კრასიმირ ბალაკოვი, სავარაუდოდ, "კაიზერის" მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
21 მარტის ნომერში ვწერდით, რომ "შალკესთან" 1:4-ზე განადგურებისა და ბოლო ადგილზე დარჩენის შემდეგ (1.FCK-ს ბუნდესლიგაში 16-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს) "კაიზერსლაუტერნის" ხელმძღვანელებმა ლოგიკური ნაბიჯი გადადგეს და მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი გაათავისუფლეს.

აიმავე ნომერში გაუწყეთ ისიც, რომ "ეშმაკების" დამრიგებლის პოსტზე ფავორიტი ბულგარელი სპეციალისტი კრასიმირ ბალაკოვია, რომელსაც აქტიური სპორტული კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ბუნდესლიგაში აქვს გატარებული და რომელსაც ცოტა ხნის წინ ბერლინის "ჰერტას" თავკაცობასაც უწინასწარმეტყველებდნენ.

გუშინ "ბილდი" დარწმუნებით წერდა, რომ "კაიზერსლაუტერნს" მართლაც 45 წლის ბალაკოვი ჩაიბარებს, რომელსაც პფალცელები დღეს ელიან. ლოგიკურად, დღესვე უნდა
გაფორმდეს კონტრაქტიც. ბალაკოვი უმუშევარი არ არის - იგი სპლიტის "ჰაიდუკის" მთავარი მწვრთნელია და ამ კლუბთან ერთად გუშინ თამაში ჰქონდა.

ბალაკოვს "ჰაიდუკთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბალაკოვს გუნდის ნაადრევად დატოვება შეუძლია - თუკი მისი მსურველი ერთ მილიონ ევროს გადაიხდის. "ბილდის" ცნობით, "კაიზერსლაუტერნი" მზადაა, ბალაკოვის კონტრაქტი გამოისყიდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული