გადაწყდა: ტიმ ვიზე მიდის!

AutoSharing Option
ტიმ ვიზე "ვერდერის" კარს შვიდი წლის მანძილზე იცავდა და ახლა საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ბრემენულ კლუბს დატოვებს.

"ვერდერის" ხელმძღვანელებმა გუშინ ოფიციალურადაც დაადასტურეს, რომ ტიმი ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბრემენიდან კლაუდიო პისაროს აბარგებაც პრაქტიკულად გადაწყვეტილია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ვერდერი" იშლება!

"ტიმ ვიზემ მწვრთნელ თომას შააფს და სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს ოთხშაბათს აცნობა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს და ზაფხულში "ვერდერს" დატოვებს," - უთხრა "კიკერს" ბრემენული
კლუბის პრესმდივანმა ტინო პოლსტერმა.

"მიხარია, რომ ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "ვერდერია", შვიდი წელი გავატარე. ახლა კი ახალი გამოწვევა მჭირდება, - ეს თავად ვიზეს განცხადებაა, რაც მან "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, - სეზონის ბოლომდე ამ გუნდისთვის თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ "ვერდერმა" ევროპალიგის საგზური მოიპოვოს.

"ვერდერში" შესანიშნავი წლები გავატარე – 2009 წელს გერმანიის თასი მოვიგე და უეფას თასის ფინალში ვითამაშე. თომას შააფს კი უდიდეს პატივს ვცემ".

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 30 წლის მეკარე. ფაქტი ის არის, რომ ვიზეს არაერთი შეთავაზება აქვს. გერმანული მედიის ცნობით, ტიმით ყველაზე მეტად "მილანი" და "შალკე" არიან დაინტერესებულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული