ბუნდესლიგა. XXIII ტურის გამოხმაურება: გაუტეხელი ოტო მწარე რეალობაში

AutoSharing Option
ჯიუტი კაცია ოტო რეჰაგელი. კარგად ხვდება, რომ "ჰერტას" მწვრთნელობაზე დათანხმებით თავს 73 წლის ასაკში მორიგი შარი აუტეხა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს. შეუდრეკელია ფრანკ რიბერიც - "ბაიერნი" კრიზისიდან ისევ მას გამოჰყავს. მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დორტმუნდში ხდება: იქ იურგენ კლოპი ახალ გერმანულ სუპერგრანდს ქმნის - პოლონური შტრიხებით.

რიბერი პრობლემებს აგვარებს, რეჰაგელი - ვერა!
კვირას, ნაშუადღევს, "ბაიერნი"-"შალკეს" დაწყებამდე "შპორტ აინსის" სატელევიზიო თოქ-შოუში მიწვეული ექსპერტები ენამოსწრებულად, სიამოვნებით საუბრობდნენ "ბაიერნის" კრიზისზე და იმაზეც, რომ რეკორდმაისტერის მწვრთნელ იუპ ჰაინკესსა და ვარსკვლავ
ფრანკ რიბერის შორის "შავმა კატამ გაირბინა".

ცხადია, ამის მიზეზი ის იყო, რომ "ბაზელთან" მატჩის დროს, ფრანგმა ნახევარმცველმა "დონ იუპს" მოედნიდან გასვლისას ხელი არ ჩამოართვა. მოგვიანებით, რიბერიმ "შალკეს" დუბლი შეუსრულა, მოაგებინა, კრიზისიდან გამოიყვანა და რაც ყველაზე საინტერესოა, დემონსტრაციულად იზეიმა ჰაინკესთან ერთად.

"ბაიერნში" დაპირისპირების უარყოფამ და მიუნხენური კლუბის კრიზისიდან გამოსვლამ (ან გამოსვლის დასაწყისმა) დორტმუნდის "ბორუსიაზე" არ იმოქმედა - იურგენ კლოპის გუნდმა "ჰანოვერი" 3:1 დაამარცხა და მეორე ადგილზე აღზევებულ "ბაიერნთან" ოთხქულიანი დისტანცია შეინარჩუნა. "ჰამბურგთან" უღიმღამო 1:1-მა "გლადბახი" ისევ მესამე ადგილზე დააქვეითა და ლუსიენ ფავრის გუნდი კვლავ უსწრებს "შალკეს", რომელიც "ბაიერნთან" მარცხით ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა (დროებით, თუ საბოლოოდ, ამას უახლოესი ტურები გვიჩვენებს).

მოკლედ, მიუნხენელები და გელზენკირხენელები ნაღდ კრიზისში, რა თქმა უნდა, არ არიან. ხაზგასმული კრიზისი დღეს სამ გუნდს აქვს: "კაიზერსლაუტერნს", "ფრაიბურგს" და "ჰერტას". ამ სამეულიდან ყურადღების ცენტრში ბერლინელები იყვნენ, სადაც წინა კვირაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიტყვაძვირი ოტო რეჰაგელი დაინიშნა. "მეფე ოტომ" ლევან კობიაშვილის გუნდს თავისი ხელი (ჯერ) ვერ დაატყო - "აუგსბურგთან" სამარცხვინო წაგებამ "ჰერტა" სარელეგაციო მე-16 ადგილამდე დააქვეითა.

რიბერიმ კითხვის ნიშნები მოსპო
რა აღარ იწერებოდა "ბაიერნზე" წინა კვირაში - რიბერი და ჰაინკესი ერთმანეთს ვერ იტანენო, შეტევაში კრეატივის ნასახიც აღარ ჩანსო, "ბაიერნი" აღარ არის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი და აღარც ლიდერი ჰყავსო. ამის მთქმელნი კვირას საღამოს ტუჩებს დაიკვნეტდნენ - რიბერიმ ყველა მათგანი გააჩუმა.

ფრანგი პირველიდან ბოლო წუთამდე ყველაზე აქტიური იყო, ორი გოლი გაიტანა, ამათგან ერთის ნახვა ყველასათვის სავალდებულოა და ჰაინკესსაც ჩაეხუტა. კიდევ არის კითხვები?

დორტმუნდის პოლონური სამკუთხედი
...მაგრამ, "შალკესთან" გამარჯვებით "ბაიერნი" ლიდერ "დორტმუნდს" ცხრილში ერთქულიან დისტანციამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით მიუახლოვდა. დორტმუნდელებმა რთული მეტოქე "ჰანოვერი" დამაჯერებლად (3:1) დაამარცხეს და "ბორუსიას" თავკაცი კლოპი პირველ რიგში თავის პოლონელ შეგირდებს უნდა უმადლოდეს.

იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ, ლუკაშ პიჟჩეკმა და რობერტ ლევანდოვსკიმ ბრწყინვალედ ითამაშეს და სწორედ ამ თანმიმდევრობით განხორციელებულ სუპერ-კონტრშეტევას მოჰყვა პირველი გოლი, რომელიც ლევანდოვსკის ანგარიშზეა. მხოლოდ თანმიმდევრობა შეიცვალა მეორე გოლის დროს, როცა რობერტმა დუბლი გაიფორმა. ამრიგად, "ლევანგოლსკიმ" მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 16-მდე გაზარდა, "კუბას" კი ახლა უკვე 8 საგოლე პასი აქვს.

The mission impossible?
ოტო რეჰაგელმა ბერლინული მისია ომახიანი განცხადებებით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ "აუგსბურგთან" 0:3-მა 73 წლის "მეფე ოტო" "მეცხრე ციდან" რეალობაში დააბრუნა, თამაშის შემდეგ მან იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და თქვა, უნდა გავიღვიძოთ და გავიღვიძებთ კიდეცო. არადა, "ჰერტა" უშუალო კონკურენტთან შერცხვენის შემდეგ უკვე მე-16 ადგილზეა.

რეჰაგელი იმით მაინც უნდა იყოს კმაყოფილი, რომ "ჰერტას" მინიმუმ ერთ ფეხბურთელს ნაღდად არ სძინავს - კაპიტან ანდრე მიატოვიჩს ვგულისხმობთ, რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ თქვა: "თუ მომავალ მატჩებშიც ასე ვითამაშებთ, ერთი კი არა, სამი რეჰაგელიც ვერ გვიშველის და თუ გინდათ, ჟოზე მოურინიოც დაამატეთო."

ეშმაკები ჯოჯოხეთში
უკვე უმძიმეს მდგომარეობაშია "კაიზერსლაუტერნიც". პფალცელები მაინცში განადგურდნენ და ახლა ბოლოსწინა ადგილზე არიან. რაკი "ლაუტერნს" 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, კაპიტან კრისტიან ტიფერტის სიტყვები უკვე აბსოლუტურად ლოგიკურია - ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდესო. 30-ე წუთზე "მაინცი" უკვე 3:0-ს იგებდა და კაიზერსლაუტერნელმა ქომაგებმა შესვენებაზე ბანერი გაშალეს, რომელზეც ყველასათვის გასაგები ორი სიტყვა ეწერა: Kurz Raus! (კურცხი გარეთ)

სხვათა შორის, "წითელი ეშმაკების" მწვრთნელ მარკო კურცს შაბათს ბანერი "მაინცის" ფანებმაც მიუძღვნეს, რომელზეც ეწერა "კურცი ამედიკის ცოლთან დადის!" აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ინტერნეტსივრცეში მუსირებს ხმები, რომ "ლაუტერნის" ყოფილი ფეხბურთელ მარტინ ამედიკს ცოლმა ანიკამ მწვრთნელ მარკოსთან უღალატა.

ჭორების მიხედვით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამედიკი სწორედ ამის გამო წავიდა იანვარში გუნდიდან ახლა მეორე ბუნდესლიგაშია, სადაც ფრანკფურტის "აინტრახტის" ღირსებას იცავს.

კურცმა, ამედიკმა და თვით ანიკამაც, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, უარყვეს...

ჰარნიკი ჰუნტელაარს და გომესს მისდევს
ავსტრიელები კარგად დაფრინავენ ხოლმე, ოღონდ, არა ბურთით არამედ თხილამურებით. შტუტგარტის ავსტრიელი ფეხბურთელი მარტინ ჰარნიკი კი გამონაკლისია: 23 ტურის შემდეგ მას, ნახევარმცველს, 13 გოლი აქვს გატანილი და ექვსი საგოლე პასის მიცემაც მოასწრო. ამ ბოლო დროს კი ჰარნიკი სულაც დუბლს დუბლზე ასრულებს - ასე იყო "ფრაიბურგთანაც".

"მჯერა, რომ მწვრთნელი მომდევნო ტურშიც ძირითად შემადგენლობაში მათამაშებს," - იხუმრა ავტრიელმა შაბათს.

23-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.
1. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 3
2. ლუკაშ პიჟჩეკი ბორუსია (დ) 3
3. რადოსლავ ზაბავნიკი მაინცი 1
4. ფილიპ ვოლშაიდი ნიურნბერგი 4
5. ხალიდ ბულარუზი შტუტგარტი 3
6. ლარს ბენდერი ლევერკუზენი 3
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 7
8. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 3
9. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 6
10. მოჰამედ ზიდანი მაინცი 2
11. ტორსტენ იორლი აუგსბურგი 1

შენიშვნა: ს. მ. რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი
ფრანკ რიბერი (ბაიერნი, III)

ლუის გუსტავოს გრძელი პასი, რიბერიმ ბურთი "შალკეს" კარიდან უაზროდ გამოვარდნილ მეკარე ტიმო ჰილდებრანდს თავზე ეფექტურად გადაატარა და მერე კარში შეაგორა - 1:0. რიბერიმ მიულერთან მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა, შუისკენ შეიწია და მეორედ დალაშქრა ჰილდებრანდის კარი - 2:0. ორი გოლი, სამი ქულა - "ბაიერნი" ცოცხალია!

რიბერიმ რეკორდმაისტერს არა მარტო მოაგებინა, არამედ, "ფრაიბურგთან" უგოლო ფრის და "ბაზელთან" წაგების შემდეგ ატეხილი განგაში ჩააცხრო და "ბაიერნს" სიმშვიდესთან ერთად, სეზონის გადარჩენის იმედი დაუბრუნა.

საუკეთესო ფეხბურთელები
23 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
2. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.48
3. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.61
4. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.70
5. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.70
6. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.71
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.73
8. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.73
9. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.73
10. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.76

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 22 18 8 26
2. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 23 16 8 24
3. კლაუდიო პისარო ვერდერი 20 15 7 22
4. მარიო გომესი ბაიერნი 22 18 3 21
5. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 19 15 5 20
6. მარკო როისი ბორუსია (მ) 21 13 7 20
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 22 10 10 20
8. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 23 13 6 19
9. რაული შალკე 22 11 5 16
10. პატრიკ ჰერმანი ბორუსია (მ) 19 6 8 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული