იურგენ კლოპი: კევინ გროსკროიტცი რასისტი არ არის!

AutoSharing Option
22 მარტის ნომერშიც ვწერდით, რომ გერმანიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩს (ფიურტი-დორტმუნდი 0:1) დიდი დისკუსიები მოჰყვა.

გაგახსენებთ, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ დორტმუნდელი კევინ გროსკროიტცი და ფიურტელი ჯერალდ ასამოა ერთმანეთს წაეკიდნენ. მატჩის შემდეგ კი "ფიურტის" მცველმა მერგიმ მავრაიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა, გროსკროიტცმა ასამოას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენაო.

"ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ შეურაცხყოფდა გროსკროიტცი ასამოას მისი კანის ფერის გამო. მოედანზე ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს!" - ამბობდა მავრაი, რითაც დორტმუნდელ გროსკროიტცს სერიოზული ბრალდება წაუყენა.

22 მარტს ამ ამბავს "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი გამოეხმაურა -
გერმანიის მოქმედი ჩემპიონის 44 წლის დამრიგებელი დარწმუნებულია, რომ გროსკროიტცი ასამოას რასისტულ შეურაცხყოფას არ მიაყენებდა.

"100 პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კევინი უდანაშაულოა. გროსკროიტცი ზოგადად ზომიერად აგრესიული ფეხბურთელია და სიმართლე თუ გინდათ, ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან. რასისტული აზროვნება მისთვის ერთი პროცენტითაც არ არის დამახასიათებელი.

გუნდში მისი საუკეთესო მეგობრები არგენტინელი ლუკას ბარიოსი და იაპონელი შინჯი კაგავა არიან, - უთხრა კლოპმა "ბილდს" და იქვე დასძინა, - ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ადამიანი, ვიდრე რას ამბობს. მე ვიცი, რომ გროსკროიტცი რასისტულად არ ფიქრობს და რასიზმთან არანაირი შეხება არ აქვს. შესაძლოა, ასამოას ლურჯი ფერი უხსენა, ისიც "შალკეს" გამო. სხვა ფერს კი ნამდვილად არ ახსენებდა."

ასამოასთვის რასისტული შეურაცხყოფის მიყენება თავად 23 წლის გროსკროიტცმაც უარყო. "ასამოასთვის ასეთი არაფერი მითქვამს. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. მეტიც: ასამოასთვის საერთოდ არაფერი მითქვამს! უბრალოდ, ჩვენს გამარჯვებას ვზეიმობდი," - უთხრა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა "ბილდს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული