ჯერდან შაჩირი ზაფხულიდან ბაიერნელი გახდება

AutoSharing Option
მაშ ასე: როგორც მოსალოდნელი იყო, 20 წლის შვეიცარიელი ტალანტის, ჯერდან შაჩირის "ბაზელიდან" "ბაიერნში" ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია. ახალგაზრდა ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდში მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გადაბარგდება.

შაჩირი მიუნხენში გუშინწინ, ძმა ერდინთან და მრჩეველ არბერ საკირისთან ერთად იმყოფებოდა - "ზებენერშტრასეზე" კონტრაქტის ბოლო დეტალები შეათანხმა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხელშეკრულებაც გააფორმა. შაჩირის მიუნხენში სტუმრობა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ეს ამბავი მაინც შეიტყვეს და უნიჭიერესი შვეიცარიელი ნახევარმცველი "ბაიერნის" ოფისთან პირადად ნახეს.

"ბაიერნის" მთავარ ექიმ ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტთან სამედიცინო შემოწმების წარმატებულად გავლისა და რეკორდმაისტერის
ხელმძღვანელებთან ბოლო დეტალების შეთანხმების შედეგი ასეთია: შაჩირიმ "ბაიერნთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა და ხელშეკრულება ძალაში 1 ივლისიდან შევა.

მიუნხენური კლუბის ბოსები "ბაზელსაც" ყველაფერზე შეუთანხმდნენ. ვინაიდან შაჩირის შვეიცარიულ გრანდთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებდა, გერმანელები ჯერდანის ყოფილ კლუბს კომპენსაციას გადაუხდიან.

"ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნს" ეს ფეხბურთელი 9 მილიონი ევრო უჯდება. თუ შაჩირი რეკორდმაისტერთან ერთად გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს, "ბაზელი" "ბაიერნისგან" დამატებით ბონუსებსაც მიიღებს. საერთო ჯამში, შვეიცარიელებს მიუნხენელებისგან მაქსიმუმ 12 მილიონის მიღების შანსი აქვთ.

"ვფიქრობ, რომ ამ ტრანსფერით სამივე მხარე იხეირებს. "ბაზელი" ჯერდანის დიდხანს შენარჩუნებას ვეღარ მოახერხებდა და კმაყოფილი უნდა იყოს იმ თანხით, რასაც "ბაიერნისგან" მიიღებს.

თავად ფეხბურთელი უდიდეს ნაბიჯს დგამს წინ და დარწმუნებული ვარ, ბედნიერია, რეკორდმაისტერში რომ გადადის. მიუნხენელები კი ძალიან ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოთამაშეს მიიღებენ. ბავარიელთა პრეზიდენტ ული ჰიონესს შაჩირის შეძენა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვურჩიე." - ეს სიტყვები "ბაიერნის" ყოფილ, ლეგენდარულ დამრიგებელს, ამჟამად შვეიცარიის ეროვნული ნაკრების თავკაც ოტმარ ჰიტცფელდს ეკუთვნის.

ჯერდან შაჩირი "ბაიერნში" ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის ალტერნატივა იქნება. 1.69 მეტრი სიმაღლის მქონე ფეხბურთელს საჭიროების შემთხვევაში, მარჯვენა, ან მარცხენა მცველის ფუნქციების შესრულებაც შეუძლია. საინტერესოა ისიც, რომ ჯერ 22 თებერვალს, მერე კი 13 მარტს შაჩირის თავისი მომავალი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში - "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სწორედ "ბაზელს" ხვდება.

უსამი: მორჩა, მივდივარ!
სამაგიეროდ, მიუნხენურ კლუბს ზაფხულში ახალგაზრდა იაპონელი ფეხბურთელი, ტაკაში უსამი გამოეთხოვება. 19 წლის ფეხბურთელი "ბაიერნში" განათხოვრების წესით ირიცხება და რაკი მიუნხენელთა დამრიგებელ იუპ ჰაინკესს თავი ვერაფრით მოაწონა, ბავარიელები მას არ საბოლოოდ არ გამოისყიდიან. მიუნხენელებს არენდის გახანგრძლივება კი უნდათ და უსამის კლუბ "გამბა ოსაკასთან" ამის თაობაზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ, მაგრამ "ბაიერნში" დარჩენა თავად ფეხბურთელს აღარ უდნა.

"გულახდილად რომ გითხრათ, მიუნხენში დარჩენა არ მინდა, რადგან სატადარიგოთა სკამის ხეხვა ძალიან მომბეზრდა. "ბაიერნი" დიდი გუნდია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემთვის ასეთ სუპერგრანდში თამაში ჯერ ადრეა. მირჩევნია, გაცილებით მოკრძალებულ კლუბში გადავიდე და იქ სათამაშო პრაქტიკა არ მომაკლდეს, ვიდრე "ბაიერნის" ფეხბურთელი მერქვას და მოედანზე წელიწადში სამჯერ გავდიოდე," - უთხრა უსამიმ ჩვენს გერმანელ კოლეგებს და იქვე დასძინა, რომ ახალ კლუბს ევროპაში მოძებნის.

ბეკენბაუერი: ლუსიენ ფავრი ბაიერნში წარმომიდგენია!
ამასობაში, "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი აქო და ადიდა. "კაიზერი" ძალიან შორს წავიდა და ისიც კი თქვა, ჩემი აზრით, ამ სპეციალისტს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობაც კარგად გამოუვაო.

"ვფიქრობ, ფავრი "ბაიერნშიც" წარმატებული სპეციალისტი იქნებოდა. ლუსიენის შესაძლებლობებს დიდად ვაფასებ და ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ თვით "ბაიერნის" გაწვრთნაც შეუძლია, - განაცხადა ბეკენბაუერმა "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძინა, - სანაძლეოს ჩამოვალ, რომ თავად ლუსიენიც ოცნებობს "ბაიერნის" დარი სუპერგრანდის გაწვრთნაზე.

ცხადია, მასაც უნდა ისეთ კლუბში მუშაობა, სადაც ფეხბურთელების შენარჩუნებაზე არ მოუწევს მათხოვრობა და საშუალება ექნება, მთლიანად თავის საქმეზე იყოს კონცენტრირებული. გერმანიაში ასეთი გუნდები ძალიან ცოტაა, "ბაიერნი" კი ამ თვალსაზრისით ნომერ პირველი მისამართია."

ლუსიენ ფავრს "გლადბახთან" კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში უმთავრდება. სწორედ ასეთი კონტრაქტი აქვს "ბაიერნში" იუპ ჰაინკესსაც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული