მიუნხენში კლაუდიო პისაროზე მართლა ფიქრობენ!

AutoSharing Option
ივიცა ოლიჩმა "ვოლფსბურგში" გადასვლა გადაწყვიტა და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილია. ნილს პეტერსენს კი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მობეზრდა და ბავარიელები მას ზაფხულში ან გაყიდიან, ანაც გაანათხოვრებენ - შესაბამისად, მიუნხენის "ბაიერნს" მომავალი სეზონისთვის აუცილებლად სჭირდება მინიმუმ ერთი ახალი ცენტრფორვარდი.

"კიკერისა" და "ბილდის" ცნობებით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები მართლა სერიოზულად ფიქრობენ "ვერდერის" ვეტერან გოლეადორ კლაუდიო პისაროზე, რომელიც, თავის მხრივ, მიუნხენში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

პისაროს სიტუაცია ასეთია: 33 წლის პერუელმა მარტის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს, გაწყვეტს თუ არა ზაფხულში "ვერდერთან" გაფორმებულ კონტრაქტს, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ კლაუდიო
სატრანსფერო ბაზარზე უფასო გახდება. აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა 2013 წლამდე აქვს და ბრემენელები პისაროს სულაც ახალ კონტრაქტს სთავაზობენ - მისი შენარჩუნება 2014 წლამდე სურთ.

ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, საით მიდის ტენდენცია. ფაქტი კი ის გახლავთ, რომ პისარო "ბაიერნში" გადასვლას არ გამორიცხავს - მიუნხენში კარიერის საუკეთესო წლები მაქვს გატარებული და იქ დაბრუნებაზე რატომაც არ უნდა ვფიქრობდეო.

პისარო "ბაიერნში" 2001-იდან 2007 წლამდე თამაშობდა და რეკორდმაისტერის ფორმით ბუნდესლიგის 174 მატჩში 71 გოლი გაიტანა. პერუელი არ მალავს, რომ მიუნხენელებთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მისი "ბაიერნში" დაბრუნება თავად მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მოისურვა. ამ უკანასკნელს პისაროს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.

კლაუდიოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 8 საგოლე პასია ("კიკერის" საშუალო შეფასება: 2.71 ბალი). საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენად დათანხმდება პისარო "ბაიერნში" სათადარიგოთა სკამის ხეხვას - მიუნხენელებს ხომ მარიო გომესი ჰყავთ და, უმეტესად, მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდით თამაშობენ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული