კარლ-ჰაინც რუმენიგემ გამოაცხადა: მსაჯები "ბაიერნს" ჩაგრავენ!

AutoSharing Option
ამ სიტყვებს გერმანიაში დიდი დისკუსია მოყვება. მიუნხენის "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბუნდესლიგის მსაჯებს შეუტია - 56 წლის კალე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით გერმანელი არბიტრები რეკორდმაისტერის წინააღმდეგ მოქმედებენ.

"ჩემი აზრით, ბოლო დროს არბიტრები ზედმეტად ხშირად მოქმედებენ ჩვენს წინააღმდეგ. მაგალითად, ჰამბურგში ჰერ კირხერმა წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაგვითვალა.

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მსაჯები საქმეს ასეთი დევიზით უდგებიან: საეჭვო შემთხვევებში "ბაიერნის" წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ," - ამბობს რუმენიგე.

"ჰამბურგისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებაში, რომელიც 1:1 დასრულდა (მე-20 ტური), მართლაც იყო
ძალიან საეჭვო ეპიზოდი, როცა მსაჯმა კნუტ კირხერმა რეკორდმაისტერს გოლი არ ჩაუთვალა. ხსენებულ მომენტში ჰამბურგელთა მცველმა ჰაიკო ვესტერმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მსაჯმა კი მარიო გომესზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. საბოლოოდ, მიუნხენელებმა ის თამაში ვერ მოიგეს, ახლა კი ცხრილში მეორე ადგილზე არიან.

"ახლა მოვიყვან მაგალითს, რომელმაც თვალები ამიხილა. მაშინ აბსოლუტურად ასპროცენტიანი გოლი არ ჩაგვითვალეს, რომელიც მიროსლავ კლოზემ გაიტანა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი ნახევარი მეტრით გადაკვეთა! მსაჯს ვკითხე, ნუთუ ეს ყველაფერი ვერ დაინახე-მეთქი.

მან გულახდილად მიპასუხა, რომ მისი აზრითაც გოლი იყო, მაგრამ მაინც თავი დაიზღვია, რადგან წარმოიდგინა, რა ამბავი ატყდებოდა, რომ ჩაეთვალა და მერე გარკვეულიყო, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია. ეს მართლაც იმას ნიშნავს, რომ არბიტრები წნეხის ქვეშ არიან და საეჭვო სიტუაციების დროს გადაწყვეტილებებს ჩვენს წინააღმდეგ იღებენ," - აგრძელებს რუმენიგე.

ისე, ცნობილია, რომ როცა ბავარიელები მსაჯების კრიტიკას იწყებენ, ამით საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების გადატანა უნდათ ხოლმე მაშინ, როცა სპორტული თვალსაზრისით უჭირთ. "ბაიერნს" კი ახლა მართლაც უჭირს - ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე ყოფნას რომ თავი დავანებოთ, არიენ რობენის შესახებ მიუნხენელთათვის საკმაოდ არასასურველი დისკუსიაა გაჩაღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული