რობერტ ლევანდოვსკის ფული ეცოტავა

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკის დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ BVB-ს ხელმძღვანელები თავს მშვიდად ვერ გრძნობენ, რადგან პოლონელი თავდამსხმელი შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისთვის ახლავე ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდათ.

ეს ლოგიკურია, რადგან ლევანდოვსკის გადაბირების სურვილი უკვე არაერთმა გუნდმა გამოთქვა - მათ შორის მიუნხენიც "ბაიერნმაც". მართალია, პოლონელმა თქვა, დორტმუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რეკორდმაისტერი არ მაინტერესებსო, მაგრამ "ბორუსიას" ბოსები სერიოზულად დაშინდნენ.

გაირკვა, რომ "დორტმუნდმა" ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელის მრჩეველი ჩეზარი კუხარსკი არ მალავს, რომ ახალი პირობებით იმედგაცრუებულია. მან
პოლონურ პრესას განუცხადა, რომ დორტმუნდის შეფებისგან მიღებული წინადადება ფეხბურთელისთვის შეურაცხმყოფელია. მისი თქმით, რობერტი ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააფორმებს, თუ "დორტმუნდში" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

შეგახსენებთ, რომ რობერტს გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 16 გოლი აქვს გატანილი და დორტმუნდელთა წარმატებების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია. თავდამსხმელის მრჩეველი ამბობს, თუ "ბორუსია" ჩვენთვის უპირველესი პარტნიორია და რობერტი კლუბის გამოცვლაზე არ ფიქრობს, მაგრამ ასეთ პირობებს ნამდვილად არ დავთანხმდებით, სხვამხრივ კი ახალი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად არ გვეჩქარებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული