ბუნდესლიგა. XXI ტურის გამოხმაურება: "გლადბახში" თეთრი ოცნება დაიბადა!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში როლები ისე ხშირად იცვლება, როგორც არასდროს: ჯერ "ბაიერნი" დომინირებდა ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, როცა რეკორდმაისტერი ჩემპიონობას კარგავს, მერე დორტმუნდის "ბორუსია" დაბრუნდა, გალიდერდა და პირველ ადგილს ნერვაუტოკებლად ინარჩუნებს, ახლა კი "გლადბახი" აღაფრთოვანებს ყველას და ამ გუნდმა მთელ საფეხბურთო გერმანიას დააჯერა, რომ "ვერცხლის სინისთვის" ბრძოლა მართლა შეუძლია.

სამაგიეროდ, არაფერი იცვლება ბერლინის "ჰერტას" შემთხვევაში - დედაქალაქში ისევ სამწვრთნელო აურზაურია. ლუკას პოდოლსკიმ კი "კიოლნში" განგაში ატეხა.

ყველაზე კარგ ფეხბურთს ახლა გლადბახი თამაშობს!
ამ სეზონში "ვერცხლის სინი" ვირტუალურად ზედმეტად ბევრჯერ
გაიცა: ჯერ "ბაიერნი" იდგა მოწოდების სიმაღლეზე და იუპ ჰაინკესის გუნდი თავისი შეუდარებელი კომბინაციური ფეხბურთით უძლეველი ჩანდა, მერე "დორტმუნდმა" სწორედ ეს "ბაიერნი" დაამარცხა და ზომიერად აგრესიული, შემტევი ფეხბურთით ესტაფეტა გადაიბარა, ახლა კი, მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ჩემპიონობის კიდევ ერთი არაღიარებული მაძიებელი "შალკე" გაანადგურა და "ვერცხლის სინისთვის" გაჩაღებული ოთხთაბრძოლა სამთაბრძოლად გადააქცია.

მეტიც: "გლადბახმა" "შალკესთან" პირველ ტაიმში (3:0) სეზონის საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა და თამამად უნდა ვთქვათ ისიც, რომ გერმანიის ნაკრებთან მიმართებაში ყველასგან დავიწყებული მაიკ ჰანკე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. კიოლნში ლუკას პოდოლსკიმ ცუდად ილაპარაკა, ბერლინში კი თვით გერმანიის დედაქალაქის მერიც უაღრესად შეწუხებულია იმის გამო, რომ "ჰერტა" გვირაბში ისეთ ადგილზეა გაჩხერილი, საიდანაც სინათლე არ ჩანს.

ჰანკე ევროპის ჩემპიონატს იმსახურებს!
"ბაიერნის" და "დორტმუნდის" ფანებმა უნდა მოგვიტევონ: ამ სეზონში ბუნდესლიგის არცერთ კლუბს არ უთამაშია თუნდაც მიახლოებით ისეთი გრანდიოზული ფეხბურთი, როგორიც შაბათს "გლადბახმა" "შალკესთან" პირველ ტაიმში გვაჩვენა. უკვე მეორე წუთზე მარკო როისმა შალკელები ხურადო და ჰიოვედესი გააბითურა და ბურთი გელზენკირხენული კლუბის კარის შორეულ კუთხეში ელეგანტურად ჩასვა - ეს მსოფლიო დონის შესრულება იყო!

მეორე გოლი კიდევ უფრო ლამაზი გამოვიდა: გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ჰანკემ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ორმაგი გენიალური გათამაშებით დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და სხვაობა ცივსისხლიანად გაზარდა.

ამის შემდეგ უკვე ნელ-ნელა გასაგები ხდება, რატომ უწოდებენ სხვადასხვა ევროპული გაზეთები მიონხენგლადბახურ კლუბს "ბორუსია ბარსელონას". ჰანკე კი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ თუ სეზონის ბოლომდე ასეთი ეფექტურობა შეინარჩუნა, ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ვალდებული იქნება, მაიკი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანოს.

დორტმუნდი კაგავას უნდა უმადლოდეს
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "გლადბახის" წარმატებები ამ სეზონში (მიუხედავად ჰანკეს, არანგოს და ჰერმანის მაღალი დონისა) მეტწილად მაინც მარკო როისის დამსახურებაა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ დორტმუნდის "ბორუსია" მომდევნო სეზონში სუპერ-გრანდიოზულ ფეხბურთს ითამაშებს. ჩვენ შეგვიძლია, დორტმუნდულ კლუბს ყოველდღე მივულოცოთ ის, რომ როისი ზაფხულში BVB-ში გადავა.

"ლევერკუზენთან" 1:0-ის შემდეგ დორტმუნდელებმა ლიდერობა შეინარჩუნეს და ბუნდესლიგაში უკვე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. თუმცა, იურგენ კლოპის გუნდს ამ ტურში არ უფრენია.

"შავ-ყვითლებმა" ეს "მუშა გამარჯვება" ახალგაზრდა იაპონელი ფლეიმეიქერის, შინჯი კაგავს ერთი გენიალური საქციელის გამო მოიპოვეს.

გუშინ გაირკვა, რომ კაგავა "დორტმუნდთან" კონტრაქტს აგრძელებს და შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, როგორ ითამაშებენ ვესტფალიელები მომდევნო სეზონში, როცა 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, შემტევი ნახევარმცველების პოზიციებზე როისი, კაგავა და გიოტცე იმოქმედებენ. "ბაიერნი" მართლა ფრთხილად უნდა იყოს.

რობენს მოტივაცია ემატება
იუპ ჰაინკესი სისტემის დროებით შეცვლაზე საუბრობს, გულახდილად კი, ამ ყველაფერს არიენ რობენის დეგრადაცია (თუნდაც დროებითი) უნდა დავარქვათ. ფაქტი ის არის, რომ ჰოლანდიელის სათადარიგოთა სკამზე გადასმამ შედეგი გამოიღო: რეკორდმაისტერი უკეთ ათამაშდა და იგებს.

ეს ისე, ერთი შეხედვით, თორემ რეალურად, "კაიზერსლაუტერნთან" 2:0 მიუნხენელთა ძალების საზომად არ გამოდგება. რობენთან ერთად, თუ მის გარეშე, "ბაიერნი" ამ თამაშს ნაღდად მოიგებდა. მთავარი ისაა, რომ მიუხედავად სკამზე გადასმისა, ჰოლანდიელს მიუნხენში დარჩენა უნდა, რაც მან მოედანზე თომას მიულერის ნაცვლად შესვლის შემდეგ დაამტკიცა.

მიულერის სირბილის საშუალო სისწრაფე 31.39 კმ/სთ იყო, რითაც ეს უკანასკნელი ამ კრიტერიუმში ბაიერნელთაგან მეორე ადგილზე გავიდა. ვინ აჯობა მიულერს? სწორია: რობენმა (31.61 კმ/სთ)!

სკიბეს დავცინით და პრეეტცი?
ბერლინის ბიურგერმაისტერი, ანუ მერი კლაუს ვოვერაიტი ფეხბურთზე ძალიან იშვიათად ლაპარაკობს ხოლმე. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერლინულ ფეხბურთზე დადებით კონტექსტში სალაპარაკო არაფერია - არც "ჰერტა" და მით უმეტეს არც "უნიონი" ღმერთს არ უქნიათ.

ვოვერაიტს კი, მხოლოდ კარგზე უყვარს ლაპარაკი. თუმცა ამჯერად ისიც იძულებული გახდა, შექმნილი ვითარება შეეფასებინა და "ჰერტას" დღევანდელ მდგომარეობას "კატასტროფული" უწოდა.

შტუტგარტში განცდილმა კრახმა (0:5) მიხაელ სკიბეს ბერლინული ეპოქა დაასრულა, თუმცა ეპოქა გადაჭარბებულზე გადაჭარბებული ნათქვამია - მიხაელმა ლევან კობიაშვილის გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხომ სულ რაღაც თვენახევარი იმუშავა, გუნდს ხუთ შეხვედრაში უმწვრთნელა და ბერლინელებმა ხუთივე წააგეს.

სკიბეს გაგდების შემდეგ, "ჰერტას" მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა თქვა, ვალდებულები ვიყავით, რომ შეცდომა, რომელიც დეკემბრის ბოლოს სკიბეს დანიშვნის სახით დავუშვით, სასწრაფოდ გამოგვესწორებინაო. კლუბის ქომაგები კი ფიქრობენ, რომ თავად პრეეტცია უდიდესი შეცდომა, რადგან სკიბეც მისი მოყვანილი, იყო - ისევე, როგორც მარკუს ბაბელი, რომელიც დეკემბერში ბერლინიდან გაიქცა და ახლა ჰოფენჰაიმელ "სოფლელებს" წვრთნის.

ერთი რამ ფაქტია: საკმარისია, "ჰერტაში" კიდევ ერთმა მწვრთნელმა ვერ გაამართლოს, რომ პრეეტცსაც დაიფრენენ!

პრინცი აჯანყდა
"ჰამბურგთან" საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხი (0:1) კვირას საღამოს ყველა ღირსეული კიოლნელისთვის მეორეხარისხოვანი იყო - იქ დიდიც და პატარაც ლუკას პოდოლსკის კრიტიკულ განცხადებებს განიხილავდა.

"თავის დროზე კრისტოფ დაუმმა თქვა, "კიოლნში" ბევრ რამეს დამპირდნენ და ძალიან ცოტა შეასრულესო. ახლა ვხვდები, რომ დაუმი მართალი იყო," - თქვა პოლდიმ და იქვე განაგრძო: "საკმარისია, გავიხსენოთ, რა პერსპექტივებზე იყო ლაპარაკი მაშინ, როცა "კიოლნში" ვბრუნდებოდი და სად ვართ ახლა სინამდვილეში, არ იარსებებს ადამიანი, რომელიც მეც არ დამეთანხმება!"

ეს წინადადებები ნამდვილად არ მიუთითებს იმაზე, რომ პოდოლსკის კიოლნელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა. ლოგიკურია ისიც, რომ ლუკასის ამ განცხადებებს შეფებისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. მენეჯერმა კლაუს ჰორსტმანმა თქვა, რომ ეს იყო კლუბის წინააღმდეგ გალაშქრება, რაც ლუკასს არაფრისდიდებით არ უნდა ეპატიოს...

21-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.
1. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 3
2. ხალიდ ბულარუზი შტუტგარტი 2
3. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 4
4. დანტე ბორუსია (მ) 5
5. რომან ნოიშტედტერი ბორუსია (მ) 1
6. პეტრ ირჟაჩეკი ვოლფსბურგი 1
7. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 2
8. ხუან არანგო ბორუსია (მ) 3
9. მაიკ ჰანკე ბორუსია (მ) 2
10. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 6
11. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 2

შენიშვნა: ს. მ. რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი
მარტინ ჰარნიკი (შტუტგარტი, I)

როცა მარტინ ჰარნიკს გოლი გააქვს, პუბლიკა მოუთმენლად ელის ხოლმე მის ზეიმს, რადგან 24 წლის ავსტრიელი ყოველთვის საინტერესო ქორეოგრაფიულ წარმოდგენას აწყობს. ამ ბოლო დროს კი, ჩაქუჩის დარტყმის იმიტაციის გაკეთება "დაამუღამა".

შტუტგარტის ავსტრიელმა ნახევარმცველმა "ჰერტასთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა და ჩაქუჩიც სამჯერ მოიქნია. ეს იყო რეაქცია იმაზე, რომ მწვრთნელმა ბრუბო ლაბადიამ ბოლო მატჩებში ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო. მოკლედ, ჰარნიკი დაბრუნდა და "შტუტგარტის" ფანობას აღაფრთოვანებს.

საუკეთესო ფეხბურთელები
21 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.34
2. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
3. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.57
4. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.61
5. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.62
6. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.64
7. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.65
8. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.73
9. როელ ბრუვერსი ბორუსია (მ) 2.73
10. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.75

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 20 16 8 24
2. კლაუდიო პისარო ვერდერი 18 15 7 22
3. მარიო გომესი ბაიერნი 20 18 3 21
4. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 21 14 7 21
5. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 18 15 5 20
6. მარკო როისი ბორუსია (მ) 19 13 6 19
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 20 8 10 18
8. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 21 10 5 15
9. რაული შალკე 20 10 5 15
10. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 19 7 7 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული