ლევან კობიაშვილის "ჰერტას" ოტო რეჰაგელი უთავკაცებს

AutoSharing Option
ჩვენი გერმანელი კოლეგები ბერლინის "ჰერტას" ბედს არაერთ სპეციალისტს უკავშირებდნენ, ნაღდი კანდიდატის ვინაობა კი მანამდე ვერ გამოიცნეს, სანამ ლევან კობიაშვილის გუნდის მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა მასთან შეთანხმება თვითონვე არ დაადასტურა.

მაგრამ გერმანელ ჟურნალისტებს ვერ დავძრახავთ, რადგან ამის გამოცნობა ურთულესი იყო: დაუჯერებლად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ "ჰერტას" ოტო რეჰაგელი მიხედავს! დიახ, კობიაშვილის გუნდის გადარჩენა 73 წლის "მეფე ოტოს" დაევალა - რეჰაგელს ბერლინში სამთვიანი მისია დაეკისრა: არ დაუშვას "ჰერტას" გავარდნა მეორე ბუნდესლიგაში. ის ფაქტი, რომ რეჰაგელი ბუნდესლიგაში დაბრუნდა, უკვე თავისთავად დიდი მოვლენაა -
რაც არ უნდა იყოს, 12 წელიწადზე მეტია, გერმანიაში არ უმუშავია. ბერლინელებმა ოტო ოფიციალურად გუშინ წარადგინეს.

რეჰაგელმა პრეეტცს თანხმობა შაბათს, ტელეფონით უთხრა და მერე ბერლინში ჩაფრინდა. პრეეტცმა ოტოს აეროპორტში თავად მიაკითხა და "ჰერტას" ოფისში წაიყვანა, სადაც რეჰაგელმა სამთვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა.

"ვიცი, ყველაზე მეტად რაც გაინტერესებთ და სანამ მკითხავთ, თვითონ გიპასუხებთ: 73 წლის ვარ, მაგრამ თავს ჯერ კიდევ ახალგაზრდად ვგრძნობ და ყოველდღიური მუშაობა ნამდვილად შემიძლია.

ვიცი, რას ითხოვენ ბერლინელი ფანები და რა სჭირდება "ჰერტას". ჩვენი კონცენტრაცია მთლიანად პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული, პირველ დღეებში კი ჩემი მიზანი გუნდში სათანადო დისციპლინის დამყარება იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ დისციპლინირებულები როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმაც," - განაცხადა რეჰაგელმა და კითხვაზე, როგორ აპირებს ბერლინელთა გადარჩენას, ასე უპასუხა: "გუნდის გადარჩენა მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლიათ - მე გოლებს ვერ გავიტან! სეზონის ბოლომდე 12 ტურია დარჩენილი და თუ ბიჭები თავთავიანთ "ეგოებს" გვერდით გადადებენ და გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან, "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში არ დაქვეითდება. ბიჭებმა დღე და ღამე მომდევნო მატჩზე უნდა იფიქრონ. წარმატებას მხოლოდ ასეთი მიდგომით მივაღწევთ."

ოტო რეჰაგელის სამწვრთნელო კარიერა ტრიუმფალურია და ახლა მისი მიღწევების ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ. საინტერესო იყო მისი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ "ჩაიგდო თავი ასეთ დღეში 73 წლის ასაკში". რეჰაგელი: "ცხოვრება ხანმოკლეა და სანამ ცოცხალი ვარ, გამოწვევები მჭირდება. "ჰერტა" ჩემთვის მორიგი უდიდესი გამოწვევაა. აქ ადრე ფეხბურთს ვთამაშობდი და ახლა მინდა, რომ ეს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან ვიხსნა."

...და ყველაზე მთავარი: ოტომ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ აუცილებელი სულაც არაა, მისი სამწვრთნელო კარიერა ზაფხულში დამთავრდეს. 73 წლის რეჰაგელი ბუნდესლიგაში უფრო დიდხანს დარჩენასაც არ გამორიცხავს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული