მარკო როისი: "დორტმუნდი" მიუნხენის "ბაიერნზე" მიმზიდველია!

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" ერთად, ევროპის ჩემპიონატი და უკვე გადაწყვეტილი ტრანსფერი "დორტმუნდში": მარკო როისს წინ ძალიან საინტერესო კვირები და თვეები ელის.

გუშინ, საფრანგეთთან მატჩის წინ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთმა უდიდესმა ტალანტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ტრანსფერზე, რომელიც იანვარში გადაწყდა და ზაფხულში განხორციელდება: მარკო "გლადბახიდან" "დორტმუნდში" გადავა.

როგორც იცით, როისს მიუნხენის "ბაიერნშიც" ეპატიჟებოდნენ, მაგრამ მან უპირატესობა BVB-ს მიანიჭა, მიზეზები კი გუშინ პირველად დააკონკრეტა. მთავარი და ყველაზე საინტერესო მესიჯი ასე ჟღერს: როისი ამბობს, რომ დორტმუნდის "ბორუსია" გაცილებით მიმზიდველი გუნდია, ვიდრე "ბაიერნი" და ეს
ერთობ ხმამაღალი განცხადებაა, რაც მიუნხენში არ მოეწონებათ.

"ჰო, "დორტმუნდი" "ბაიერნზე" მიმზიდველი გუნდია, - აცხადებს 22 წლის როისი გაზეთ "ფრანკფურტერ რუნდშაუსთვის" მიცემულ ინტერვიუში, - ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ იურგენ კლოპის ხელში განვითარებისა და წინსვლის მეტი შანსი მქონდა, მაგრამ ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ეს
გადაწყვეტილება მხოლოდ ან პირველ რიგში მწვრთნელის გამო მივიღე. მთლიანად BVB-ს კონცეფცია უფრო მომწონს, ვიდრე "ბაიერნისა".

მართალია, დორტმუნდი არ არის მსოფლიო დონის ქალაქი, სამაგიეროდ, საფეხბურთო კუთხით ნამდვილად მსოფლიო დონის, ერთ-ერთი საუკეთესო მისამართია. მივხვდი, რომ "ბორუსიაში" უკეთესი პერსპექტივა მექნებოდა, ვიდრე "ბაიერნში".

როისს შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს - ხომ იცით, გერმანელი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ "ბაიერნში" თამაშზე ოცნებობს, მაგრამ მარკო მიზეზებზე უფრო კონკრეტულადაც საუბრობს: "უბრალოდ, "დორტმუნდს" უფრო ვუხდები და "დორტმუნდი" უფრო მიხდება. ამ გუნდში ჯანსაღი კონკურენცია და საფეხბურთო ატმოსფეროა, ხოლო ფეხბურთი, რომელსაც BVB თამაშობს, ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობ."

როგორც იცით, დორტმუნდელები მიონხენგლადბახელებს როისის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს გადაუხდიან. როისის კომენტარი: "ეს დიდი ფულია, მაგრამ წნეხის ქვეშ არ მომაქცევს. ისე, ბავშვობიდან ვოცნებობდი იმაზე, რომ ოდესმე რომელიმე კლუბს ჩემში იმდენი ფული გადაეხადა, რამდენსაც ზინედინ ზიდანის ან რონალდინიოს სანაცვლოდ იხდიდნენ. მართალია, ზიზუსა და რონის მაშინდელი ფასებისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ დორტმუნდელები ჩემში დიდ ფულს იხდიან და ეს მსიამოვნებს."

შეგახსენებთ, რომ როისი ადრე "დორტმუნდში" თამაშობდა და მაშინ გუნდიდან გაუშვეს. მარკოს ეს ფაქტორი დღეს ხელს არ უშლის: "ეს უკვე წარსულია. მაშინ ჩემზე თქვეს, რომ ძალიან პატარა და სუსტი ვიყავი. ამის გამო მაშინ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა ნამდვილად აღარ ვბრაზობ. ფეხბურთი ასეთია, წლები გავიდა და ფიზიკურადაც გავძლიერდი," - მარკო როისი თავის პროგრესს პირველ რიგში "გლადბახის" თავკაც ლუსიენ ფავრს უკავშირებს და მისი მადლიერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული