"გლადბახი" ჩემპიონთა ლიგაში! როგორია?

AutoSharing Option
იგორ დე კამარგომ, 88-ე წუთზე "ლევერკუზენს" გოლი რომ გაუტანა, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი სიხარულისგან გაგიჟებული მოედანზე შევარდა, 40 მეტრი ირბინა და გოლი, რომელიც "გლადბახის" გამარჯვებას მოასწავებდა, შეგირდებთან ერთად იზეიმა.

"ბორუსიამ" დარჩენილ დროში 2:1 უპრობლემოდ შეინარჩუნა და 54 წლის შვეიცარიელი სპეციალისტის ერთი შეხედვით გადამეტებული სიხარული სულაც არ გახლავთ გადაჭარბებული, რადგან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გოლმა გლადბახი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა.

მართალია, სეზონის ფინიშამდე კიდევ 8 ტურია დარჩენილი, მაგრამ ჯერ ერთი, ეს უშუალო კონკურენტთან გამარჯვება, ეგრეთ წოდებული "ექვსქულიანი" მოგება იყო
და მეორეც: "გლადბახი" მეხუთეადგილოსან "ლევერკუზენს" ახლა უკვე მთელი 11 ქულით უსწრებს. რა უნდა მოხდეს დარჩენილ რვა ტურში ისეთი, რომ ფავრის გუნდმა ეს უპირატესობა გაანიავოს?

"დე კამარგოს გოლმა ისე გამახარა, რომ თავი ვეღარ შევიკავე. ზოგადად, მატჩიც ძალიან ემოციური გამოვიდა და იმედია, ამ სლალომის გამო არ დამძრახავენ. ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ 1:1-ის შემდეგ ჩემი ბიჭები მოგებაზე თამაშობდნენ.

ჩვენს ადგილზე სხვა გუნდი ფრეზე ითამაშებდა. ჩვენ კი ბოლომდე გამარჯვებისთვის ვიბრძოლეთ, რაც დაგვიფასდა კიდეც, - თქვა საფინალო სასტვენის შემდეგ ლუსიენმა და იქვე დასძინა, - კარგ ფორმაში ვარ, არა?"

"გლადბახის" თავკაცი მართლაც კარგ ფორმაშია - უკეთესში, ვიდრე თვით დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი. ამ უკანასკნელმა (44 წლისაა) დეკემბერში, "ფორტუნასთან" პენალტების სერიაში მოგებული სათასო მატჩის შემდეგ ანალოგიური სლალომი განახორციელა და ტრავმა მიიღო, შვეიცარიელს კი კუნთიც არ დაჭიმვია.

მისი ასეთი სიხარული მიონხენგლადბახური პუბლიკისთვის იმის ნიშანი იყო, რომ ფავრი არსად წასვლას არ აპირებს და გუნდს ჩემპიონთა ლიგაშიც დამოძღვრავს.

"გლადბახი" ჩემპიონთა ლიგაში? საინტერესოა! ძალიან საინტერესო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული