გერმანია. ბუნდესლიგა. XXIV ტურის წინ: გაორებული იურგენ კლოპი

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ტური ამჯერად პირდაპირ შაბათს იწყება - პარასკევის მატჩის გაუქმება სანაკრებო პაუზამ გამოიწვია. 24-ე ტურით სეზონის ბოლო მესამედ იწყება: "ლევერკუზენი" "ბაიერნს" მიიღებს, შავ დღეში მყოფი "ჰერტას" ახალ მწვრთნელ ოტო რეჰაგელს ამჯერად საკუთარი პუბლიკის წინაშე ექნება დებიუტი (ლევან კობიაშვილის გუნდი "ვერდერს" ხვდება), საღამოს კი დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მაინცის" ერთობ დამაინტრიგებელი დუელია.

კვირის მატჩებიდან განსაკუთრებით საინტერესო "ნიურნბერგისა" და "გლადბახის" დაპირისპირებაა.

ისტორია გვეუბნება: ბაიერნი მოიგებს!
მოღონიერებული "ბაიერნი" ლევერკუზენში ჩადის. მიუნხენელებმა წინა ტურში "შალკესთან" 2:0-ზე მოგებული მატჩით კრიზისს ბოლო კი მოუღეს, მაგრამ ისიც ფაქტია,
რომ თუ ბავარიულ გრანდს ჩემპიონობა უნდა, ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს.

"შალკესთან" მატჩის გმირი ფრანკ რიბერი იყო, რომელიც 3 მარტს "ლევერკუზენთან" მატჩში სავარაუდოდ ვერ იასპარეზებს, რადგან გერმანიისა და საფრანგეთის ამხანაგურ მატჩში დაშავდა. თუმცა, წესით, რეკორდმაისტერს "ბაიერის" დამარცხება არც ფრანგი დრიბლიორის გარეშე უნდა გაუჭირდეს, რადგან სტატისტიკა მიუნხენური გრანდის მხარესაა, თანაც, რადიკალურად: "ლევერკუზენმა" "ბაიერნს" ბოლო 14 დუელიდან ვერცერთი მოუგო (3 ფრე, 11 მარცხი).

თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს "ფარმაცევტებსაც" უკეთესობა დაეტყოთ: დორტმუნდში (0:1) და ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" (1:3) წაგებების შემდეგ, რობინ დუტის გუნდმა "აუგსბურგი" გაანადგურა (4:1) და კიოლნში რაინის დერბი მოიგო (2:0). აქვე გეტყვით, რომ "ლევერკუზენს" ბრაზილიელი გამთამაშებელი რენატო გამოუჯანმრთელდა.

შალკე ფრაიბურგში
"შალკე" მიუნხენში განცდილი მარცხით (0:2) ჩემპიონობისთვის ბრძოლას მინიმუმ დროებით, რეალურად კი საბოლოოდ გამოეთიშა - გელზენკირხენული კლუბი მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "დორტმუნდს" 8 ქულით ჩამორჩება.

სამაგიეროდ, "შალკე" ჩემპიონთა ლიგის ზონაშია და მეხუთეადგილოსან "ლევერკუზენს" მთელი შვიდი ქულით უსწრებს. ამიტომაცაა, გელზენკირხენელებმა განგაშის ზარებს რომ არ შემოჰკრეს - რაც არ უნდა იყოს, ლევან ყენიას გუნდის მთავარი მიზანი ამ სეზონში სწორედ ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის საგზურის მოპოვებაა.

3 მარტს, "ფრაიბურგთან" მატჩში "შალკეს" მთავარი გოლეადორის, კლაას-იან ჰუნტელაარის თამაშია საეჭვო, რადგან ჰოლანდიელმა ინგლისთან (3:2) ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

რაც შეეხება "ფრაიბურგს": ბრაისგაუელებმა "ბაიერნთან" საპატიო 0:0-ს "შტუტგარტში" განცდილი კრახი (1:4) მოაყოლეს და ისევ ბოლო ადგილზე დაქვეითდნენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ "ფრაიმ" გასვლით შეხვედრაში ზედიზედ მეოთხედ გაუშვა მინიმუმ სამი გოლი, რაც ამ გუნდის ქომაგებს პესიმისტურად განაწყობს.

ბრაისგაუელთა ბანაკიდან პოზიტიური სიახლე მხოლოდ ის არის, რომ კაპიტანი იულიან შუსტერი გამოჯანმრთელდა და დიდია იმის შანსი, რომ "შალკესთან" ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

შეუძლია თუ არა რეჰაგელს ჰერტას გადარჩენა?
იქვეა ბერლინის "ჰერტაც", რომელსაც მწვრთნელად ოტო რეჰაგელის დანიშვნამ ჯერჯერობით ვერაფერი არგო. წინა კვირას "მეფე ოტოს" დებიუტი ჩაუმწარდა (0:3 აუგსბურგში), რაც ლევან კობიაშვილის გუნდისთვის ზედიზედ მეშვიდე მარცხი გახლდათ. ახლა კი, უბერებელი სპეციალისტი ბერლინული პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგება - "ჰერტა" "ვერდერს" მასპინძლობს.

რეჰაგელი ამ შეხვედრაში ნახევარმცველ ნიმაიერს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია. ბერლინელთათვის ქულების დაკარგვა აკრძალულია და პრინციპში, იგივე უნდა ვთქვათ "ვერდერზეც".

ბრემენელები წინა ტურში საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგთან" დამარცხდნენ და მართალია, ჯერ კიდევ ევროპის ლიგის ზონაში არიან, მაგრამ უახლოეს მდევარ "ჰანოვერს" მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულითღა უსწრებენ. თომას შააფს კაპიტანი კლემენს ფრიტცი დისკვალიფიცირებული ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს გუნდის თავი კლაუდიო პისარო იქნება.

შტუტგარტი ჰამბურგისთვის სასურველი სტუმარია
"ჰამბურგმა" წინა ტურში მიონხენგლადბახიდან ქულის წაღება მოახერხა (1:1) და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ სეზონში გასვლით მატჩებში უფრო ეხერხება ქულების აღება (16), ვიდრე საკუთარ მოედანზე (11).

ამ ლოგიკით, "შტუტგარტი" ჰამბურგელთათვის სასურველი სტუმარი უნდა იყოს, რადგან შვაბები პირიქით არიან - სტუმრად არ ვარგანან (9 ქულა), შინ კი გაცილებით უკეთ გამოიყურებიან (20). წინა ტურში ბრუნო ლაბდიას გუნდმა "ფრაიბურგთან" გამარჯვებით (4:1) მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

გაჭირვებული ეშმაკები ხასიათწამხდარი მგლების წინააღმდეგ
მაინცში განცდილი მარცხი "კაიზერსლაუტერნისთვის" კოლაფსის ზენიტი გახლდათ: "წითელ ეშმაკებს" უკვე 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და შესაბამისად, "ფრაიბურგთან" ერთად ბოლო და ბოლოსწინა ადგილებს იყოფენ.

3 მარტს "ლაუტერნს" "ვოლფსბურგთან" ექნება საქმე და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ არც ფელიქს მაგათის "მგლები" არიან კარგ ხასიათზე, რადგან წინა ტურში საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდნენ (1:2), რასაც ფანების სტვენა და პროტესტი მოჰყვა.

"კაიზერსლაუტერნს" თავდამსხმელი კუემაა დააკლდება, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა, "ვოლფსბურგში" კი, შესაძლოა, ისევ ვიხილოთ კლუბის ბომბარდირი მარიო მანჯუკიჩი. მაგათს წინა ტურში ეს უკანასკნელი დასჯილი ჰყავდა - ხორვატი გუნდის განაცხადშიც კი არ ყოფილა.

აუგსბურგი გაყოყოჩდა
კვირას "ჰანოვერმა" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ერთი შეხედვით დაუმარცხებელი გუნდის დამარცხება, რა თქმა უნდა, დორტმუნდის "ბორუსიამ" მოახერხა (3:1). მირკო სლომკას ბიჭებს ამჯერად "აუგსბურგთან" ექნებათ საქმე - ბუნდესლიგის ერთი შეხედვით უსუსურ დებიუტანტთან, რომელმაც წინა ტურში "ჰერტას" განადგურებით, ბევრისთვის მოულოდნელად გასავარდნი ზონიდან ამოსვლა მოახერხა.

მეგობრული დერბი: დორტმუნდი-მაინცი
საღამოს ძალიან საინტერესო მატჩია: დორტმუნდის "ბორუსია" "მაინცს" მასპინძლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ BVB-ს მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თავის ყოფილ, მშობლიურ და დღემდე ძალიან საყვარელ გუნდს უპირისპირდება.

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ იანვარში დორტმუნდელებმა მაინცელებს ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ ზიდანი დაუთმეს და ეს უკანასკნელი, ასევე მისთვის საყვარელ და მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ მოედანს უგოლოდ არ ტოვებს: ზიდანმა "მაინცის" ფორმით ოთხივე თამაშში შეძლო გატანა. თუმცა ეგვიპტელი შუა კვირაში ვარჯიშზე დაშავდა და შეიძლება დღეს ვერც ითამაშოს...

"დორტმუნდს" 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამავდროულად, ბოლო შვიდი თამაშიდან შვიდივე მოიგო. საკმარისია, BVB-მ დღესაც გაიმარჯვოს, რომ ამ კრიტერიუმში პირად რეკორდს გააუმჯობესებს. კლოპი იძულებული იქნება, ნახევარდაცვაში საკადრო ცვლილებებს მიმართოს, რადგან სებასტიან კელი დისკვალიფიცირებულია. კაპიტანს სავარაუდოდ ილქაი გიუნდოგანი შეცვლის.

გლადბახს ნიურნბერგი ცუდად აქვს დაცდილი
"დორტმუნდისა" და "ბაიერნის" მდევარ-კონკურენტი "გლადბახი" ხვალ თამაშობს - ლუსიენ ფრავრის ბიჭები, რომლებმაც წინა ტურში "ჰამბურგთან" ორი ქულა დაკარგეს, ნიურნბერგში ჩადიან. მიუხედავად მცირე წაფორხილებისა, "გლადბახს" "ბაიერნთან" ერთად საუკეთესო დაცვა ჰყავს (მხოლოდ 14 გაშვებული გოლი) და ამავდროულად, მხოლოდ გასვლით მატჩებში მოგროვებული ქულების (19) მიხედვით მეორე ადგილზეა. საინტერესო ის არის, რომ "ნიურნბერგს" სხვა არცერთ გერმანულ კლუბთან არ აქვს იმდენი მოგება (20) ან მხოლოდ საშინაო მოგება (16), რამდენიც "გლადბახთან"! ასე რომ, მარკო როისსა და კომპანიას დიდი სიფრთხილე მართებთ.

ტურის უკანასკნელი მატჩი "ჰოფენჰაიმისა" და "კიოლნის" დაპირისპირებაა. "თხებს" მილოვოე ნოვაკოვიჩი ისევ დაუშავდათ და სლოვენიელი თავდამსხმელის ასპარეზობა კვლავ უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მართალია, ლუკას პოდოლსკი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტს, ახლა კი მთელი საფეხბურთო გერმანია "არსენალში" მოსალოდნელ ტრანსფერზე აალაპარაკა.

არადა, "კიოლნს" ძალიან უჭირს და დიდი შანსია, რომ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე დაემუქროს - "თხებმა" ბოლო შვიდი თამაშიდან ექვსი დათმეს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებთ. ჰოფენჰაიმელებს კი ახალი მწვრთნელის, მარკუს ბაბელის ხელში სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, წინა ტურში კი სულაც ვოლფსბურგში გაიმარჯვეს. "ჰოფე" "კიოლნთან" მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს, რადგან "სოფლელებს" საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო ექვსი თამაშიდან ექვსივე (!) ფრედ აქვთ დამთავრებული.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIV ტური
3 მარტი
ლევერკუზენი-ბაიერნი 18:30
პირველ წრეში: 0:3
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადლერი, ჩორლუკა, და კოშტა, ბალაკი, ბარნეტა, სემი - ბრენო, კონტენტო, ვან ბუიტენი, შვაინშტაიგერი

ფრაიბურგი-შალკე 18:30
პირველ წრეში: 2:4
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბართი, ფერატი, კრმასი, მუიჯა, შუსტერი, ს. ბრანდშტეტერი - ფერმანი, უნერშტალი, მეტცელდერი, მორიტცი

ჰერტა-ვერდერი 18:30
პირველ წრეში: 1:2
დისკვალიფიკაცია: ნიმაიერი, ოტლი - ფრიტცი
ტრავმა: ფრანცი, ლუსტენბერგერი - ნალდო, ბოროვსკი, ჰანტი

ჰამბურგი-შტუტგარტი 18:30
პირველ წრეში: 2:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მიკელი, ტიორე - აუდელი, გებჰარდტი, ტრაორე

კაიზერსლაუტერნი-ვოლფსბურგი 18:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კნალერი, ტრაპი, ბუგერა, კუემაა, შეხტერი - ირჟაჩეკი, მედოიევიჩი, პოლაკი

ჰანოვერი-აუგსბურგი 18:30
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პანდერი, ანდრეასენი, შმიდებახი - დე იონგი, ბა, გოგია, მორავეკი

ბორუსია (დ)-მაინცი 21:30
პირველ წრეში: 2:1
დისკვალიფიკაცია: კელი - კირხჰოფი
ტრავმა: კოხი, გიოტცე, ლაიტნერი - ბელი, პოსპეხი, სვენსონი, რისსე

4 მარტი
ნიურნბერგი-ბორუსია (მ) 18:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: ბალიტში (ნიურნბერგი)
ტრავმა: შტეფანი, იუდტი, ნილსონი, პინოლა, ფრანტცი - ჰერმანი, იუნესი

ჰოფენჰაიმი-კიოლნი 20:30
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: ვილიამსი - რიტერი
ტრავმა: იბერტსბერგერი, იაისლე - ჯემალი, სერენო, პეტიტი, ჩიჰი, ნოვაკოვიჩი, უთი

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 23 16 4 3 50-15 52
2. ბაიერნი 23 15 3 5 51-14 48
3. ბორუსია (მ) 23 14 5 4 37-14 47
4. შალკე 23 14 2 7 50-30 44
5. ლევერკუზენი 23 10 7 6 34-29 37
6. ვერდერი 23 10 6 7 37-37 36
7. ჰანოვერი 23 8 10 5 28-30 34
8. შტუტგარტი 23 8 5 10 37-33 29
9. ჰოფენჰაიმი 23 7 8 8 26-27 29
10. ნიურნბერგი 23 8 4 11 22-32 28
11. მაინცი 23 6 9 8 34-36 27
12. ჰამბურგი 23 6 9 8 28-38 27
13. ვოლფსბურგი 23 8 3 12 28-44 27
14. კიოლნი 23 7 3 13 30-45 24
15. აუგსბურგი 23 4 9 10 23-37 21
16. ჰერტა 23 4 8 11 25-40 20
17. კაიზერსლაუტერნი 23 3 9 11 16-32 18
18. ფრაიბურგი 23 4 6 13 28:51 18

ბომბარდირები
18 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 13 - ჰარნიკი (შტუტგარტი), როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი), რაული (შალკე); 10 - რიბერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული