გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის წინ: შეინარჩუნებს "დორტმუნდი" ლიდერობას?

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონობისთვის გაჩაღებული, უკიდურესად დაძაბული ბრძოლა მორიგ რაუნდში შედის: მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ ვიცე-ჩემპიონ „ლევერკუზენს“ ხვდება და გამარჯვებით ლიდერობის შენარჩუნება სურს, „ბაიერნს“ კი „კაიზერსლაუტერნის“ სახით საკმაოდ იოლი მეტოქე ჰყავს.

„დორტმუნდისა“ და რეკორდმაისტერის უმთავრესი კონკურენტები, „გლადბახი“ და „შალკე“ ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას. გადარჩენისთვის ბრძოლაში ერთი საკმაოდ საინტერესო მატჩია: „აუგსბურგი“ კონკურენტ „ნიურნბერგთან“ მეორე წრის პირველი გამარჯვებისკენ ისწრაფვის.

ლევერკუზენი: ბარსელონამდე დორტმუნდია
„დორტმუნდისა“ და „ლევერკუზენის“ დაპირისპირება ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩია. „ბორუსიამ“ გერმანიის თასის მეოთხედფინალში მოყვარულთა გუნდს „ჰოლშტაინ კილის“ ბარიერი იოლად (4:0) დაძლია, ახლა კი, იურგენ
კლოპის გუნდის ბუნდესლიგაში ლიდერობის შენარჩუნება უნდა და „ლევერკუზენის“ დამარცხებასაც შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონს 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, „ლევერკუზენი“ კი, მორიგი მარცხის შემთხვევაში, შესაძლოა, საუკეთესო ექვსეულიდანაც გამოვიდეს და ამით ევროზონასაც ჩამოშორდეს.

ამავდროულად, „ბაიერის“ ფეხბურთელები უკვე „ბარსელონასთან“ მატჩზეც ფიქრობენ - მართალია, „ლევერკუზენს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კატალონიური გიგანტის დამარცხების შანსი ფაქტობრივად არ აქვს, მაგრამ ხომ იცით, ოცნებას კაცი არ მოუკლავს და ეს, შესაძლოა, დორტმუნდელთა შანსი იყოს.

ბაიერნი: საშინაო დავალება კაიზერსლაუტერნთან
მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნს“ ბასტიან შვაინშტაიგერი ისევ დაუშავდა და ეს უკანასკნელი არა მარტო ამ ტურში, არამედ კიდევ მინიმუმ სამი კვირა ვერ ითამაშებს, რეკორდმაისტერს საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნის“ დამარცხება მაინც არ უნდა გაუჭირდეს. თუ გაუჭირდა, მაშინ იუპ ჰაინკესის გუნდის საქმე მართლა შავად ყოფილა! მაგრამ ამ შეხვედრაში სენსაცია ალბათ არ მოხდება...

ფაქტია, რომ „ბაიერნმა“ გერმანიის თასზე გაცილებით ძლიერი „შტუტგარტის“ ბარიერი საკმაოდ მარტივად გადალახა (2:0) და აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ პირველ წრეში მიუნხენელებმა კაიზერსლაუტერნში უმარტივესად, 3:0 მოიგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეკორდმაისტერს 1.FCK-სთან საკუთარ კედლებში 1997 წლის შემდეგ არ წაუგია და გეხსომებათ, მაშინ „კაიზერსლაუტერნი“ სულ სხვა, დღევანდელზე მინიმუმ ათჯერ ძლიერი გუნდი იყო.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: „ბაიერნის“ თავდამსხმელ მარიო გომესს 17 გოლი აქვს გატანილი - ეს იმ დროს, როცა კაიზერსლაუტერნელთა ანგარიშზე სულ 15 გოლია. დაბოლოს: მარკო კურცის გუნდს ათმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და გადარჩენისთვის ბრძოლაშია ჩართული.

ჰანოვერი მეორე წრეში გოლს არ უშვებს
„მაინცმა“ წინა ტურში „შალკესთან“ სენსაციურ ფრეს (1:1) მიაღწია და ცხრილში მე-13 ადგილამდე აბობღდა. საუკეთესო ექვსეულთან ძალიან მიახლოვებულ „ჰანოვერთან“ თომას ტუხელის ბიჭებს მორიგი წარმატების მიღწევა და გასავარდნი ზონისგან კიდევ უფრო მეტად მოშორება სურთ. თუმცა, ბოლო დროს „ჰანოვერი“ კარგად გამოიყურება (ზედიზედ ორი მოგება ნიურნბერგთან და ბერლინში), რის გამოც ცხადია, რომ „მაინცს“ მირკო სლომკას გუნდის დამარცხება გაუჭირდება.

ამასთან, ჰანოვერელთა მეკარე რონ-რობერტ ცილერი ერთადერთი კიპერია მეორე წრეში, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია.

ბაბელის დებიუტი ბრემენში
საუკეთესო ექვსეულისა და შესაბამისად, ევროზონის ბინადარი „ვერდერი“ მეორე წრეში დაუმარცხებელია, მაგრამ არც მოგება აქვს - ბრემენელებმა სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ახლა კი, „მუსიკოსების“ მეტოქე „ჰოფენჰაიმია“, რომელიც თასიდან კი გავარდა, მაგრამ ახალი მწვრთნელი ჰყავს - მარკუს ბაბელის დებიუტი დღეს, „ვეზერშტადიონზე“ შედგება. „ვერდერს“ კი მთავარი დამრტყმელი ძალა, კლაუდიო პისარო (15 გოლი მიმდინარე სეზონში) დისკვალიფიკაციის გამო აკლია. აღსანიშნავია, რომ დანაკლისი „სოფლელებსაც“ სერიოზული აქვთ: რაიან ბაბელი და სეიად სალიჰოვიჩიც დისკვალიფიცირებულები არიან.

სკიბე მეხუთესაც წააგებს?
სწორედ მარკუს ბაბელის წასვლის შემდეგ წავიდა „ჰერტას“ საქმეები უკან. ბერლინელებმა ახალი მწვრთნელის, მიხაელ სკიბეს ხელმძღვანელობით ოთხი მატჩი ჩაატარეს (სამი ბუნდესლიგაში, ერთი თასზე) და ოთხივეში დამარცხდნენ! დღეს ლევან კობიაშვილის გუნდი გერმანიის თასიდან გავარდნილ „შტუტგარტს“ სტუმრობს და ფაქტია, რომ ამ თამაშის მოგება ორივე გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მართალია, შვაბებმა წინა ტურში ლევერკუზენში ფრეს მიაღწიეს, მაგრამ მათაც დიდი ხანია, არ მოუგიათ - ბრუნო ლაბადიას გუნდმა ბუნდესლიგაში ბოლო გამარჯვება 20 ნოემბერს (2:1 აუგსბურგთან) იზეიმა.

ტურის მთავარი მოვლენა: გლადბახი-შალკე
ტურის ცენტრალური შეხვედრა კი დღეს მოგვიანებით, მიონხენგლადბახში გაიმართება, სადაც თასის ნახევარფინალში გასული და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სენსაციურად ჩართული „გლადბახი“ უშუალო კონკრენტსა და „დორტმუნდ-ბაიერნის“ კიდევ ერთ მდევარს, „შალკეს“ დაუხვდება.

წინა ტურში ორივე გუნდმა ქულები დაკარგა, მაგრამ თუკი მიონხენგლადბახელთა ფრე (0:0 ვოლფსბურგში) კატასტროფად არავინ აღიქვა, „შალკეს“ (1:1 მაინცთან) ფანებმა უსტვინეს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ლევან ყენია ტრავმირებული ფეხბურთელების სიაში აღარ წერია და „კიკერი“ გამოჯანმრთელებულ ქართველ ფლეიმეიქერს არც იმ მოთამაშეების სიაში მოიხსენიებს, რომლებიც მწვრთნელებს განაცხადში არ შეჰყავთ ხოლმე.

ვერ დავიჩემებთ, რომ ლევანი დღეს განაცხადში იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გამორიცხული არ არის.

ხვალინდელი დღე მოკრძალებულია
კვირის თამაშებიდან, ამჯერად განსაკუთრებით საინტერესო არცერთია, თუმცა „აუგსბურგისა“ და „ნიურნბერგის“ დუელს ზერელედ ვერ შევხედავთ, რადგან ორივე გადარჩენისთვის იბრძვის. პირველ წრეში ფრანკებმა იმარჯვეს და დღესაც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არ დამარცხდნენ. აუგსბურგელებს კი მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს.

ტურს „კიოლნისა“ და „ჰამბურგის“ დუელი დახურავს. აღსანიშნავია, რომ წინა ტურში ორივემ იხეირა: კიოლნელებმა კაიზერსლაუტერნიდან წაიღეს სამი ქულა, ჰამბურგელებმა კი „ბაიერნთან“ 1:1-ს მიაღწიეს. მართალია, „კიოლნი“ და „ჰამბურგი“ გასავარდნ ზონაში არ იმყოფებიან, მაგრამ არც ისეთ კომფორტულ სიტუაციაში არიან, რომ თავი მშვიდად იგრძნონ. მოკლედ, მოგებული მშვიდად ამოისუნთქავს, წაგებული კი უფრო მეტად ანერვიულდება.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური
გუშინ
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 3:2
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ტრეში, რუსი, ფელიპე, როდრიგესი - ჟოსუე (46. ჰასებე), ირჟაჩეკი - დეჟაგა (73. ოხსი), მ. შეფერი - მანჯუკიჩი, სიო (62. პოლტერი).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, დიანიე, ჰიონი, ლუმბი (78. ფრაისი) - ფლუმი, მაკიადი - შმიდი (62. როზენტალი), დ. კალიჯური - იენდრიშეკი, სანტინი (65. რაიზინგერი).
გოლები: 1:0 ირჟაჩეკი (5), 1:1 ფლუმი (12), 2:1 მ. შეფერი (14), 2:2 დ. კალიჯური (38), 3:2 ირჟაჩეკი (61)
გაფრთხილება: დეჟაგა, როდრიგესი - ფრაისი
მაყურებელი: 24 000

დღეს
ბორუსია (დ)-ლევერკუზენი 18:30
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: კადლეცი (ლევერკუზენი)
ტრავმა: კოხი, ს. ბენდერი, მ. გიოტცე - ადლერი, ბარნეტა, სემი, დერდიოკი

მაინცი-ჰანოვერი 18:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: პოგატეცი (ჰანოვერი)
ტრავმა: ბელი, სვენსონი, რისსე - მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი

ბაიერნი-კაიზერსლაუტერნი 18:30
პირველ წრეში: 3:0
დისკვალიფიკაცია: ბორისიუკი (კაიზერსლაუტერნი)
ტრავმა: კონტენტო, ვან ბუიტენი, შვაინშტაიგერი - ბუგერა, კუემაა

ვერდერი-ჰოფენჰაიმი 18:30
პირველ წრეში: 2:1
დისკვალიფიკაცია: პისარო - სალიჰოვიჩი, ბაბელი
ტრავმა: ნალდო, პრიოდლი, ბოროვსკი, ჰანტი - იბერტსბერგერი, იაისლე

შტუტგარტი-ჰერტა 18:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: დელპიერი, მოლინარო - ნოიმანი
ტრავმა: აუდელი, გებჰარდტი, ტრაორე - ფრანცი, ლელი, ლუსტენბერგერი

ბორუსია (მ)-შალკე 21:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: ჯონსი (შალკე)
ტრავმა: ფერმანი, ბაუმიოჰანი, ჰოლტბი, კლუგე

ხვალ
აუგსბურგი-ნიურნბერგი 18:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელინგჰაუზენი, ბა, მორავეკი, რაფაელი - ნილსონი, პინოლა

კიოლნი-ჰამბურგი 20:30
პირველ წრეში: 4:3
დისკვალიფიკაცია: ბრეჩკო - რინკონი
ტრავმა: ბუხტმანი, პეტიტი, ჩიჰი, პოდოლსკი, უთი - ბრუმა, ტიორე, ბერგი

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 20 13 4 3 45-14 43
2. ბაიერნი 20 13 2 5 47-14 41
3. შალკე 20 13 2 5 46-25 41
4. ბორუსია (მ) 20 12 4 4 31-12 40
5. ვერდერი 20 9 5 6 33-34 32
6. ლევერკუზენი 20 8 7 5 28-27 31
7. ჰანოვერი 20 7 9 4 22-24 30
8. ჰოფენჰაიმი 20 6 6 8 22-24 24
9. კიოლნი 20 7 3 10 29-40 24
10. ვოლფსბურგი 20 7 3 10 24-36 24
11. შტუტგარტი 20 6 5 9 26-28 23
12. ჰამბურგი 20 5 8 7 25-34 23
13. მაინცი 20 5 7 8 28-34 22
14. ნიურნბერგი 20 6 3 11 19-31 21
15. ჰერტა 20 4 8 8 25-31 20
16. კაიზერსლაუტერნი 20 3 9 8 15-24 18
17. აუგსბურგი 20 3 8 9 19-33 17
18. ფრაიბურგი 20 4 5 11 25-44 17

ბომბარდირები
17 - გომესი (ბაიერნი); 16 - ჰუნტელაარი (შალკე), 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 12 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი); 10 - რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული