ფიურტი (4-2-2-2): გრიუნი (118. ფეჟიჩი) - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, პრიბი - კლაუსი (85. ასამოა), სარარერი - ოუშენი, ნიოთე (69. ცილნერი).
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (82. გიუნდოგანი), კელი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა (70. ბარიოსი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (106. პერიშიჩი).
გოლი: 0:1 გიუნდოგანი (120)
გაფრთხილება: ნერიგი, შმიდტგალი, პრიბი, ოუშენი - ლევანდოვსკი, სუბოტიჩი, ბარიოსი
მაყურებელი: 15 500
მეორე და პირველი ბუნდესლიგების ლიდერების მატჩი, ბევრისთვის მოულოდნელად, ძალიან საინტერესო და დრამატული
დარტყმა, ძელი, ზურგი, გოლი - საფინალო სასტვენი! 120-ე წუთზე გიუნდოგანმა სწორედ ასეთი გოლი გაიტანა: მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ "ფიურტის" კარის ძელს მოხვდა, მერე მეკარე იასმინ ფეჟიჩს და კარში შევარდა. ამ გოლს წინ ერთობ საინტერესო ისტორია უძღოდა: ფეჟიჩი "ფიურტის" სათადარიგო მეკარეა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ ბიუსკენსმა მოედანზე 118-ე წუთზე შეიყვანა.
მან ძირითადი კიპერი მაქს გრიუნი მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ ყველამ იცის - აყლაყუდა ფეჟიჩს პენალტების მოგერიება მასზე უკეთ ეხერხება. ვინ იცის, იქნებ გრიუნს გიუნდოგანის დარტყმა მოეგერიებინა კიდეც, რადგან მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა...
"წინასწარვე ვიყავით შეთანხმებულები იმაზე, რომ თუ საქმე პენალტების სერიამდე მივიდოდა, გრიუნს გამოვიყვანდი და კარში ფეჟიჩს ჩავაყენებდი. სამწუხაროდ, 120-ე წუთზე გოლი მაინც მივიღეთ," - განრისხებული იყო 44 წლის ბიუსკენსი, რომელსაც 2007 წელს მომხდარის გამეორება სურდა: მაშინ "ნიურნბერგის" თავკაცი ჰანს მაიერი თასის ნახევარფინალში ზუსტად ასე მოიქცა, როცა "ჰანოვერთან" მატჩში (4:2 პენალტების სერიაში) 119-ე წუთზე მოედანზე სათადარიგო მეკარე დანიელ კლევერი შეუშვა, ამ უკანასკნელმა კი თერთმეტმეტრიანების სერიაში ორი პენალტი მოიგერია და მატჩის გმირი გახდა. ფეჟიჩს კი არ გაუმართლა - საქმე პენალტების სერიამდე აღარ მისულა...
კლოპი: ჩელსი არა, ისა...
"ფაქტია, მეტოქე ნაადრევად განეწყო იმისთვის, რომ დარჩენილ დროში გოლი აღარ გავიდოდა, მაგრამ ჩვენ სწორედ იმ ორ წუთში გავიტანეთ გოლი, რომელმაც ფინალში გაგვიყვანა.
ეს ძალიან მაგარია!" - ბრწყინვალე ხასიათზე იყო "დორტმუნდის" თავკაცი იურგენ კლოპი, რომელმაც ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, "ოქროს გოლის" ავტორი შეაქო: "ილქაი გიუნდოგანი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კარისკენ იშვიათად ურტყამს ხოლმე. სანამ მოედანზე გავიყვანდი, ვუთხარი, კარში ერთხელ მაინც დაარტყი-მეთქი და როგორც ხედავთ, დამიჯერა. იმედია, ამიერიდან უფრო ხშირად ცდის ბედს, რადგან მე ვიტყოდი, რომ ვინც კარში არ ურტყამს, გოლსაც ვერ გაიტანს."
მატჩის შემდეგ ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კლოპს ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებულ სპეკულაციებზე კომენტარის გაკეთებაც სთხოვეს. ამ დღეებში ინგლისურ და გერმანულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ "ჩელსის" ბოს რომან აბრამოვიჩს გუნდის მთავარ მწვრთნელად სწორედ კლოპი უნდა. "სად-სად და, "ჩელსიში" ნაღდად არ გადავალ!" - ასეთი იყო იურგენის პასუხი.
დორტმუნდულ-გელზენკირხენული დაკა-დაკა
მართალია, "ფიურტი" ნამდვილად არ არის "შალკე", მაგრამ მეორე ბუნდესლიგის ლიდერს შალკელი მწვრთნელი (ბიუსკენსი) და "შალკესთან" ასოცირებადი ვეტერანი თავდამსხმელი (ჯერალდ ასამოა) ჰყავს.
ამიტომაც საფინალო სასტვენის შემდეგ სწორედ მოსალოდნელი დორტმუნდულ-გელზენკირხენული შეხლა-შემოხლა დაიწყო. რაკი მსაჯმა ფლორიან მაიერმა გიუნდოგანის გოლის შემდეგ პირდაპირ ჩასტვინა და ფიურტელებს ანგარიშის გასათანაბრებლად ერთი წუთიც არ მისცა, მასპინძლები ამის გამო ძალიან გაბრაზდნენ - ასამოამ დორტმუნდელ გროსკროიტცს შეუტია! კევინი ის კაცია, ვისაც შალკელები დორტმუნდელთაგან ყველაზე მეტად ვერ იტანენ, რადგან გროსკროიტცი გელზენკირხენულ კლუბზე ყოველთვის აგდებით ლაპარაკობს.
ასამოა ამბობს, კევინი ჩემს პროვოცირებას ცდილობდაო. ასე დაიჩივლა "ფიურტის" მწვრთნელმა ბიუსკენსმაც - გროსკროიტცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენაო და კევინის საქციელს სამარცხვინო უწოდა. გროსკროიტცმა კი თქვა, მე მხოლოდ გიუნდოგანის გოლს და ჩვენს გამარჯვებას ვზეიმობდი, ხოლო ის ფაქტი, რომ ბიუსკენსი და ასამოა ძველი შალკელები არიან, იმ მომენტში ნამდვილად ფეხებზე მეკიდაო.
ასამოამ კი მომხდარზე სერიოზული კომენტარი აღარ გააკეთა და მხოლოდ ის თქვა, კევინ გროსკროიტცზე ლაპარაკს არ ვაპირებ, ეგ ტიპი ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებსო. სამაგიეროდ, კევინი ყოფილმა გერმანელმა მსაჯმა, მარკუს მერკმა გააკრიტიკა - გიუნდოგანის გოლის შემდეგ მუშტებს მართლა უშნოდ იქნევდა და ვფიქრობ, ასე არ უნდა მოქცეულიყოო.
ასამოა და გროსკროიტცი ერთმანეთისკენ იწევდნენ - ისინი "ფიურტის" მცველმა მავრაიმ გააშველა. ამ უკანასკნელმა მატჩის შემდეგ თქვა, კევინმა ჯერალს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენაო, რაც სერიოზული ბრალდებაა. გროსკროიტცი, რა თქმა უნდა, უარყოფს...
ფიურტი: ჯერ ელიტა, მერე ახალი სტადიონი
ბიუსკენსის თქმით, "ფიურტი" ამ ტრაგიკულ საღამოს მალე დაივიწყებს და ამიერიდან მთლიანად მეორე ბუნდესლიგაზე იქნება კონცენტრირებული, სადაც პირველ ადგილზეა და შესანიშნავი შანსი აქვს, მომდევნო სეზონში ელიტაში ითამაშოს. მომავალ უქმეებზე "ფიურტი" ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუეს" ეთამაშება - იაშკა და კომპანია იმედოვნებენ, რომ ბიუსკენსის გუნდი გადაღლილი იქნება.
ამასობაში დროებით უმუშევარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი, რომელიც ახლა ტელეკომპანია "სქაის" ექსპერტია, დარწმუნებულია იმაში, რომ "ფიურტი" წელს პირველი ბუნდესლიგის საგზურს მოიპოვებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კლუბის ხელმძღვანელები ახალი, გაცილებით უკეთესი და დიდი ტევადობის თანამედროვე სტადიონის აშენებას გეგმავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"