გერმანია. ბუნდესლიგა. XXVIII ტურის წინ: გადამწყვეტი ბრძოლები გადარჩენისთვის

AutoSharing Option
მართალია, ბუნდესლიგის 28-ე ტური 30 მარტს ლიდერმა გახსნა, მაგრამ საუბარი ცხრილის ქვემოდან უნდა დავიწყოთ: აუტსაიდერ "კაიზერსლაუტერნს" გადარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი უკანასკნელი ფინალი აქვს - კრასიმირ ბალაკოვის გუნდი უშუალო კონკურენტ "ჰამბურგს" მასპინძლობს და თუ ვერ მოიგო, "ეშმაკების" ხელმძღვანელები მომავალი სეზონისთვის მეორე ბუნდესლიგაზე ფიქრს უკვე სერიოზულად დაიწყებენ.

"აუგსბურგისა" და "კიოლნის" დაპირისპირებაც სწორედ ამ მხრივაა საინტერესო. ლევან კობიაშვილის "ჰერტა" კი "ვოლფსბურგის" სახით კარგ ფორმაში მყოფ, აღმასვლის გზაზე დამდგარ გუნდს მასპინძლობს.

მარსელმოვლილ "ბაიერნს" "ნიურნბერგთან" ბავარიული დერბი აქვს, ევროპალიგის მონაწილეები, "შალკე" და "ჰანოვერი" კი 1 აპრილს
თამაშობენ.

ბალაკოვი: მხოლოდ გამარჯვება!
მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ამ ეტაპზე სერიოზულად ექვს გუნდს ემუქრება და ამ ექვსიდან ოთხი ერთმანეთს ხვდება. ყველაზე მძიმე წნეხის ქვეშ, რა თქმა უნდა, ბოლოადგილოსანი "კაიზერსლაუტერნია".

პფალცელები ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ჰერტას" მთელი 6 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენტ "ჰამბურგთან" მატჩი 1. FCK-სთვის გადარჩენის ერთ-ერთი უკანასკნელი შანსია.

მიუხედავად იმისა, რომ "ლაუტერნს" 17-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ახალი მწვრთნელი კრასიმირ ბალაკოვი, რომელსაც წინა ტურში დებიუტი ჩაუმწარდა (0:2 ფრაიბურგში), შეგირდებისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვს.

"უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და ახლა მხოლოდ მოგება გვჭირდება! იმედი მაქვს, რომ ბიჭები თავს არ დაზოგავენ. უკანდასახევი გზა აღარ გვაქვს "ჰამბურგთან" შემტევი, ვაჟკაცური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ", - თქვა ბულგარელმა სპეციალისტმა.

"კაიზერსლაუტერნში" კვლავ აქტუალურია კითხვა - ვინ უნდა გაიტანოს გოლები? შეგახსენებთ, რომ პფალცელებს ყველაზე უხეირო თავდასხმა ჰყავთ (17 გოლი 27 მატჩში). ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ბალაკოვი წინა ხაზზე გამოჯანმრთელებულ სანდრო ვაგნერს ენდობა.

"ჰამბურგს" ზედიზედ ოთხი თამაში აქვს წაგებული და სარელეგაციო, მე-16 ადგილზე დაქვეითების შემდეგ HSV-ს ბოსებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს.

"ვინც ახლა არ მოინდომებს, ზაფხულში აქედან გავაგდებთ! თითოეულ ფეხბურთელს ვაკვირდები და ვინც იზარმაცებს, განაცხადშიც კი არ შევიყვან", - იმუქრებოდა 44 წლის მწვრთნელი ტორსტენ ფინკი კვირის დასაწყისში.

თუ "ჰამბურგი" ბეტცენბერგზეც დამარცხდება, გამორიცხული არ არის, თავად ფინკის საკითხი დადგეს დღის წესრიგში...

სოლბაკენი ჩემოდნებზე
"კიოლნი" შავ ზონაში ჯერ არ არის, მაგრამ იქამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებს. შესაბამისად, "თხების" მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენიც ჩემოდნებზე ზის და თუ დღეს ლუკას პოდოლსკი და კომპანია გადარჩენისთვის ასევე მედგრად მებრძოლ აუგსბურგელებთან დამარცხდებიან, ნორვეგიელი სპეციალისტის და ზოგადად "კიოლნის" მდგომარეობა ძალიან დამძიმდება.

დიდი შანსია, ასეც მოხდეს, რადგან "აუგსბურგს" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია (2 მოგება, 3 ფრე) აქვს, "კიოლნმა" კი, "ჰერტას" დამარცხების შემდეგ ორი თამაში წააგო.

იოს ლუჰუკაის გუნდი, ბოლო დროს, განსაკუთრებით კარაგდ საკუთარ მოედანზე გამოიყურება (7-მატჩიანი წაუგებელი სერია). კიოლნელები წინა ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" 1:6 განადგურდნენ, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ სოლბაკენის გუნდს ბუნდესლიგაში ყველაზე უსუსური დაცვა ჰყავს (56 გაშვებული გოლი).

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "კიოლნს" ბუნდესლიგის ისტორიაში ზუსტად 499 თამაში აქვს წაგებული...

ბავარიული დერბი
ზემოთ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე სერიოზულად 6 გუნდს ემუქრება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო ზემოთ მყოფ კლუბებს მშვიდად ყოფნის უფლება აქვთ.

ეს პირველ რიგში "ნიურნბერგზე" ითქმის: მას მერე, რაც ზედიზედ სამი თამაში წააგეს, ფრანკები მართალია, მე-11 ადგილზე არიან, მაგრამ გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 4 ქულა აშორებთ. და "ნიურნბერგი" მაინცდამაინც ახლა ეთამაშება "ბაიერნს" - შეგახსენებთ, ეს ბავარიული დერბია.

საინტერესო ის არის, რომ "ბაიერნს" ნიურნბერგში 2005 წლის შემდეგ არ მოუგია. რეკორდმაისტერმა ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა (2:0 მარსელში) და შეუძლია, დროებით ისევ მთლიანად ბუნდესლიგაზე გადაერთოს.

ბასტიან შვაინშტაიგერი უკვე მწყობრშია და შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. ნიურნბერგელთა თავკაც დიტერ ჰეკინგს კი წინა ხაზის ერთ-ერთ უმთავრეს ფეხბურთელზე, ესვაინზე მოუწევს უარის თქმა. მისი ალტერნატივა პეკჰარტია.

პისარო ბრუნდება
"მაინცს" სანერვიულო თითქოს აღარაფერი ჰქონდა, მაგრამ თომას ტუხელის შეგირდებმა ბოლო ოთხი თამაშიდან სამი წააგეს და "ვერდერთან" მატჩის წინ კომფორტულ მდგომარეობაში აღარ არიან.

თავის მხრივ, დაზაფრულია ბრემენული კლუბიც, რადგან დორტმუნდში წაგებამ (0:1) და აუგსბურგთან ფრემ (1:1) "ვერდერს" სანერვიულო გაუჩინა - ევროპალიგის საგზურისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში "მუსიკოსებს" კონკურენტები, "შტუტგარტი", "ჰანოვერი" და "ვოლფსბურგი" ძალიან მიუახლოვდნენ. თომას შააფი "მაინცთან" თამაშის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან ლაზარეთიდან ვიზე და ბარგფრედე დაბრუნდნენ, მთავარმა გოლეადორმა კლაუდიო პისარომ კი დისკვალიფიკაცია მოიხადა და მოედანზე გასვლა შეუძლია.

ბოლო პერიოდის მთავარი გმირი ბუნდესლიგაში "ფრაიბურგია", რადგან ბრაისგაუელებმა 12 შესაძლოდან 10 ქულას მოუყარეს თავი და გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ.

კრისტიან შტრაიხის პროგრესირებადი გუნდი ამჯერად ლევერკუზენში ჩადის და ეთამაშება ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე "ბაიერს", რომელსაც "ფრაიბურგის" ყოფილი მწვრთნელი რობინ დუტი ხელმძღვანელობს.

მიუხედავად ზედიზედ სამი თამაშის წაგებისა, ლევერკუზენელებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ იმის იმედი, რომ მომდევნო სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს, ჩემპიონთა ლიგას ვინ ჩივის, დიდი შანსია, ევროპალიგის საგზურსაც ვერ გამოჰკრან ხელი. აქვე გეტყვით, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა "ბაიერის" კაპიტანი სიმონ როლფესი არ დასაჯა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა წინა ტურში შალკელ იულიან დრაქსლერს იდაყვი ჩაარტყა.

რეჰაგელი VS მაგათი
31 მარტს საღამოს ბუნდესლიგის ორი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელის დუელს ვნახავთ: "ჰერტა" "ვოლფსბურგს" მასპინძლობს, ოტო რეჰაგელისა და ფელიქს მაგათის დაპირისპირება კი, დაგვეთანხმებით, ძალიან საინტერესოა.

ბერლინელებმა წინა ტურში მაინცში 3:1 მოიგეს, რითაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორეს, ახლა კი, საკუთარი პუბლიკის წინაშეც სურთ გამარჯვება, რაც ძალიან ძნელი იქნება, რადგან "ვოლფსბურგი", როგორც მოსალოდნელი იყო, სეზონის დასკვნით ფაზაში ძალიან გამოსწორდა და ახლა ზედიზედ სამი თამაში აქვს მოგებული.

მაგათის გუნდი მე-9 ადგილზეა და ევროზონას მხოლოდ 2-3 ქულა აშორებს. აღსანიშნავია, რომ ვოლფსბურგელები ბერლინში უმეტესად ვერ იგებენ ხოლმე - დედაქალაქში ჩატარებული 13 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ გამოვიდნენ გამარჯვებულები.

"ევროპელები" 1 აპრილს თამაშობენ
1 აპრილს პირველი მატჩი "ჰანოვერისა" და "გლადბახის" საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა. "ჰანოვერს" არსებობის ისტორიაში არასდროს ჰქონია ისეთი დაძაბული და საინტერესო ფაზა, როგორიც ახლა აქვს: მირკო სლომკას გუნდი ევროპალიგის მეოთხედფინალშია (ხუთშაბათს, მადრიდში, "ატლეტიკოსთან" 1:2 წააგო), ბუნდესლიგაში კი ევროზონაში მოსახვედრად იბრძვის.

მიონხენგლადბახელები წინა ტურში "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდნენ (1:2), მაგრამ ჯერჯერობით მაინც მშვიდად არიან, რადგან საუკეთესო ოთხეულში ადგილის შენარჩუნებას საფრთხე არ ემუქრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "გლადბახს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვნახავთ.

მეტიც: ლუსიენ ფავრის გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძვის, რაც პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გარანტია იქნებოდა. მიონხენგლადბახელებს დისკვალიფიკაციამოხდილი საყრდენი ნახევარმცველი ნორდტვეიტი უბრუნდებათ.

აპირლის პირველ დღეს თამაშობს ევროპალიგაზე მოასპარეზე მეორე გერმანული კლუბიც: "შალკე" (ხუთშაბათს "ბილბაოსთან" 2:4 დამარცხდა) "ჰოფენჰაიმს" სტუმრობს და ეს მატჩი შალკელი ჩინედუ ობასი ოგბუკესთვის განსაკუთრებულია, რადგან გელზენკირხენულ კლუბში სწორედ "ჰოფედან" გადავიდა.

დიდი შანსია, რომ "შალკეს" კარში რიგით მეოთხე მეკარე, მათიას შობერი ვიხილოთ, რადგან "ბილბაოსთან" მატჩში, ფერმანისა და უნერშტალის შემდეგ ჰილდებრანდიც დაშავდა. რაც შეეხება "ჰოფენჰაიმს": "სოფლელებმა" მწვრთნელ მარკუს ბაბელს ახლა მენეჯერის ფუნქციებიც შეუთავსეს და ეს უკანასკნელი ახლა ისეთივე ფუნქციონერია, როგორიც მაგათი ვოლფსბურგში...

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVIII ტური
30 მარტი
დორტმუნდი-შტუტგარტი 4:4
გოლები: 1:0 კაგავა (33), 2:0 ბლაშჩიკოვსკი (49), 2:1 იბიშევიჩი (71), 2:2 შიბერი (77), 2:3 შიბერი (79), 3:3 ჰუმელსი (81), 4:3 პერიშიჩი (87), 4:4 გენტნერი (92)

31 მარტი

ნიურნბერგი-ბაიერნი 17:30
პირველ წრეში: 0:4
დისკვალიფიკაცია: კამავუაკა (ნიურნბერგი)
ტრავმა: აიგლერი, ესვაინი - ბრენო, ვან ბუიტენი

კაიზერსლაუტერნი-ჰამბურგი 17:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: გერერო (ჰამბურგი)
ტრავმა: კნალერი, შიმუნეკი, იორგენსენი, კუემაა - მიკელი

ვერდერი-მაინცი 17:30
პირველ წრეში: 3:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პრიოდლი, ბოროვსკი, ექიჩი, ჰანტი, არნაუტოვიჩი - ბელი, სვენსონი, რისსე

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 17:30
პირველ წრეში: 1:0
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადლერი, ჩორლუკა, და კოშტა, შვააბი, ბალაკი, ლ. ბენდერი, სემი - ბართი, ფერატი, ჰიონი, ფლუმი, პუცილა, როზენტალი, ს. ბრანდშტეტერი, დემბელე

აუგსბურგი-კიოლნი 17:30
პირველ წრეში: 0:3
დისკვალიფიკაცია: იაიალო (კიოლნი)
ტრავმა: დე იონგი, ბა, გოგია, იორლი - პეტიტი, ჩიჰი, უთი

ჰერტა-ვოლფსბურგი 20:30
პირველ წრეში: 3:2
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფრანცი, მიატოვიჩი, ლუსტენბერგერი, რონი - კრისი, თიოლკე, მედოიევიჩი, ოხსი

1 აპრილი
ჰანოვერი-ბორუსია (მ) 17:30
პირველ წრეში: 1:2
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ

ჰოფენჰაიმი-შალკე 19:30
პირველ წრეში: 1:3
დისკვალიფიკაცია: კომპერი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: იაისლე - ფერმანი, უნერშტალი, ჰიოვედესი, მეტცელდერი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 28 19 6 3 63-21 63
2. ბაიერნი 27 18 3 6 66-18 57
3. შალკე 27 17 2 8 60-34 53
4. ბორუსია (მ) 27 15 6 6 40-18 51
5. შტუტგარტი 28 11 7 10 48-38 40
6.ლევერკუზენი 27 11 7 9 39-36 40
7.ვერდერი 27 11 7 9 41-40 40
8. ჰანოვერი 27 9 11 7 35-38 38
9. ვოლფსბურგი 27 11 4 12 36-48 37
10. ჰოფენჰაიმი 27 8 9 10 31-38 33
11. ნიურნბერგი 27 9 4 14 25-38 31
12. მაინცი 27 7 9 11 39-44 30
13. ფრაიბურგი 27 7 7 13 35-53 28
14. კიოლნი 27 8 4 15 34-56 28
15. აუგსბურგი 27 5 12 10 28-41 27
16. ჰამბურგი 27 6 9 12 31-50 27
17. ჰერტა 27 6 8 13 29-48 26
18. კაიზერსლაუტერნი 27 3 11 13 17-38 20

ბომბარდირები
23 - გომესი (ბაიერნი); 22 - ჰუნტელაარი (შალკე); 17 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 16 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 15 - როისი (ბორუსია /მ/); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 12 - რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული