გერმანიის თასი. 1/4 ფინალის მიმოხილვა: ბერლინისკენ მიმავალი გზა ეკლიანია!

AutoSharing Option
ისე როგორ იქნებოდა, რომ გერმანიის თასის ნახევარფინალში მეორებუნდესლიგელი არ გასულიყო - როგორც წინათქმაში ვივარაუდეთ, "ფიურტმა" შეძლო და საკმაოდ დიდი სენსაცია მოახდინა.

მეოთხედფინალურ მატჩებს სხვაც ბევრი მოჰყვა საინტერესო: "ჰოფენჰაიმის" შეფებმა "ფიურტთან" წაგების შემდეგ მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი დაიფრინეს, "გლადბახმა" "ჰერტას" საეჭვო პენალტით მოუგო, ხოლო "ბაიერნს" კი "შტუტგარტის" დამარცხება ძვირად დაუჯდა - მძიმედ დაშავდა ბასტიან შვაინშტაიგერი...

ჰოლშტაინ კილი-ბორუსია (დ) 0:4
ჰოლშტაინ კილი (4-2-3-1): იენსენი - ჰერმანი, ბერცელი, იურგენსენი, პოგენბერგი - კაციორი, ს. მიულერი - ჩაჰედი (81. ზახსი), სიკორა, ლინდნერი (85. ვეტერი) - ჰაიდერი (83.
ვულფი).
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ლანგერაკი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ლაიტნერი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (69. გროსკროიტცი), კაგავა (82. გიუნდოგანი), პერიშიჩი - ლევანდოვსკი (69. ბარიოსი).
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (11), 0:2 კაგავა (18), 0:3 ბარიოსი (80), 0:4 პერიშიჩი (87)
მაყურებელი: 11 522

ეს მატჩი სამშაბათს გაიმართა: როგორც მოსალოდნელი იყოს, გერმანიის ჩემპიონს მეოთხელიგელი "ჰოლშტაინ კილის" დამარცხება არ გაუჭირდა. ერთი ეგაა, რომ დორტმუნდელები ძალიან უკმაყოფილოები დარჩნენ მოედნის საფარის გამო. "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი საფინალო სასტვენის შემდეგ ცოფებს ყრიდა - ასეთ მოედანზე თამაში დანაშაულია და მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაგვიშავდაო...

ჰოფენჰაიმი-ფიურტი 0:1
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ბრააფჰაიდი - შტრობლი (83. სალიჰოვიჩი), ვილიამსი - მლაპა (64. ბაბელი), რობერტო ფირმინიო, ჯონსონი (79. გიაუ) - ლაკიჩი.
ფიურტი (4-2-2-2): გრიუნი - შრიოკი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, ცილნერი (55. პეკოვიჩი) - სარარერი, პრიბი - ოკეანი (89. კარასლავოვი), ნიოთე (42. ასამოა).
გოლი: 0:1 ოკეანი (44)
გაძევება: კომპერი (36. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: ლაკიჩი - ცილნერი, შმიდტგალი, ოკეანი, ასამოა
მაყურებელი: 14 000

"ფიურტთან" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის წინ "ჰოფეს" მილიარდერმა მფლობელმა დიტმარ ჰოპმა თქვა, სტანისლავსკის ხელში გუნდს ვერანაირ წინსვლას ვერ ვამჩნევ და სხვათა შორის, არც მწვრთნელის კონცეფცია ჩანსო. ეს არ იყო უბრალო დამთხვევა და აი, თასიდან გავარდნის შემდეგ, ჰოპმა "სტანის" გაგდება ბრძანა - ეს გერმანიაში ამ სეზონის რიგით მეხუთე გათავისუფლებაა.

42 წლის ჰოლგერი, რომელმაც "ჰოფენჰაიმი" ზაფხულში ჩაიბარა (მანამდე "ზანკტ პაულის" წვრთნიდა), უმუშევარი დარჩა. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს: ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ჰოპი "ჰოფენჰაიმს" დეკემბერში "ჰერტადან" სკანდალურად წასულ მარკუს ბაბელს ჩააბარებს. "ბილდის" ცნობით, შაბათს, "ვერდერთან" კალენდარულ შეხვედრაში "ჰოფეს" თავკაცი სწორედ 39 წლის ბაბელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ "ჰოფეს" ფანები სტანისლავსკის ბოლომდე მხარს უჭერდნენ - მიუხედავად იმისა, რომ გუნდი "ფიურტთან" აგებდა, ქომაგები მაინც მწვრთნელის გვარს სკანდირებდნენ. "ჰოფენჰაიმს" სერიოზული პრობლემა შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ დაცვის ბურჯი კომპერი 36-ე წუთზე გააძევეს და "სოფლელები" თითქმის ერთი საათი კაცნაკლულები იყვნენ. გამარჯვების გოლი კი, კანადელმა ოლივიე ოკეანმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა. მეორე ნახევარში "ფიურტმა" ათკაციანი "ჰოფენჰაიმის" იერიშებს იოლად გაუძლო და ნახევარფინალშია!

ჰერტა-ბორუსია (მ) 0:0 (დ.დ. 0:2)
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - მორალესი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი (80. რონი) - ოტლი (106. რამოსი), ნიმაიერი - ებერტი, ლუსტენბერგერი (60. ბასტიანსი), რაფაელი - ლასოგა.
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (70. დე კამარგო), არანგო - როისი (116. მარქსი) - ჰანკე (121. ვენდტი).
გოლები: 0:1 დემსი (101-პენ), 0:2 ვენდტი (122)
გაძევება: ჰუბნიკი (100. ჰერტა)
გაფრთხილება: ებერტი - დანტე, დე კამარგო
მაყურებელი: 47 465

ლუსიენ ფავრმა "ჰერტაზე" შური იძია, "გლადბახიც" ნახევარფინალშია - მეტწილად მსახიობობის გამო. შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითში კი მიონხენგლადბახელებმა ბერლნელებს ორი გოლი გაუტანეს. აქედან, გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, პირველი გოლი იყო, რომელიც 101-ე წუთზე, პენალტით გავიდა - პენალტით, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო! მსაჯი ფელიქს ბრიხი იოლად წამოეგო იგორ დე კამარგოს სიმულაციაზე და ამან მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

დეტალურად: დე კამარგომ ორთაბრძოლის დროს ბერლინელთა მცველ ჰუბნიკს ხელი ჰკრა, ეს უკანასკნელი კი გაბრაზებული ეკვეთა "გლადბახის" ფორვარდს. ჰუბნიკი დე კამარგოს ოდნავ შეეხო ცხვირით შუბლზე, მიონხენგლადბახელი კი ისე წაიქცა, თითქოს მუშტი უთავაზესო... ბრიხი ამაზე წამოეგო: ჰუბიკი გააგდო და "ჰერტას" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც დემსმა გაიტანა.

"დაუჯერებელია! მთელ გერმანიაში, მარტო ბრიხმა დაინახა იმ მომენტში წესების დარღვევა! მის ადგილზე ნებისმიერი, უკიდურესად დილეტანტი მსაჯიც კი არ დანიშნავდა თერთმეტმეტრიანს," - განრისხებული იყო მატჩის შემდეგ "ჰერტას" თავკაცი მიხაელ სკიბე.
122-ე წუთზე ვენდტის გოლმა შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ გერმანიის თასის ფინალი ბერლინში ისევ ბერლინელების გარეშე ჩაივლის. სკიბემ კი, "ჰერტას" თავკაცის რანგში მეოთხე თამაშიც წააგო...

შტუტგარტი-ბაიერნი 0:2
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - კვისტი, გენტნერი (83. ჰოლცჰაუზერი) - ოკაზაკი (57. ჰარნიკი), შიბერი (70. ჰაინალი) - იბიშევიჩი, კაკაუ.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი (17. ალაბა) - თ. მიულერი, კროოსი (89. ტიმოშჩუკი), რიბერი (83. ოლიჩი) - გომესი.
გოლები: 0:1 რიბერი (30), 0:2 გომესი (46)
გაფრთხილება: იბიშევიჩი, შიბერი - ბოატენგი, რიბერი
მაყურებელი: 57 500

ახალი წლის ცუდად დაწყების შემდეგ, მიუნხენელები ნელ-ნელა აზრზე მოდიან. "ბაიერნმა" შტუტგარტში საკმაოდ იოლად მოიგო და თასის ნახევარფინალშია. თუმცა ეს გამარჯვება რეკორდმაისტერს ძვირად დაუჯდა: ნიდერმაიერთან ორთაბრძოლისას შვაინშტაიგერი დაშავდა და უკვე მე-17 წუთზე შესაცვლელი გახდა. მისი მოედნიდან გაყვანის შემდეგ, რამდენიმე წუთში გუნდის ექიმი პეტერ უებკლაკერი გასახდელიდან გამოვიდა და "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რასაც "დონ იუპის" მხრიდან ხელების თავში წაშენა მოჰყვა...

დიაგნოზი მიუნხენური კლუბისთვის მართლაც ძალიან მტკივნეულია: შვაინი "ბაიერნს" ისევ რამდენიმე კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება! გამოჯანმრთელების პერიოდის ზუსტი დრო არ დაკონკრეტებულა, ის კი ფაქტია, რომ 27 წლის ბასტიანი 2 ან 3 კვირაში ვერ გამოჯანმრთელდება. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვაინშტაიგერი რეკორდმაისტერს "ბაზელთან" მატჩებში აუცილებლად დააკლდება და ვერც "შალკესთან" (26 თებერვალს) ითამაშებს. შესაძლოა, მას გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდების ამხანაგური ჯახიც (29 თებერვალს) გაუცდეს.

აღსანიშნავია, რომ ჰაინკესმა არიენ რობენი 90 წუთი სკამზე დატოვა, რითაც ბავარიელთა ჰოლანდიელი დრიბლიორი ძალიან უკმაყოფილო დარჩა. სამაგიეროდ, "დონ იუპმა" თომას მიულერი ისევ მარჯნივ ათამაშა, ტონი კროოსი კი ცენტრში, გამთამაშებლად - როგორც ადრე, სანამ რობენი ტრავმირებული იყო - და "ბაიერნმა" კარგად შეუტია! შედეგიც სახეზეა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული