გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტური. მიუნხენის "ბაიერნი" დაბრუნდა? "ბაზელთან" გამოჩნდება!

AutoSharing Option
"ბაიერნს" "ჰოფენჰაიმთან" მატჩმა სულზე მიუსწრო: მიუნხენელებმა "სოფლელები", არც მეტი, არც ნაკლები, 7:1 გაანადგურეს. "ჰოფენჰაიმი" არ არის ის გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში ასეთი ანგარიშით უნდა აგებდეს და არც "ბაიერნია" ისეთ ფორმაში, ასეთი რამ ლოგიკის ჩარჩოებში რომ ჩავსვათ.

ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ რეკორდმაისტერმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე იოლი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერ "დორტმუნდს" ორი ქულით მიუახლოვდა: რაკი "ბორუსიამ" აუგსბურგიდან მხოლოდ ქულა წაიღო (0:0), BVB რეკორდმაისტერს ახლა 5 ქულითღა უსწრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არის შანსი, გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ
დაიძაბოს.

ბუნდესლიგის 25-ე ტურში საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსია" ვეღარ დგას მოწოდების სიმაღლეზე: "გლადბახმა" საკუთარ მოედანზე "ფრაიბურგს" ვერ მოუგო და თუ ასე გააგრძელებს, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საოცნებო საგზურის მოპოვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, უმძაფრესი დუელი ვნახეთ კიოლნში, სადაც "ჰერტა" იყო სტუმრად ჩასული. "თხებმა" ვნებათაღელვით აღსავსე შეხვედრაში (სამი გაძევება) 1:0 მოიგეს.

წაგების ტოლფასი ფრე? არაფერიც!
"აუგსბურგი" ბოლო დროს აშკარად გამოსწორდა და გადარჩენისთვის უკვე გააფთრებით იბრძვის, მაგრამ იოს ლუჰუკაის გუნდს დორტმუნდის "ბორუსიასთან" ქულის აღებას ვერავინ უწინასწარმეტყველებდა.

დორტმუნდელებს ზედიზედ რვა თამაში ჰქონდათ მოგებული და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბუნდესლიგის დებიუტანტთან ვერაფერი გააწყვეს. მეტიც: იურგენ კლოპის გუნდმა ერთი გოლიც ვერ გაიტანა - ასეთი რამ ამ სეზონში ბოლოს მეოთხე ტურში (ლევერკუზენი-დორტმუნდი 0:0) მოხდა.

ამრიგად, "დორტმუნდმა" "ბაიერნს" ხუთქულიან დისტანციაზე მიახლოების საშუალება მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეიძლება კიდევ დაიძაბოს.

თამაშის შემდეგ კლოპი ძალიან უხასიათოდ იყო:

"ამ შეხვედრაში სწორედ ერთი ქულა დავიმსახურეთ. ასე რომ, შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია. აუგსბურგელებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მედგრად იბრძოლეს და წაგებას არ იმსახურებდნენ," - აღიარა დორტმუნდელთა თავკაცმა და მართლაც, ეს მატჩი არ ჰგავდა გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდისა და ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატის დაპირისპირებას.

აუგსბურგელები, რომლებსაც საკუთარ მოედანზე ახლა უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, ლიდერს საკმაოდ თამამად ეთამაშებოდნენ. ბევრისთვის მოულოდნელი იყო ის, რომ ლუჰუკაიმ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ტრავმირებული საყრდენი ნახევარმცველის, იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში თავდამსხმელი ჰაინი ათამაშა. დორტმუნდელთა გამთამაშებელ შინჯი კაგავას კი მისი თანამემამულე ჰაიმე ჰოსოგაი იმდენად კარგად მეურვეობდა, რომ პირველ ტაიმში "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერი ბურთს მხოლოდ 13-ჯერ შეეხო.

დორტმუნდელთა მეკარე რომან ვაიდენფელერმა ორი ქულის დაკარგვა მოედნის საფარის საშინელ მდგომარეობას დააბრალა - მადლობა ღმერთს, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა ტრავმები არ მიიღესო.

"ჩვენ არ ვართ ისეთი ამაყები, რომ ვამტკიცოთ, თითქოს ყველა თამაშს უნდა ვიგებდეთ. აუგსბურგელებმა კარგად იბრძოლეს," - ეს კაპიტან სებასტიან კელის სიტყვებია.

რეპეტიცია ბაზელისთვის
"ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ! მე არ მითქვამს, რომ "ვერცხლის სინზე" ხელი ჩავიქნიეთ. "დორტმუნდი" ქულებს აუცილებლად დაკარგავს", - თქვა "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა "ჰოფენჰაიმის" განადგურების შემდეგ და ამ განცხადებით "ბაიერნის" სპორტულ დირექტორ კრისტიან ნერლინგერს გაჰკრა კბილი - წინა კვირას, "ბაიერნი" "ლევერკუზენთან" რომ დამარცხდა, სწორედ ამ უკანასკნელმა თქვა, გერმანიის ჩემპიონობისთვის ალბათ ვეღარ ვიბრძოლებთო.

"ჰოფენჰაიმს" "ბაიერნი" არასდროს დაუმარცხებია, ამჯერად კი სულაც საშვილიშვილოდ შერცხვა: ბავარიელები 35-ე წუთზე უკვე 5:0-ს იგებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ "ჰოფემ" ამ სირცხვილით ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ის ერთი გოლიც "სოფლელებმა" კი არ გაიტანეს, მიუნხენელმა შეაგდო თავის კარში - საინტერესო ის გახლავთ, რომ ავტოგოლის ავტორი ექს-ჰოფენჰაიმელი ლუის გუსტავოა.

ამრიგად, "ბაიერნი" "ბაზელთან" საპასუხო მატჩის წინ ხასიათზე მოვიდა - შეგახსენებთ, მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში შვეიცარიულ გრანდს სამშაბათს მასპინძლობენ, პირველი თამაში კი 0:1 აქვთ წაგებული.

გლადბახი ვეღარ ბობოქრობს
მიონხენგლადბახელები ბოლო დროს ვეღარ თამაშობენ ისეთ ფეხბურთს, რომლითაც პირველ წრეში და სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისში ყველას ხიბლავდნენ და შედეგიც სახეზეა: მართალია, ლუსიენ ფავრის გუნდს საკუთარ "ბორუსია პარკზე" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ მარკო როისმა და კომპანიამ ბოლო სამ ტურში მხოლოდ ორი ქულა (0:1 "ნიურნბერგში", 1:1 "ჰამბურგთან", ახლა კი 0:0 "ფრაიბურგთან") აიღეს.

ფაქტია, ეს ქულა "ფრაიბურგს" უფრო წაეხმარა გადარჩენისთვის ბრძოლაში, ვიდრე "გლადბახს" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის პაექრობაში.

ვოლფსბურგიც გამოცოცხლდა
"ლევერკუზენის" ფეხბურთელები, მწვრთნელი და ხელმძღვანელები ამბობდნენ, "ბარსელონასთან" განცდილი კრახი უარყოფითად არ იმოქმედებსო, მაგრამ "ბაიერმა" ვოლფსბურგში მაინც წააგო - 2:3.

მართალია, "ფარმაცევტებს" ჩინებული სტარტი გამოუვიდათ (მესამე წუთზე შტეფან კისლინგის გოლით დაწინაურდნენ), მაგრამ პატრიკ ჰელმესმა და აშკან დეჟაგამ თამაში "ვოლფსბურგის" სასარგებლოდ პირველივე ტაიმში შეატრიალეს.

მეორე ნახევარში მარიო მანჯუკიჩმა "მგლების" უპირატესობა ორბურთიანი გახადა, ერენმ დერდიოკის გოლი კი დაგვიანებული იყო იმისთვის, რომ ლევერკუზენელებს მატჩის გადარჩენაზე სერიოზულად ეფიქრათ.

ომი კიოლნში
"კიოლნისა" და "ჰერტას" მატჩი კი ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით - ამ შეხვედრაზე გერმანიაში კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. "კიოლნმა" მოიგო და ეს ამ გუნდისთვის 2012 წელს პირველი საშინაო გამარჯვებაა, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე ისეთები მოხდა, შედეგი თითქმის მეორეხარისხოვანია.

მსაჯმა ვინკმანმა ჯერ ლევან კობიაშვილის მოცელვისთვის კიოლნელთა ნახევარმცველი იაიალო გააძევა, მერე კი კობისაც მისცა ყვითელი ბარათი, რასაც "ჰერტას" ქართველი კაპიტნისა და კიოლნელი ფეხბურთელების შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ლონდონის "არსენალისკენ" გეზაღებული ლუკას პოდოლსკი გახლდათ, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად კობის საქმის გარჩევა დაუწყო. უკან არც ლევანმა დაიხია და საბოლოოდ არბიტრმა ქართველს მეორე ყვითელი აუფრიალა, პოდოლსკის კი პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

დარჩენილ დროში ათკაციან "ჰერტას" რამდენჯერმე შეეძლო ცხრა ფეხბურთელით დარჩენილი "კიოლნის" კარის დალაშქვრა, მაგრამ ოტო რეჰაგელის შეგირდებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს.

ამ სამი ქულით "კიოლნმა" გადარჩენისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, "ჰერტა" კი ისევ სარელეგაციო მე-13 ადგილზეა. აქვე ვთქვათ, რომ ბერლინელები მომდევნო ტურში "ბაიერნს" მასპინძლობენ...

ზიდანი: ექვსი გოლი ექვს მატჩში
"მაინცში" "მოჰამედ ზიდანობა" გრძელდება: "ნიურნბერგთან" 2:1-ზე მოგებულ შეხვედრაში დორტმუნდიდან "სახლში" დაბრუნებულმა ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მორიგი გოლი გაიტანა და მეორე წრის 6 მატჩში 6 გოლი აქვს. ამით "ნიურნბერგის" სერიას (ზედიზედ სამი მოგება) ბოლო მოეღო, "მაინცი" კი მე-11 ადგილზე აძვრა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თომას ტუხელის გუნდს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ნაღდად აღარ უნდა დაემუქროს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტური
შტუტგარტი-კაიზერსლაუტერნი 0:0
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, ნიდერმაიერი, საკაი - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი (68. შიბერი), ჰაინალი (60. კაკაუ), ოკაზაკი (82. გებჰარდტი) - იბიშევიჩი.
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ზიპელი - დიკი, შიმუნეკი, აბელი, იესენი - ბორისიუკი, დე ვიტი - დერშტროფი (86. შეხტერი), ტიფერტი, სუკუტა-პასუ (35. შაჰანი) - ვაგნერი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 11-22; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 22(9)-7(1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 50 100

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 3:2
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ჰასებე, რუსი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - ტრეში (62. კნოხე), პოლაკი (72. მადლუნგი) - დეჟაგა, მ. შეფერი - ჰელმესი (90. პოლტერი), მანჯუკიჩი.
ლევერკუზენი (4-1-2-1-2): ლენო - კასტრო, შვააბი, ტოპრაკი (75. მ. ფრიდრიხი), კადლეცი - რაინარტცი (56. დერდიოკი) - ლ. ბენდერი, როლფესი (27. ბელარაბი) - რენატო - შიურლე, კისლინგი.
გოლები: 0:1 კისლინგი (3), 1:1 ჰელმესი (32), 2:1 დეჟაგა (45), 3:1 კადლეცი (61-საკ. კარში), 3:2 დერდიოკი (91)
გაფრთხილება: მ. შეფერი, ჰელმესი, რუსი, დეჟაგა, ფელიპე ლოპესი - ლ. ბენდერი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 25-16; თამაშგარე: 3-8; კარში დარტყმა: 11(6)-7(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 26 112

მაინცი-ნიურნბერგი 2:1
მაინცი (4-2-2-1-1): ვეტკლო - მ. კალიჯური, ბუნგერტი, კირხჰოფი, ზაბავნიკი (68. ნოვესკი) - პოლანსკი (83. ბაუმგარტლინგერი), სოტო - ნ. მიულერი, ჩუპო-მოტინგი - ზიდანი (73. ივანშიტცი) - სალაი.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი, ჰლუშეკი - ბალიტში (78. მაკი), სიმონსი - ჩენდლერი (65. აიგლერი), ჰეგელერი (46. დიდავი), ესვაინი - ბუნიაკუ.
გოლები: 1:0 ნ. მიულერი (1), 2:0 ზიდანი (22), 2:1 დიდავი (64)
გაძევება: სალაი (84. მაინცი)
გაფრთხილება: ბალიტში, ჰლუშეკი, ვოლშაიდი, რ. შეფერი, ფოილნერი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 13(3)-15(2); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 34 000

ბორუსია (მ)-ფრაიბურგი 0:0
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ვენდტი (71. რინგი), არანგო - როისი, ჰანკე (66. დე კამარგო).
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, დიანიე, გინტერი, მიუჯა (79. იენდრიშეკი) - ფლუმი (73. შუსტერი), მაკიადი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (82. სანტინი) - ფრაისი.
გაფრთხილება: შტრანცლი, იანტშკე - დ. კალიჯური
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13(3)-6(3); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 52 207

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 7:1
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი (46. ტიმოშჩუკი), ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, კროოსი - რობენი, თ. მიულერი (62. შვაინშტაიგერი), რიბერი - გომესი (57. ოლიჩი).
ჰოფენჰაიმი (4-1-4-1): შტარკე - ვილიამსი, ვესტერგაარდი, კომპერი, ბრააფჰაიდი - ვორსა - ვუკჩევიჩი (87. კაიზერი), ვაისი (87. მლაპა), რუდი, რობერტო ფირმინიო (62. ვიზერი) - ბაბელი.
გოლები: 1:0 გომესი (5), 2:0 რობენი (12-პენ), 3:0 კროოსი (18), 4:0 რობენი (29), 5:0 გომესი (35), 6:0 გომესი (48), 7:0 რიბერი (58), 7:1 ლუის გუსტავო (85-საკ. კარში)
გაფრთხილება: ვუკჩევიჩი
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 19(10)-4(0); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 69 000

კიოლნი-ჰერტა 1:0
კიოლნი (4-2-2-1-1): რენზინგი - ბრეჩკო, სერენო, ჟერომელი, აიხნერი - ლანიგი (58. იაიალო), რიტერი - კლემენსი, პეჟკო (82. როში) - პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი (68. მაკენა).
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი (80. ნიმაიერი), ჰუბნიკი, იანკერი, ბასტიანსი - პერდედაი, კობიაშვილი - თორუნი (46. ბენ-ჰატირა), რაფაელი, რუკავიტსია - ლასოგა (46. რამოსი).
გოლი: 1:0 კლემენსი (36)
გაძევება: იაიალო (66. კიოლნი), პოდოლსკი (76. კიოლნი), კობიაშვილი (76. ჰერტა)
გაფრთხილება: პეჟკო, რიტერი - თორუნი, ლელი, ჰუბნიკი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-22; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 16(5)-14(7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 48 000

აუგსბურგი-ბორუსია (დ) 0:0
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, ოსტრცოლეკი - ჰოსოგაი, ბაიერი - კოო (79. მ. ნდიენგი), იორლი, ბელინგჰაუზენი (89. სინკალა) - ს. ჰაინი (75. მიოლდერსი).
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (70. ლაიტნერი), კელი - ბლაშჩიკოვსკი (86. გიუნდოგანი), კაგავა (70. პერიშიჩი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: კოო, სანკო - სუბოტიჩი, კელი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 4(2)-14(3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 30 660

ვერდერი-ჰანოვერი 3:0
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, პრიოდლი, სოკრატისი, ჰართერცი - ბარგფრედე - იუნუზოვიჩი (86. შმიტცი), თრაიბული (77. იგნიოვსკი) - მარინი (18. ექიჩი) - როზენბერგი, პისარო.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, პანდერი - შტინდლი, პინტუ (80. ლალა) - შტოპელკამპი, რაუში (70. როიერი) - აბდელაუ (60. ზობიხი), ია კონანი.
გოლები: 1:0 პისარო (31), 2:0 პრიოდლი (49), 3:0 როზენბერგი (56)
გაფრთხილება: ზობიხი, შტინდლი, როიერი, ლალა
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 16-29; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 10(7)-14(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 41 500

შალკე-ჰამბურგი 3:1
შალკე (4-1-2-1-2): ჰილდებრანდი - უჩიდა, მატიპი, მეტცელდერი, ფუხსი - ჯონსი - ჰიოგერი (55. ჰოლტბი), ხურადო (79. მორიტცი) - რაული - პუკი (89. მარიკა), ჰუნტელაარი.
ჰამბურგი (4-2-2-1-1): დრობნი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, იანსენი - რინკონი (82. სკიელბრედი), კაჩარი - სალა (50 ტიორე), ილიჩევიჩი (59. სონი) - არსლანი - პეტრიჩი.
გოლები: 1:0 პუკი (5), 2:0 მეტცელდერი (26), 3:0 ჰუნტელაარი (33-პენ), 3:1 კაჩარი (45)
გაფრთხილება: ჯონსი, მატიპი, ხურადო - ვესტერმანი, ილიჩევიჩი, არსლანი, კაჩარი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11(7)-20(5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 61 673

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 25 17 5 3 52-16 56
2. ბაიერნი 25 16 3 6 58-17 51
3. ბორუსია (მ) 25 14 6 5 37-15 48
4. შალკე 25 15 2 8 54-33 47
5. ლევერკუზენი 25 11 7 7 38-32 40
6. ვერდერი 25 11 6 8 40-38 39
7. ჰანოვერი 25 8 11 6 30-35 35
8. შტუტგარტი 25 9 6 10 41-33 33
9. ნიურნბერგი 25 9 4 12 24-34 31
10. ვოლფსბურგი 25 9 4 12 31-46 31
11. მაინცი 25 7 9 9 37-39 30
12. ჰოფენჰაიმი 25 7 9 9 28-35 30
13. კიოლნი 25 8 4 13 32-46 28
14. ჰამბურგი 25 6 9 10 29-45 27
15. აუგსბურგი 25 4 11 10 25-39 23
16. ჰერტა 25 5 8 12 26-41 23
17. ფრაიბურგი 25 5 7 13 30-52 22
18. კაიზერსლაუტერნი 25 3 11 11 16-32 20

ბომბარდირები
21 - გომესი (ბაიერნი); 19 - ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 13 - როისი (ბორუსია /მ/).

მომდევნო ტური
16 მარტი. ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი.
17 მარტი. ბორუსია (დ)-ვერდერი, აუგსბურგი-მაინცი, ჰამბურგი-ფრაიბურგი, ნიურნბერგი-ვოლფსბურგი, ლევერკუზენი-ბორუსია (მ), ჰერტა-ბაიერნი.
18 მარტი. კაიზერსლაუტერნი-შალკე, ჰანოვერი-კიოლნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული