გერმანია. ბუნდესლიგა. XXVII ტური: ახლა დორტმუნდის "ბორუსია" გაგიჟდა!

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში ამჯერად დორტმუნდის "ბორუსიამ" იფრინა! თუკი წინა ტურებში "ბაიერნი" ახერხებდა 6 ან 7 გოლის გატანას, ამჯერად ეს დორტმუნდელებმა გააკეთეს - იურგენ კლოპის გუნდმა კიოლნში 6:1 მოიგო და რეკორდმაისტერთან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

შეუდარებელი გახლდათ დორტმუნდელთა იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა, რომელმაც დუბლი შეასრულა (ერთი გოლი ულამაზესი გამოუვიდა) და საგოლე პასიც გააკეთა.

ამრიგად, "დორტმუნდი" ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად რჩება - მეორე წრეში "ბორუსიას" 30 შესაძლოდან 28 ქულა აქვს აღებული...

ბაიერნი ისევ ნოიერმა იხსნა!
"ბაიერნმა" კი 6 ან 7 გოლი ვეღარ გაიტანა, მაგრამ მთავარი შედეგია:
მიუნხენელებმა 24 მარტს მორიგი სამი ქულა აიღეს. შუა კვირაში "გლადბახთან" გადატანილი 120-წუთიანი ბრძოლის გამო (გერმანიის თასის ნახევარფინალი) ბავარიელებს გადაღლა ეტყობოდათ და მატჩის მიწურულს კინაღამ დაისაჯნენ...

აღსანიშნავია, რომ იუპ ჰაინკესმა ძირითად შემადგენლობაში არც საუკეთესო ბომბარდირი მარიო გომესი (23 გოლი) გაამწესა და არც წამყვანი ნახევარმცველი თომას მიულერი. მათ ნაცვლად, მიუნხენური გრანდის სასტარტო თერთმეტეულში ყველასათვის მოულოდნელად ხორვატი ფეხბურთელები, ივიცა ოლიჩი და დანიელ პრანიჩი ვიხილეთ. ამ უკანასკნელმა ლუის გუსტავოს მხარდამხარ (ბასტიან შვაინშტაიგერი განაცხადშიც არ ყოფილა) დაიკავა ადგილი, ხოლო გამთამაშებლად კი ამჯერად ტონი კროოსი მოგვევლინა.

ჰაინკესის განმარტებით, მან მარიო და თომასი მცირე ტრავმების გამო დაასვენა, რაც ლოგიკურიცაა - რეკორდმაისტერს ამ კვირაში ხომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი (მარსელში) ელის.

მიუხედავად ამისა, "ბაიერნმა" "სასურველი მეტოქე" "ჰანოვერი" (ხუთი მოგება ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში) მაინც დაამარცხა. გოლები კროოსმა (რობენის პასით) და შეცვლაზე შესულმა გომესმა (კროოსის პასით) გაიტანეს. 73-ე წუთზე "ჰანოვერის" ფორვარდმა დიდიე ია კონანმა სხვაობა შეამცირა და "წითლებსაც" თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ.

გადაარჩენდნენ კიდეც, საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე მანუელ ნოიერს ბრწყინვალე რეაქცია რომ არ გამოევლინა - იმ მომენტში ჟერომ ბოატენგს ბურთის მოგერიება უნდოდა, მაგრამ აეჭრა და საკუთარი კარისკენ გაგზავნა, მაგრამ ნოიერმა რეაგირება მოასწრო და "ბაიერნი" იხსნა.

ამრიგად, მანუელი "ბაიერნს" ერთ კვირაში მეორედ მოევლინა მხსნელად - შეგახსენებთ, რომ გასულ ოთხშაბათს, გერმანიის თასის ნახევარფინალში "გლადბახთან" პენალტების სერიაში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი აიღო.

"ნამდვილად არ ველოდი, რომ ჟერომს ბურთი აეჭრებოდა და კიდევ კარგი, რომ ფხიზლად ვიყავი. მატჩის შემდეგ ბოატენგმა მადლობა გადამიხადა", - გახარებული გახლდათ ნოიერი, რომელიც ბოლო ორ მატჩში გაკეთებული სეივების გამო "ბაიერნის" ფანებს აშკარად უფრო მეტად შეუყვარდებოდათ.

ყველაზე კარგ ხასიათზე კი, რა თქმა უნდა, "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი გახლდათ, რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ თქვა, 11 აპრილს დორტმუნდში თუ მოვიგებთ, აუცილებლად გერმანიის ჩემპიონები გავხდებითო.

მოკლედ, "ბაიერნი" "მარსელთან" მატჩისთვის (ოთხშაბათს) მზადაა და პრინციპში, იგივე უნდა ვთქვათ "ჰანოვერზეც", რომელიც ხუთშაბათს ევროპალიგის მეოთხედფინალში "ატლეტიკოს" სტუმრობს, რადგან მირკო სლომკას გუნდმა მიუნხენში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თავად განსაჯეთ: მეორე ტაიმში ჰანოვერელები უფრო მეტჯერ შეეხნენ ბურთს (58%), ვიდრე მიუნხენელები და ბავარიელებს ორთაბრძოლების უმრავლესობაც მოუგეს (60%).

რეჰაგელმა გასაღებს მიაგნო?
"ჰერტამ" მაინცში სასიცოცხლო მნიშვნელობის თამაში მოიგო (3:1) და ეს ოტო რეჰაგელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ბერლინელთა მეხუთე მატჩში მეორე გამარჯვებაა.

მართალია, "ჰერტა" გასავარდნი ზონიდან ვერ ამოვიდა, მაგრამ ლევან კობიაშვილის გუნდს ახლა უკვე 26 ქულა აქვს და სარელეგაციო მე-16 ადგილზე დაქვეითებულ "ჰამბურგს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

ანგარიში 23 წლის ენის ბენ-ჰატირამ გახსნა, რომლის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენას არავინ ელოდა, მაგრამ რეჰაგელი მას ენდო და როგორც ხედავთ, წარმოშობით ტუნისელმა, ისე კი გერმანიის მოქალაქე გარემარბმა "მეფე ოტოს" იმედები არ გაუცრუა. აღსანიშნავია, რომ "ჰერტას" გასვლით მატჩში უკანასკნელი გოლი 17 დეკემბერს ჰქონდა გატანილი (ჰუბნიკი).

მეორე ტაიმის დასაწყისში ადრიან რამოსმა სხვაობა ორამდე გაზარდა და მართალია, მაინცელებმა ერთი ბურთი გაქვითეს (ჩუპო-მოტინგი), მაგრამ მერე რამოსმა დუბლი გაიფორმა და "ჰერტას" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ამრიგად, ბუნდესლიგის ყველაზე ასაკოვანი (რეჰაგელი 73 წლისაა) და ყველაზე ახალგაზრდა (თომას ტუხელი 38 წლისაა) მწვრთნელების დაპირისპირება გამოცდილმა ოტომ მოიგო.

ბალაკოვის ჩამწარებული დებიუტი
"კაიზერსლაუტერნის" დაღმასვლა ვერც კრასიმირ ბალაკოვმა შეაჩერა. 45 წლის ბულგარელი სპეციალისტისთვის სადებიუტო შეხვედრაში აუტსაიდერი გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ფრაიბურგთან" 0:2 დამარცხდა.

"ლაუტერნს" ახლა უკვე 17-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და "ეშმაკებს" მე-16 ადგილს 7 ქულა აშორებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 1. FCK-ს გადარჩენის შანსი თითქმის მინიმუმამდეა შემცირებული.

რა შეცვალა ახალმა მწვრთნელმა? ბალაკოვმა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ახალი ფეხბურთელი გაამწესა - მათ შორის 20 წლის თავდამსხმელი იულიან დერშტროფი, რომელიც "კაიზერსლაუტერნის" აღზრდილია და პირველ ტაიმში ერთადერთი საგოლე მომენტი სწორედ ამ უკანასკნელს შეექმნა.

მატჩის შემდეგ ბალაკოვმა თქვა, ჩვენს თამაშში ბევრი დადებითი ასპექტი შევნიშნეო...

შოკი მიონხენგლადბახში
"გლადბახს" ამ სეზონში საკუთარ მოედანზე წაგება არ ჰქონდა და სეზონის მთავარი აღმოჩენა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდებამდე ძალიან ცოტა აკლია, შინ პირველი მარცხი მაინცდამაინც "ჰოფენჰაიმთან" განიცადა.

მიონხენგლადბახელებმა პირველი ტაიმი მარკო როისის გოლის წყალობით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ორ წუთში ორი გოლი გაუშვეს და არწასაგები თამაში წააგეს - 77-ე წუთზე ანგარიში რობერტო ფირმინიომ (16 მეტრიდან) გაათანაბრა, 79-ეზე კი "ჰოფე" წინ ვუკჩევიჩმა (თავური დარტყმით) გაიყვანა, რის შემდეგაც "სოფლელებს" 2:1-ის შენარჩუნება აღარ გაუჭირდათ.

მართალია, "ჰოფეს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე დიდად არც აქამდე ემუქრებოდა, მაგრამ ახლა მარკუს ბაბელის შეგირდები უფრო მშვიდად იქნებიან, რადგან მე-10 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას 6 ქულა აშორებთ.

ვერდერი ბავშვებით ვერ გაფრინდება
"ვერდერს" "აუგსბურგთან" საშინაო მატჩში არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა და თომას შააფმა მოედანზე, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობა გაიყვანა, რის გამოც ნამდვილად არ არის გასაკვირი ის, რაც მატჩის 92-ე წუთზე მოხდა: "აუგსბურგმა" ანგარიში გაათანაბრა და ბრემენიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წაიღო.

ვიზე, პრიოდლი, პისარო, არნაუტოვიჩი, ნალდო, მარინი, ექიჩი - ეს იმ ფეხბურთელების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ თამაშობდნენ და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბრემენულმა კლუბმა ბუნდესლიგის ისტორიაში მისთვის ყველაზე ახალგაზრდა გუნდით ითამაშა - "ვერდერის" ძირითად შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 22.7 წელი გახლდათ.

გამოსარჩევია 19 წლის თავდამსხმელი ნიკლას ფიულკრუგი, რომელმაც "მუსიკოსები" მე-60 წუთზე დააწინაურა. მიუხედავად მორიგი წარუმატებლობისა, "ვერდერმა" საუკეთესო ექვსეულში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ მდევრებს უკიდურესად მიახლოების საშუალება მისცა.

ხუთთაბრძოლა ევროპალიგის საგზურისთვის
"შტუტგარტმა" 25 მარტს "ნიურნბერგი" დაამარცხა (1:0), მე-7 ადგილზეა და "ვერდერს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება; მე-8 ადგილზე "ჰანოვერია", რომელსაც "ვერდერამდე" ორი ქულა აშორებს; მეცხრეზე კი "ვოლფსბურგი", რომელმაც პარასკევს "ჰამბურგს" 2:1 მოუგო და საუკეთესო ექვსეულამდე მხოლოდ სამქულიანი ჩამორჩენა აქვს.

ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ლიგის საგზურებისთვის "ლევერკუზენი", "ვერდერი", "შტუტგარტი", "ჰანოვერი" და "ვოლფსბურგი" იბრძოლებენ.

ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ დიდი შანსია, მეშვიდეადგილოსანიც ევროპალიგაზე გავიდეს - თუ, რა თქმა უნდა, სასწაული არ მოხდა და თასის ფინალისტთაგან ერთ-ერთი, "დორტმუნდი" ან "ბაიერნი", ჩემპიონთა ლიგის ზონიდან არ გამოვიდნენ, რაც, დაგვეთანხმებით, ფანტასტიკის სფეროა...

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVII ტური
ვოლფსბურგი-ჰამბურგი 2:1
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ჰასებე, რუსი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - ჟოსუე (65. ირჟაჩეკი), პოლაკი (83. მადლუნგი) - მ. შეფერი, დეჟაგა - ჰელმესი (92. ვიერინია), მანჯუკიჩი.
ჰამბურგი (4-2-2-1-1): დრობნი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, აოგო - რინკონი, იაროლიმი (83. კაჩარი) - ილიჩევიჩი (80. ტიორე), იანსენი (76. სონი) - პეტრიჩი - ბერგი.
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (46), 1:1 ბერგი (47), 2:1 მ. შეფერი (75)
გაფრთხილება: ჟოსუე, პოლაკი, ფელიპე ლოპესი, ირჟაჩეკი - ვესტერმანი, რინკონი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 25-16; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 15(4)-6(1); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 30 000

ბაიერნი-ჰანოვერი 2:1
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, პრანიჩი (57. ტიმოშჩუკი) - რობენი, კროოსი (78. თ. მიულერი), რიბერი - ოლიჩი (61. გომესი).
ჰანოვერი (4-4-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, პანდერი - შტინდლი, შმიდებახი, პინტუ (61. შლაუდრაფი), რაუში - მ. დიუფი, აბდელაუ (66. ია კონანი).
გოლები: 1:0 კროოსი (36), 2:0 გომესი (68), 2:1 ია კონანი (74)
გაფრთხილება: პრანიჩი - ჩერუნდოლო, ია კონანი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12(6)-8(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 69 000

ფრაიბურგი-კაიზერსლაუტერნი 2:0
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - მუიჯა, დიანიე (46. კრმასი), გინტერი, ზორგი - მაკიადი, შუსტერი - შმიდი, დ. კალიჯური (60. იენდრიშეკი) - გუედე (72. რაიზინგერი) - ფრაისი.
კაიზერსლაუტერნი (4-1-2-2-1): ზიპელი - დიკი, იაია, როდნი, ბუგერა - ბორისიუკი - დე ვიტი (72. სვიერჩოკი), ტიფერტი - შაჰანი, ფორტუნისი (77. შეხტერი) - დერშტროფი.
გოლები: 1:0 გუედე (8), 2:0 მაკიადი (14)
გაფრთხილება: დიანიე, ფრაისი - ბორისიუკი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 24-17; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 10(3)-4(4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 24 000

ბორუსია (მ)-ჰოფენჰაიმი 1:2
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - მარქსი (83. ლეკიე), ნოიშტედტერი - ჰერმანი (78. ვენდტი), არანგო - დე კამარგო (74. ჰანკე), როისი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა (82. ვესტერგაარდი), კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი (58. რობერტო ფირმინიო), ვაისი - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი, რუდი - ბაბელი (69. შიპლოკი).
გოლები: 1:0 როისი (38), 1:1 რობერტო ფირმინიო (77), 1:2 ვუკჩევიჩი (79)
გაფრთხილება: მარქსი, ბრუვერსი, ვენდტი - სალიჰოვიჩი, კომპერი, რობერტო ფირმინიო
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12(3)-13(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 52 796

ვერდერი-აუგსბურგი 1:1
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - იგნიოვსკი, აფოლტერი, სოკრატისი, ჰართერცი - ფრიტცი - თრაიბული (78. ბიონიში), შმიტცი - იუნუზოვიჩი - ფიულკრუგი (86. თაი), როზენბერგი.
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, დავიდსი - ჰოსოგაი (80. კალსენ-ბრაკერი), ბაიერი - მ. ნდიენგი (74. ვერნერი), კოო, ბელინგჰაუზენი - ს. ჰაინი (67. მიოლდერსი).
გოლები: 1:0 ფიულკრუგი (61), 1:1 ვერჰეგი (92)
გაფრთხილება: ფრიტცი, აფოლტერი, როზენბერგი - დავიდსი, ვერჰეგი, ბაიერი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 17(5)-15(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 40 208

მაინცი-ჰერტა 1:3
მაინცი (4-2-2-1-1): ვეტკლო - მ. კალიჯური, ბუნგერტი, კირხჰოფი, ზაბავნიკი - პოლანსკი (75. ივანშიტცი), სოტო - ნ. მიულერი (64. შტიბერი), ჩუპო-მოტინგი - ზიდანი (80. გავრანოვიჩი) - სალაი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, იანკერი, ბასტიანსი - ნიმაიერი, კობიაშვილი - რუკავიტსია, რაფაელი (92. პერდედაი), ბენ ჰატირა (65. ებერტი) - რამოსი (87. ლასოგა).
გოლები: 0:1 ბენ ჰატირა (41), 0:2 რამოსი (52), 1:2 ჩუპო-მოტინგი (58), 1:3 რამოსი (69)
გაფრთხილება: კირხჰოფი - ლელი
კუთხური: 12-8; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15(4)-13(6); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 33 152

შალკე-ლევერკუზენი 2:0
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი (85. ჰიოგერი) - ფარფანი (87. პუკი), რაული, დრაქსლერი (76. ობასი) - ჰუნტელაარი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - და კოშტა (28. დერდიოკი), შვააბი, ტოპრაკი, კადლეცი (65. ოჩიპკა) - რაინარტცი, როლფესი - კასტრო, რენატო, შიურლე (71. ბარნეტა) - კისლინგი.
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (18), 2:0 ჰუნტელაარი (86)
გაფრთხილება: ჯონსი - კადლეცი, ტოპრაკი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 17(6)-8(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 61 673

შტუტგარტი-ნიურნბერგი 1:0
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - საკაი, მასა, ნიდერმაიერი, ბოკა - კვისტი (61. გენტნერი), კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი (86. ბა), შიბერი - კაკაუ (90. გებჰარდტი).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი, პინოლა - ბალიტში (81. პეკჰარტი), სიმონსი - ჩენდლერი, დიდავი (63. ჰეგელერი), ჰლუშეკი - ესვაინი (70. ბუნიაკუ).
გოლი: 1:0 კაკაუ (78)
გაფრთხილება: მასა, კაკაუ - მარო, ბალიტში
კუთხური: 4-14; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 8(2)-17(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 55 800

კიოლნი-ბორუსია (დ) 1:6
კიოლნი (4-2-2-2): რენზინგი - ბრეჩკო, სერენო, ჟერომელი, აიხნერი (46. ჯემალი) - რიტერი, ლანიგი - კლემენსი, პეჟკო (77. იშაკი) - ნოვაკოვიჩი, პოდოლსკი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (61. კელი), გიუნდოგანი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა (81. ლაიტნერი), გროსკროიტცი (73. პერიშიჩი) - ლევანდოვსკი.
გოლები: 1:0 ნოვაკოვიჩი (13), 1:1 პიჟჩეკი (26), 1:2 კაგავა (47), 1:3 ლევანდოვსკი (52), 1:4 გიუნდოგანი (79), 1:5 კაგავა (80), 1:6 პერიშიჩი (84)
გაფრთხილება: პოდოლსკი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 5(3)-15(9); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 50 000

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 27 19 5 3 59-17 62
2. ბაიერნი 27 18 3 6 66-18 57
3. შალკე 27 17 2 8 60-34 53
4. ბორუსია (მ) 27 15 6 6 40-18 51
5. ლევერკუზენი 27 11 7 9 39-36 40
6. ვერდერი 27 11 7 9 41-40 40
7. შტუტგარტი 27 11 6 10 44-34 39
8. ჰანოვერი 27 9 11 7 35-38 38
9. ვოლფსბურგი 27 11 4 12 36-48 37
10. ჰოფენჰაიმი 27 8 9 10 31-38 33
11. ნიურნბერგი 27 9 4 14 25-38 31
12. მაინცი 27 7 9 11 39-44 30
13. ფრაიბურგი 27 7 7 13 35-53 28
14. კიოლნი 27 8 4 15 34-56 28
15. აუგსბურგი 27 5 12 10 28-41 27
16. ჰამბურგი 27 6 9 12 31-50 27
17. ჰერტა 27 6 8 13 29-48 26
18. კაიზერსლაუტერნი 27 3 11 13 17-38 20

ბომბარდირები
23 - გომესი (ბაიერნი); 22 - ჰუნტელაარი (შალკე); 17 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 16 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 15 - როისი (ბორუსია /მ/); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 12 - რაული (შალკე).

მომდევნო ტური
30 მარტი: ბორუსია (დ)-შტუტგარტი.
31 მარტი: ნიურნბერგი-ბაიერნი, კაიზერსლაუტერნი-ჰამბურგი, ვერდერი-მაინცი, ლევერკუზენი-ფრაიბურგი, აუგსბურგი-კიოლნი, ჰერტა-ვოლფსბურგი.
1 აპრილი: ჰანოვერი-ბორუსია (მ), ჰოფენჰაიმი-შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული