გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტურის გამოხმაურება: მიუნხენური რადიკალიზმი

AutoSharing Option
გერმანელები რადიკალური ხალხია: ჯერ იყო და, "ლევერკუზენთან" წაგების შემდეგ "ბაიერნში" გერმანიის ჩემპიონობაზე ხელი ჩაიქნიეს (მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლომდე 10 ტური იყო დარჩენილი და დორტმუნდთან ჩამორჩენა 7 ქულას შეადგენდა) და როგორც წარუმატებლობების დროს ხდება ხოლმე, თვითგვემას მოჰყვნენ. ახლა კი აბსოლუტურ უაზრობაში მყოფი "ჰოფენჰაიმის" 7:1-ზე განადგურების მერე თურმე ყველაფერი სხვაგვარადაა - რეკორდმაისტერი, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ იბრძვის "ვერცხლის სინისთვის", რა თქმა უნდა, "ბაზელთან" დუელშიც ისევ ფავორიტია და მიუნხენელი ფანები უფრო შორსაც წავიდნენ - შეხვედრის მიწურულს "ბარსელონას" ფანებს მოკითხვას უთვლიდნენ.

კიოლნში
კინაღამ სისხლი დაიღვარა. მოვლენების ეპიცენტრში კი ლევან კობიაშვილი იყო. უმძაფრესი, სამი გაძევებით "დატვირთული" დუელი "კიოლნმა" მოიგო და მიუხედავად ამისა, საღამოს "თხების" სპორტული დირექტორი ფოლკერ ფინკე თანამდებობიდან გადადგა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კი არ გადადგა, გაათავისუფლეს...

ფინკე და პოდოლსკი
"კიოლნისა" და "ჰერტას" მატჩმა (1:0) ყოველგვარ მოლოდინს რომ გადააჭარბა, ამაზე ტურის მიმოხილვაშიც ვწერდით, თუმცა იქ არ გვეყო ადგილი იმ დეტალებისთვის, რაზეც თქვენი ყურადღების გამახვილება ახლა გვსურს. გაგახსენებთ, რომ მსაჯმა სამჯერ ამოიღო წითელი ბარათი: "კიოლნს" ორი ფეხბურთელი (მათ შორის, ლიდერი ლუკას პოდოლსკი) გაუძევა, ბერლინელებს კი ქართველი კაპიტანი ლევან კობიაშვილი გაუგდო. მატჩის შემდეგ "ჰერტას" მარჯვენა მცველმა კრისტიან ლელმა კობის მხარე დაიჭირა, პოდოლსკიზე კი ასეთი რამ თქვა: "საერთოდ, ლუკასი კარგი ქცევით არ გამოირჩევა ხოლმე და ყველამ ვიცით, რომ ხშირად უზრდელობს, კარგავს კონტროლს და ზოგადად, ძალიან უყვარს პროვოკატორის როლში ყოფნა. ამჯერადაც ასე მოიქცა და გაძევებას ნამდვილად იმსახურებდა!"

თამაშის შემდეგ პოდოლსკიმ ლელს ურჩია, მოკეტე და ბევრს ნუ ლაპარაკობო. მერე კი თემა შეცვალა და მის მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა - მან თქვა, რომ "არსენალში" გადასვლა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, მოგვიანებით "კიოლნის" დირექტორთა საბჭომ სპორტული დირექტორი ფინკე გაათავისუფლა.

გაირკვა, რომ ფოლკერი ბოლო დროს მთავარი მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ დირექტორატი მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, "კიოლნის" ფეხბურთელებიც ორ ნაწილად არიან გაყოფილები: ნახევარი ფინკეს მხარესაა, მეორე ნახევარი კი სოლბაკენის მხარეს იჭერსო...

"გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას: არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ და არც არაფერს ვიტყვი," - ასეთი იყო ფინკეს ბოლო სიტყვები "კიოლნის" სპორტული დირექტორის რანგში.

12 მარტს გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა პოდოლსკის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

აუგსბურგის ანტიკური ფეხბურთი
ზედიზედ რვა მატჩის მოგების შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" ქულები დაკარგა - თანაც, აუგსბურგში (0:0). მაინც რატომ ვერ შეძლო გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც ახლაც შესანიშნავ ფორმაშია და არც შაბათს უთამაშია ცუდად, ბუნდესლიგის დებიუტანტის დამარცხება? პირველ რიგში იმიტომ, რომ "აუგსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ "დორტმუნდს" გასაღები უპოვნა - აუგსბურგელებმა პერსონალური დაცვა ითამაშეს!

შედეგი: შინჯი კაგავა, რომელიც ბოლო დროს ყველა მატჩში ბრწყინავდა, აღარსად ჩანდა, რადგან "ბორუსიას" გამთამაშებელი თანამემამულე ჰოსოგაიმ კარგად ამოკეტა. თავად განსაჯეთ: კაგავა პირველ ტაიმში ბურთს მხოლოდ 13-ჯერ შეეხო. კაგავას უვნებელყოფით, დორტმუნდელებს ნახევარდაცვის წინა ხაზზე მთავარი შემოქმედი გაეთიშათ და რა გასაკვირია, რომ შეტევაში ბევრი ვეღარაფერი მოახერხეს.

თუმცა "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს და მეკარე რომან ვაიდენფელერს ამაზე არ უსაუბრიათ - მათ თქვეს, რომ წარუმატებლობის მიზეზი, ერთი მხრივ, მოედნის საფარის უმძიმესი მდგომარეობა, მეორე მხრივ კი, აუგსბურგელების უდიდესი მონდომება იყო.

ასეთი აჟიტირებაც არ შეიძლება...
"ბაიერნის" გულშემატკივრები, ზეცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ძალიან ნერვიულობენ "ბაზელთან" საპასუხო მატჩის წინ, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, რადგან რეკორდმაისტერმა პირველი თამაში სტუმრად 0:1 დათმო. შესაძლოა, ამიტომაც შემოსძახეს "ჰოფენჰაიმთან" 7:1-ის შემდეგ სიმღერა, რომლის ტექსტი ერთ წინადადებაზე იყო აწყობილი: "Who The Fuck is Barcelona?" ასეთი მიდგომა ცოტათი გადაჭარბებული გვგონია - რაც უნდა იყოს, იმ "ლევერკუზენმა", რომელიც "ნოუ კამპზე" 1:7 განადგურდა, მანამდე "ბაიერნს" 2:0 მოუგო...

ასეა თუ ისე, ამ გამარჯვებამ "ბაიერნის" კრიზისზე საუბარი კიდევ ერთხელ შეწყვიტა. ახლა მიუნხენელებს წინა კვირაში ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები მზად აქვთ: იუპ ჰაინკესს სადავეები გაექცა? არა! მარიო გომესი კრიზისშია? არა! "ბაზელს" გავაგდებთ? რა თქმა უნდა!..

სინამდვილეში სწორედ დღეს, "ბაზელთან" საპასუხო მატჩში გამოჩნდება, რა მოუტანა იმ კონკრეტულ შაბათს ექსტრემალურად სუსტ "ჰოფენჰაიმთან" დიდი ანგარიშით გამარჯვებამ რეკორდმაისტერს.

მოჰამედ, ნუღარ წახვალ მაინციდან!
როგორც ირკვევა, მოჰამედ ზიდანი "მაინციდან" არ უნდა წასულიყო და თუ ერთხელ შეცდა და წავიდა, ახლა მაინც სამუდამოდ უნდა დარჩეს იმ გუნდში, სადაც აფასებენ და სადაც თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. დორტმუნდიდან დაბრუნების შემდეგ (ტრანსფერი იანვარში განხორციელდა) ეგვიპტელ თავდამსხმელს უგოლოდ არცერთი მატჩი არ დაუტოვებია!

ზიდანი ბუნდესლიგაში "ვერდერშიც" თამაშობდა, "ჰამბურგშიც" და ბოლოს ძალები დორტმუნდის "ბორუსიაშიც" მოსინჯა და იმედები ვერსად გაამართლა. "მაინცში" კი აგერ უკვე მესამედ გადავიდა და ისევ ყველაფერი ძეველებურადაა - მოჰამედი კვლავაც "შტადიონ ამ ბრუხვეგის" პუბლიკის საყვარელი ფეხბურთელია. ასე რომ, იმედია, ახლა მაინც ისწავლა ჭკუა და თუ რომელიმე ტოპ-კლუბში ისევ დაპატიჟებენ, "მაინციდან" ფეხს აღარ მოიცვლის.

რაული ალბათ წავა
"შალკეში" მთავარი თემა ისევ რაული და მისი კონტრაქტია. იანვარში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ესპანელი თავდამსხმელი გელზენკირხენულ კლუბს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა, მაგრამ ეს ჭორი აღმოჩნდა. სინამდვილეში, შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად, მისი მომავალი გაურკვეველია. გასულ უქმეებზე "შალკეს" მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმაც ისე ილაპარაკა, რომ ფეხბურთელი, რომელიც მალე 35 წლის გახდება, სავარაუდოდ გელზენკირხენში არ დარჩება.

"ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, შეესაბამება თუ არა მისი შესაძლებლობები და მოსალოდნელი მონაგარი იმ ხელფასს, რომელიც უნდა ვუხადოთ. პირადად მე არ ვიცი, ღირს თუ არა რაულზე ხანგრძლივი გათვლის გაკეთება," - თქვა სტევენსმა და ფაქტია, რომ ასეთი სიტყვები "ციდან არ ცვივა".

როგორც ირკვევა, "შალკე" ფაქტობრივად თანახმაა, რაულს წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს, მაგრამ გელზენკირხენელები ესპანელს მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ, რაულს კი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი სურს. ასე რომ, გონსალეს ბლანკო "შალკედან" ალბათ წავა. არადა, "ჰამბურგთან" (3:1) შესანიშნავად ითამაშა, თუმცა როგორც ჩანს, ეს დღესდღეობით მეორეხარისხოვანია...

25-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.
1. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2
2. დავიდ ალაბა ბაიერნი 1
3. ფილიპ ლამი ბაიერნი 3
4. სებასტიან პრიოდლი ვერდერი 1
5. კრისტოფ მეტცელდერი შალკე 1
6. ჰაიმე ჰოსოგაო აუგსბურგი 1
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 8
8. ტონი კროოსი ბაიერნი 4
9. მარიო გომესი ბაიერნი 7
10. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 7
11. არიენ რობენი ბაიერნი 3

შენიშვნა: ს. მ. რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი
მარიო გომესი (ბაიერნი, III)

"ბაიერნის" გოლეადორმა მინი-კრიზისი ჰეთ-თრიკით დაასრულა: მარიო გომესს მანამდე გოლი 4 საათისა და 52 წუთის მანძილზე არ ჰქონდა გატანილი. ერთ მატჩში სამი ან მეტი გოლი მარიოს უკვე 11-ჯერ აქვს გატანილი. შედარებისთვის, გერდ მიულერმა ეს 32-ჯერ გააკეთა, კლაუს ფიშერმა კი 12-ჯერ. 2011/2012 წლების სეზონში გომესის ანგარიშზე უკვე 21 გოლია, საერთო ჯამში 122 გოლი აქვს გატანილი, რითაც კლოზეს, ლაუმენსა და მათეუსს (121-121-121) გადაასწრო და ვოლფარტიც (120) უკან მოიტოვა. ამ სეზონში მარიო გომესი უკვე მესამედ გახდა ტურის გმირი, საერთო ჯამში კი, მეათე შემთხვევაა, როცა "კიკერი" ტურის საუკეთესოდ ასახელებს.

საუკეთესო ფეხბურთელები
25 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
2. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.61
3. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.61
4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.65
5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.66
6. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.71
7. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.71
8. სებასტიან კელი ბორუსია (დ) 2.75
9. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.75
10. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.76

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 23 19 9 28
2. მარიო გომესი ბაიერნი 24 21 3 24
3. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 25 16 8 24
4. კლაუდიო პისარო ვერდერი 22 16 8 24
5. ფრანკ რიბერი ბაიერნი 24 11 13 24
6. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 25 14 7 21
7. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 21 16 5 21
8. მარკო როისი ბორუსია (მ) 23 13 7 20
9. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 22 8 8 16
10. რაული შალკე 24 11 5 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული