გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელები ამიტომაც ანერვიულდნენ - მათ ჰუნტელაარის დაკარგვა არ უნდათ.
გერმანული პრესის ცნობით, "შალკეს" ბოსებს უნდათ, რომ ჰოლანდიელი გოლეადორი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. "ბილდის" ინფორმაციით, გუნდის შეფები ჰუნტელაარს ხელფასის 8 მილიონ ევრომდე გაზრდას უპირებენ.
ეს
ფაქტია, რომ ჰელდტი, პირველ რიგში, იმ ფეხბურთელებს "დაერევა", რომლებიც "შალკეში" ფელიქს მაგათმა გადაიყვანა და რომლებიც გელზენკირხენულ კლუბს არაფერში გამოადგნენ. მართალია, თავად ჰუნტელაარიც მაგათის ნაყიდია, სამაგიეროდ, "დესპოტმა ფელიქსმა" კიდევ არაერთი ისეთი მოთამაშე იყიდა, რომლებიც დღეს "შალკეს" ვერაფერში ადგებიან.
მაგალითად, მანუელ ხურადო, სერხიო ესკუდერო და ალექსანდერ ბაუმიოჰანი მუდმივად სათადარიგოთა სკამზე სხედან; ედუ, ანტონი ანანი, ვასილიოს პლიციკასი, ჩიპრიან დეაცი, მარიო გავრანოვიჩი და იან მორავეკი კი განათხოვრებულები არიან.
"შალკეში" ცხრავე მათგანი მაგათმა მიიყვანა და საერთო ჯამში, ამ ფეხბურთელების წლიური ხელფასი 15 მილიონი ევროა. ეს კი ის ფულია, რაც "შალკეს" ჰუნტელაარის ჯამაგირის დასაფინანსებლად სჭირდება.
ამათგან გაყიდვის უპირველესი კანდიდატი ესპანელი ნახევარმცველი ხურადოა, რომელიც "შალკეს" 2010 წელს 13 მილიონი ევრო დაუჯდა (ხურადო გელზენკირხენში მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა).
გაირკვა, რომ მილანის "ინტერი" მზადაა, ხურადოს სანაცვლოდ 8 მილიონი გადაიხადოს და ფაქტია, რომ გელზენკირხენელები ამ შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდებიან. ორიოდე დღის წინ ხურადომ ესპანურ გაზეთ "მარკას" უთხრა, ზაფხულში "შალკედან" წასვლას ვაპირებო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"