გერმანია. ბუნდესლიგა. XXVI ტურის გამოხმაურება: მკვლელის ინსტინქტი ბავარიულად

AutoSharing Option
"ბაიერნმა" კიდევ ერთი მეტოქე გაასწორა მიწასთან - რეკორდმაისტერის მსხვერპლი ამჯერად ბერლინის "ჰერტა" გახდა.

მიუხედავად ამისა, დორტმუნდის "ბორუსიაში" მშვიდად არიან. მეტიც: დორტმუნდელები ამ უქმეებზე პირველად ალაპარაკდნენ ჩემპიონობაზე - მხოლოდ ახლაღა დაადასტურეს ოფიციალურად, რომ ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

* * *
20 გოლი სამ მატჩში - აი, ასეთი ბრწყინვალე კვირა ჰქონდა მიუნხენის "ბაიერნს". ბავარიული გრანდი არა მარტო შესანიშნავ ფორმაშია, არამედ მკვლელის ინსტინქტიც დაიბრუნა - როცა მიუნხენელები ხედავენ, რომ მეტოქე წინააღმდეგობას ვერ უწევს, მადა უორმაგდებათ და მოწინააღმდეგეს ბოლომდე ქოლავენ.

ის ფაქტი, რომ "ჰერტასთან" მატჩის
დროს ფრანკ რიბერიმ და ტონი კროოსმა ყველასათვის კარგად ნაცნობი საბავშვო თამაში "ჯეირანი" ითამაშეს იმაზე, თუ რომელ მათგანს უნდა დაერტყა ჯარიმა, ბევრისთვის "ბაიერნის" გაკრიტიკების მიზეზი გახდა, ბევრისთვის კი იმის დასტური იყო, რომ დღესდღეობით მიუნხენელები ფეხბურთის თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებენ.

მიუხედავად "ბაიერნის" ასეთი დაუჯერებელი აღმასვლისა, დორტმუნდელებს ნერვიულობა არ ეტყობათ - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. "ბორუსიამ" "ვერდერთან" მორიგი გამარჯვება იზეიმა და აბა, გაიხსენეთ, როდის წააგო იურგენ კლოპის გუნდმა ბოლოს?..

უკიდურესად დაიძაბა გადარჩენისთვის ბრძოლაც. "ჰამბურგს" ეს საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა, მაგრამ ტორსტენ ფინკის გუნდმა "ფრაიბურგთან" იმდენად ცუდად ითამაშა, რომ ახლა გამორიცხული აღარაფერია.

ყველაზე ცუდ დღეში მაინც "კაიზერსლაუტერნია" - "ეშმაკები" მეორე ბუნდესლიგისკენ მიექანებიან.

იბიშევიჩი სენტიმენტების გარეშე
ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობისთვის დაუწერელი კანონია ის, რომ ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი საუკეთესო შემთხვევაში საერთოდ არ უნდა იზეიმო, ან, როგორც მინიმუმ, მოკრძალებულად უნდა გაიხარო. ვედად იბიშევიჩი ამ კანონს არ აღიარებს!

ბოსნიელი თავდამსხმელი საფეხბურთო ევროპამ "ჰოფენჰაიმიდან" გაიცნო. სხვანაირად რომ ვთქვათ, "ვედო" "კაცად ჰოფეში იქცა". მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ხშირად ამბობდა, გუნდის გამოცვლა მინდაო და აი, იანვარში "სოფლელებმა" ბოლოს და ბოლოს გაუშვეს - იბიშევიჩი "შტუტგარტში" გადავიდა. ამ უქმეებზე კი ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა (შვაბებმა 2:1 მოიგეს) და ბოსნიელმა ორივე გოლი მაგრად იზეიმა...

"გატანილი გოლით გახარებას მხოლოდ მე თუ ავუკრძალავ საკუთარ თავს. ეს დუბლი ძალიან გამიხარდა, რაც გამოვხატე კიდეც", - თქვა მატჩის შემდეგ იბიშევიჩმა.

ეფენბერგი: თავში არ აგივარდეთ!
ლეგენდარულმა ბაიერნელმა შტეფან ეფენბერგმა, რომელიც დღეს ტელეკომპანია "სქაის" ექსპერტია, რეკორდმაისტერის ფეხბურთელები ჯარიმის შესრულებამდე "ჯეირანის" თამაშის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

ეფემ "ბაიერნის" ფეხბურთელებისგან მეტი სერიოზულობა მოითხოვა და თქვა, ეს კომედია დასჯადია, რაც უნდა დიდი ანგარიშით იგებდე, მეტოქის დაცინვა დაუშვებელიაო.

მართალია, რიბერიმ (რომელმაც "ჯეირანი" მოიგო) თავი იმართლა, "ჰერტას" დაცინვა აზრადაც არ მომსვლია, უბრალოდ გავერთეთო, მაგრამ ეფენბერგის სიტყვები უფრო წონადი აღმოჩნდა - მისი კრიტიკა თითქმის მთელმა საფეხბურთო გერმანიამ აიტაცა.

საერთო ჯამში, ეს არ იყო მთავარი და არც ის, რომ მიუნხენელებმა ისევ ბევრი გოლი გაიტანეს - გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ რეკორდმაისტერმა "დორტმუნდს" უფრო მეტად დაწინაურების შანსი არ დაუტოვა და ისევ 5 ქულით ჩამორჩება.

ბერლინელები კი ბედნიერები არიან იმით, რომ ბავარიელებმა გერმანიის დედაქალაქი დატოვეს და "ჰერტას" "ბაიერნთან" მომდევნო სეზონამდე საქმე აღარ ექნება...

კელი: ხალხი დაგვცინებს!
მაინც როდის წააგო "დორტმუნდმა" უკანასკნელად? გერმანიის მოქმედი ჩემპიონის უკანასკნელ მარცხს დახმარების გარეშე მხოლოდ სტატისტიკის ფანატიკოსები თუ გაიხსენებენ.

ეს 2011 წლის 18 სექტემბერს მოხდა: "ბორუსიას" მარცხი "ჰანოვერმა" აგემა (2:1). მას მერე ბუნდესლიგაში 20 ტური ჩატარდა და BVB-ს ფეხბურთელებს აღარ ახსოვთ, როგორია წაგების გემო.

წესით და რიგით, დორტმუნდელები უკვე იმაზეც უნდა ფიქრობდნენ, თუ რომელი სასმელი უნდა დაილიოს საჩემპიონო ზეიმზე - ლუდი თუ შამპანური? მაგრამ "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ამ თემაზე საუბარს ისევ გაურბის და ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აღიარებს იმას, რომ მისი გუნდის მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა.

სამაგიეროდ, "ვერდერთან" 1:0-ის შემდეგ ჩემპიონობაზე ოფიციალურად ალაპარაკდა დორტმუნდელთა კაპიტანი სებასტიან კელი:

"ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან უკვე სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები არ ვართ", - კაპიტანი მართალია!

არა, ჰამბურგის საშველი არ იქნება!
"ჰამბურგისა" და "ფრაიბურგის" მატჩის (1:3) საფინალო სასტვენამდე ჩრდილოგერმანული კლუბის პირველ ბუნდესლიგაში გატარებული დრო 48 წელი, 206 დღე და 30 წუთი გახლდათ.

წესით, შეხსენებას აღარ უნდა საჭიროებდეს, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ ბუნდესლიგის დაარსების (1963 წელი) შემდეგ "ჰამბურგი" ელიტიდან არასდროს გავარდნილა.

არა, ჩრდილოელები ახლაც არ არიან გავარდნილები და მეტიც, გადარჩენის ბარე ორ გუნდზე უკეთესი შანსი აქვთ, მაგრამ ფინკის გუნდმა გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ფრაიბურგთან" ისე ცუდად ითამაშა, რომ არცთუ მცირეა შანსი, პირველად სწორედ წელს დაქვეითდეს.

მართალია, HSV-ს სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი დარწმუნებულია იმაში, რომ მისი გუნდი არ გავარდება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ფინკის გუნდმა ისევ მაგრად აურია და ქვესკნელისკენ მიიწევს. ასე განსაჯეთ, "ჰამბურგს" უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და სარელეგაციო მე-16 ადგილს ოდენ 2 ქულაღა აშორებს.

ჩვენი აზრით, "ჰამბურგი" მაინც არ გავარდება, რადგან ამ გუნდს არაერთ კონკურენტზე მეტი პოტენციალი გააჩნია. მთავარი ის არის, რომ გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლისის გუნდის საშველი არ ჩანს. წლები გადის, HSV მწვრთნელებს ისე იცვლის, როგორც წინდებს და ხელმძღვანელობაც გამოიცვალა, მაგრამ ძველი დიდების დაბრუნებას ვინ ჩივის, ჰამბურგელები სეზონიდან სეზონამდე ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგანან...

კაიზერსლაუტერნში უიმედო სიტუაციაა
ბუნდესლიგის ყველაზე გაჭირვებული გუნდი უდავოდ "კაიზერსლაუტერნია" - "წითელ ეშმაკებს" უკვე წითელი აენთოთ! მართალია, პფალცელებმა "შალკესთან" საშინაო მატჩში ცოტა ხანს გაძლეს და იგებდნენ კიდეც, მაგრამ ცოტა ხანს გაძლება ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის - 1. FCK საკუთარ "ფრიც-ვალტერ-შტადიონზე" საბოლოოდ 1:4 განადგურდა და ბოლო ადგილზე დარჩა.

"კაიზერსლაუტერნის" განსაკუთრებული ფანები "ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდას" სკანდირებდნენ. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი ივარაუდეს, რომ თუ გუნდი უახლოეს მომავალში შედეგებს არ გამოასწორებს, დიდი შანსია, მწვრთნელი შეუცვალონ.

"ლაუტერნის" ხელმძღვანელები კი ჯიუტად იმეორებენ, რომ მარკო კურცის შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ ჯერ კიდევ არ დგას. ეს მენეჯერმა შტეფან კუტცმა თქვა. საქმე ისაა, რომ უკვე თავად ჰერ კუნტცის შესაძლებლობები დგას კითხვის ნიშნის ქვეშ...

26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.
1. რონ-რობერტ ცილერი ჰანოვერი 2
2. ხალიდ ბულარუზი შტუტგარტი 2
3. კრისტიან ფუხსი შალკე 4
4. სებასტიან ლანგკამპი აუგსბურგი 2
5. სოკრატისი ვერდერი 3
6. ტონი კროოსი ბაიერნი 5
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 9
8. თომას მიულერი ბაიერნი 4
9. პატრიკ ჰელმესი ვოლფსბურგი 1
10. არიენ რობენი ბაიერნი 4
11. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 4

შენიშვნა: ს.მ.რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი
არიენ რობენი (ბაიერნი, I)

როცა ჰოლანდიელი დრიბლიორი მოედანს ტოვებდა, მას არა მარტო "ბაიერნის", არამედ "ჰერტას" ფანებიც კი ფეხზე წარმოუდგნენ. 28 წლის გარემარბმა ქომაგებს მადლობა რიტმული ტაშით გადაუხადა.

მოგვიანებით "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა თქვა, ეს ისევ ის არიენ რობენია, რომელზეც მთელი მიუნხენი გიჟდებაო. სამი გოლი, ერთი საგოლე პასი და ერთიც მშვენიერი საქციელი (მარიო გომესს პენალტი დაუთმო) - ასეთი იყო რობენის მონაგარი შაბათს საღამოს, ბერლინში 6:0-ით მოგებულ მატჩში.

თავად ჰოლანდიელი კი ამჯერად თავმდაბალი გახლდათ - ეს არ იყო ჩემი საუკეთესო თამაშიო.

საუკეთესო ფეხბურთელები
26 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
2. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.56
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.58
4. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.61
5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.65
6. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.66
7. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.71
8. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.76
9. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.76
10. სებასტიან კელი ბორუსია (დ) 2.77

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 24 20 10 30
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 25 11 16 27
3. მარიო გომესი ბაიერნი 25 22 3 25
4. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 26 16 8 24
5. კლაუდიო პისარო ვერდერი 22 16 8 24
6. მარკო როისი ბორუსია (მ) 24 14 8 22
7. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 26 14 7 21
8. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 21 16 5 21
9. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 23 9 8 17
10. რაული შალკე 25 12 5 17

სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 26 18 5 3 53-16 59
2. ბაიერნი 26 17 3 6 64-17 54
3. ბორუსია (მ) 26 15 6 5 39-16 51
4. შალკე 26 16 2 8 58-34 50
5. ლევერკუზენი 26 11 7 8 39-34 40
6. ვერდერი 26 11 6 9 40-39 39
7. ჰანოვერი 26 9 11 6 34-36 38
8. შტუტგარტი 26 10 6 10 43-34 36
9. ვოლფსბურგი 26 10 4 12 34-47 34
10. ნიურნბერგი 26 9 4 13 25-37 31
11. მაინცი 26 7 9 10 38-41 30
12. ჰოფენჰაიმი 26 7 9 10 29-37 30
13. კიოლნი 26 8 4 14 33-50 28
14. ჰამბურგი 26 6 9 11 30-48 27
15. აუგსბურგი 26 5 11 10 27-40 26
16. ფრაიბურგი 26 6 7 13 33-53 25
17. ჰერტა 26 5 8 13 26-47 23
18. კაიზერსლაუტერნი 26 3 11 12 17-36 20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული