გერმანიის თასი. ნახევარფინალის წინ: დორტმუნდის "ბორუსიას" სიფრთხილე მართებს

AutoSharing Option
გერმანიის თასი. ნახევარფინალი
20 მარტი
ფიურტი-ბორუსია (დ) 23:30

21 მარტი
ბორუსია (მ)-ბაიერნი 23:30

20 და 21 მარტს გერმანიის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. 20 მარტს მეორე ბუნდესლიგის ლიდერი "ფიურტი" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს, 21-ში კი მიონხენგლადბახში ადგილობრივი "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" მიიღებს.

"ფიურტმა" ახლო წარსულში ორჯერ შეძლო გერმანიის თასის მეოთხედფინალში გასვლა, ფინალში კი ვერცერთხელ გააღწია. 2003/04 წლების სეზონში ეს გუნდი მეოთხედფინალში "ვერდერთან" დამარცხდა (2:3), 2009/10 წლების სეზონში კი, ასევე მეოთხედფინალში, "ბაიერნთან" (2:6). ამჯერად კი "ფიურტი" ნახევარფინალშია, რაც ამ გუნდის ისტორიაში პირველი შემთხვევა გახლავთ.

რა შანსი
აქვს მიხაელ ბიუსკენსის გუნდს გერმანიის ჩემპიონთან? მართალია, გერმანულ ფეხბურთში "ფიურტი", ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ამ სეზონში ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. "ფიურტი" პირველ ბუნდესლიგაში გადასვლისთვის იბრძვის და მიზნის მიღწევასთან საკმაოდ ახლოსაა (56 ქულით ლიდერობს).

ამასთან, ბიუსკენსის განკარგულებაში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელია. მას ორი საკმაოდ კარგი თავდამსხმელი ჰყავს: ოლივიე ოუშენი 15 გოლით მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, კრისტოფერ ნიოთეს კი 22 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. ამასთან, ფიურტელია გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჯერალდ ასამოაც.

"ბორუსიამ" გერმანიის თასი ბოლოს 1989 წელს (ფინალში 4:1 "ვერდერთან") მოიგო და შესაბამისად, დორტმუნდელები ძალიან მონდომებულები არიან. BVB-ს გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე ფეხბურთელებს აფრთხილებს, "ფიურტი" საკმაოდ ძლიერი გუნდიაო.

"ამ სეზონში მათი თამაში რამდენჯერმე ვნახე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბიუსკენსს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ წელს პირველ ბუნდესლიგაში გადმოსვლას მოახერხებენ. მეორე ბუნდესლიგას დამსახურებულად ლიდერობენ და თუ ყურადღებით არ ვიქნებით, ჩვენთვის საქმის გართულება ნამდვილად შეუძლიათ", - აცხადებს ვატცკე.

სავარაუდო შემადგენლობები
ფიურტი (4-2-2-2): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, პრიბი - კლაუსო, სარარერი - ოუშენი, ნიოთე.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული