნაადრევად გაგრძელება არ ისურვა).

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, წინა კვირას სკიბემ და "ჰერტას" კაპიტანმა კრისტიან ლელმა გასახდელში მაგრად იჩხუბესო. ჰო, "ჰანოვერთან" ბერლინელთა კაპიტანი უკვე კობიაშვილი იყო! კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ხვალ "ჰერტას" გერმანიის თასზე მორიგი ურთულესი თამაში ელის - "გლადბახთან"! და ამ შეხვედრას სკიბესთვის მორიგი წაგების სუნი ასდის.


მე-20 ტურის სიმბოლური ნაკრები (3-4-3, კიკერი)
იაროსლავ დრობნი (ჰამბურგი, III) - სებასტიან ლანგკამპი (აუგსბურგი, I), ნიკოლჩე ნოვესკი (მაინცი, I), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე, II) - იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (ბორუსია /დ/, III), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი, III), სებასტიან კელი (ბორუსია /დ/, II), მანუელ ხურადო (შალკე, I) - მოჰამედ ზიდანი (მაინცი, I), კლაუდიო პისარო (ვერდერი, V), პაოლო გერერო (ჰამბურგი, II).

ის, რაც მოჰამედ ზიდანმა დორტმუნდის "ბორუსიაში" ორი წლის მანძილზე ვერ შეძლო, "მაინცში" დაბრუნების შემდეგ პირველივე ტურში მოახერხა: ეგვიპტელი თავდამსხმელი "შალკესთან" კარგი თამაშისა და გატანილი გოლის გამო "კიკერმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. სასიამოვნო სიურპრიზია ისიც, რომ სიმბოლურში "მაინცისა" და "აუგსბურგის" მცველები (!) გამოჩნდნენ.

ტურის გმირი
კლაუდიო პისარო (ვერდერი, II)

პერუელმა თავდამსხმელმა "ფრაიბურგს" დუბლი რომ შეუსრულა, ეს მისთვის ამ სეზონში რიგით მე-14 და მე-15 გოლები იყო, რითაც პისარომ ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობა 157-მდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვერდერის" ფორვარდი ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო არაგერმანელი თავდამსხმელია.

გერმანელების ჩათვლით საუკეთესოებს შორის კი პერუელი ლეგენდარულ ფრიც ვალტერთან ერთად მე-12 ადგილზეა. ერთ შეხვედრაში ერთზე მეტი გოლი პისარომ უკვე 28-ედ გაიტანა და ლეგიონერებს შორის ამ კვოტითაც საუკეთესოა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე ჯოვანი ელბერია (27). ორი ან მეტი გოლი კი პისარომ მე-17 მატჩში გაიტანა და ამ მხრივ მხოლოდ რუდი ფიოლერს (22) ჩამორჩება. კონკრეტულად "ფრაიბურგის" კარი მაქვს უკვე 10-ჯერ აქვს დალაშქრული, "ვერდერის" ბოლო 25 გოლიდან კი, 20-ში უშუალო მონაწილეობა მიიღო...

საუკეთესო ფეხბურთელები
20 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
2. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.36
3. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.58
4. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.60
5. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.61
6. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.62
7. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.65
8. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.74
9. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.74
10. როელ ბრუვერსი ბორუსია (მ) 2.75


გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 19 16 8 24
2. კლაუდიო პისარო ვერდერი 18 15 7 22
3. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 20 14 7 21
4. მარიო გომესი ბაიერნი 19 17 3 20
5. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 18 15 5 20
6. მარკო როისი ბორუსია (მ) 18 12 6 18
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 19 8 9 17
8. რაული შალკე 19 10 5 15
9. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 17 11 2 13
10. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 18 6 7 13

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული