ლუკას ბარიოსი ფულის გამო ჩინეთში მიდის!

AutoSharing Option
ლუკას ბარიოსი ისეთი თავდამსხმელია, თუ დორტმუნდის "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობასი დაბრუნების იმედი დაკარგა, შეეძლო, არჩევანი რომელიმე ევროპულ კლუბზე შეეჩერებინა - სანაძლეოს ჩამოვალთ, რომ თუ მთლად სუპერგრანდები არა, მისით საშუალოზე მაღალი დონის ევროპული კლუბები ნაღდად დაინტერესდებოდნენ.

მაგრამ როგორც ირკვევა, 27 წლის გაპარაგვაელებულმა არგენტინელმა ფორვარდმა არჩევანი დიდი ხელფასის და ჩინეთში თამაშის სასარგებლოდ გააკეთა.

"ბილდის" ინფორმაციით, ბარიოსმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმა ჩინურ კლუბ "გვანჯუსთან", სადაც ზაფხულში გადავა. ლუკასი ამ კლუბთან ოთხწლიან ხელშეკრულებას აფორმებს და მისი ხელფასი წელიწადში 6.7 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდში ის
მხოლოდ 2.5 მილიონს იღებს და გერმანიის ჩემპიონთან ხელშეკრულება 2015 წლამდე აქვს გაფორმებული. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბორუსია" ჩინური გრანდისგან ბარიოსის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს.

წარმოშობით არგენტინელ ლუკასს, რომელიც ახლა პარაგვაის ნაკრების ღირსებას იცავს, ბუნდესლიგის 80 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი, ამ სეზონში კი მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, რადგან "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი სასტარტო შემადგენლობაში აღარ ათამაშებს.

თავად ფეხბურთელი ჯერჯერობით არაფერს ადასტურებს და "ბილდთან" საუბრისას ამბობს, სეზონის ბოლომდე მხოლოდ "ბორუსიაზე" ვარ კონცენტრირებული, მერე კი ვნახოთო.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ისიც გაარკვიეს, რომ ბარიოსს ჩინეთში გადასვლა თანამემამულე დარიო კონკამ ურჩია. ეს უკანასკნელი "გვანჯუში" 2011 წელს ბრაზილიური "ფლუმინენსედან" გადავიდა და ჩინურ გრანდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია (8 მილიონი ევრო წელიწადში).

საიდან აქვს ჩინურ კლუბს ამდენი ფული? "გვანჯუს" მილიარდერი ბიზნესმენი, 53 წლის ჩუ ჯიაინი ფლობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, წელს კლუბს 75 მილიონ ევროს დავახარჯავო. ამიტომაცაა, რომ ამ გუნდს უკვე აზიურ "ჩელსის" უწოდებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული