ბასტიან შვაინშტაიგერი: ჩვენ ვიცით "დორტმუნდის" სისუსტეები!

AutoSharing Option
შვაინშტაიგერი: "მოედანზე მოსაგებად გავალთ, თუმცა არც ფრე იქნება ცუდი შედეგი"

ბუნდესლიგის ბოლო 18 ტურიდან ბასტიან შვაინშტაიგერმა მხოლოდ ექვსში ითამაშა, რადგან "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების 27 წლის ლიდერს გასული წლის მიწურულს მიღებული ტრავმა ორჯერ გაუმიზეზდა.

ახლა კი შვაინი, როგორც იქნა, სრულად გამოჯანმრთელდა და შაბათს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.

ბასტიანს იდეალური დაბრუნება გამოუვიდა, რადგან მიუნხენელებმა "აუგსბურგთან" დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს (2:1). თავად შვაინშტაიგერმა კი ძალიან კარგად ითამაშა, რაც თუნდაც მოგებული ორთაბრძოლების 79-პროცენტიან მაჩვენებელში აისახება. ამასთან, შვაინის პასების 94 პროცენტი
ზუსტი იყო.

"ამ შეხვედრაში მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მიხარია, რომ შვაინშტაიგერი ზუსტად იმ დროს გამოჯანმრთელდა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება," - თქვა კვირას ბავარიული გრანდის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა.

მართლაც, შვაინშტაიგერი ზუსტად საჭირო დროს გამოჯანმრთელდა, რადგან "ბაიერნს" სწორედ ახლა ელის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები. ხვალ მიუნხენელები დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრობენ და ეს მატჩი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ცენტრალური, ფაქტობრივად, ჩემპიონობის ბედის გადამწყვეტი შეხვედრაა. მერე კი ბუნდესლიგის დასკვნით მატჩებთან ერთად, "ბაიერნს" მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დუელები და გერმანიის თასის ფინალიც ელის.

გაზეთ "მიუნხენერ თაგესცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში შვაინიმ სწორედ "დორტმუნდთან" მატჩზე ისაუბრა.

- ჰერ შვაინშტაიგერ, "ბაიერნს" "აუგსბურგის" დამარცხება აშკარად გაუჭირდა. რატომ?
- პირველ ტაიმში ზედმეტად მოშვებულები ვიყავით და თანაც, "აუგსბურგს" ცუდი გუნდი ნამდვილად არ ჰყავს. თუმცა მოვიგეთ და მთავარიც ესაა. "ბაიერნისთვის" ახლა თითოეულ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, გაგვიჭირდა თუ არა.

- თებერვლის შემდეგ ძირით
ად შემადგენლობაში პირველად გიხილეთ. ფიზიკურად თავს როგორ გრძნობთ?
- არ მეგონა, თუ 90 წუთს გავუძლებდი - რაც უნდა იყოს, ტრავმა ახალი მოშუშებული მაქვს და სათამაშო პრაქტიკაც არ მქონია. მაგრამ როგორც ხედავთ, თამაში უპრობლემოდ ჩავამთავრე და სხვათა შორის, დაღლა არც ბოლო წუთებში მიგრძვნია.

იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ, თუმცა შესაძლებლობების მაქსიმუმს ჯერ კიდევ ვერ ვავლენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ხუთი თვეა, ფეხბურთი ხეირიანად არ მითამაშია.

- ტრავმა რამდენჯერმე გაგიმიზეზდათ...
- საკმარისად გამოცდილი ვარ იმისათვის, რომ ასეთი სიტუაციები გადავიტანო. "ბაიერნს" საუკეთესო ექიმები ჰყავს და არაფერზე მინერვიულია. ახლა ურთულესი მატჩები გველის და თამამად ვიტყვი, რომ ასი პროცენტით მზად ვარ.

- ოთხშაბათს დორტმუნდის "
ბორუსიას" სტუმრობთ...
- "ბაიერნმა" ზედიზედ 9 ოფიციალური მატჩი მოიგო და ეს სერია უნდა გაგრძელდეს. ფაქტია, რომ დორტმუნდში გამარჯვება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ მოვიგებთ. და როგორც გითხარით, არ მაინტერესებს, როგორ მოვახერხებთ გამარჯვებას - დორტმუნდიდან სამი ქულით უნდა დავბრუნდეთ.

ვინც ფიქრობს, რომ გერმანიის ჩემპიონის ვინაობას ეს მატჩი გაარკვევს, ცდება, რადგან სხვა მატჩებიც მოსაგები იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ დორტმუნდში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. არც ფრეთი დავრჩები უკმაყოფილო, რადგან მჯერა, რომ "ბორუსია" კიდევ წაიბორძიკებს, მაგრამ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.

- როგორ უნდა მოუგოს "
ბაიერნმა" "დორტმუნდს"?
- "ბორუსია" მაგარი გუნდია და ამით ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცნობთ როგორც დორტმუნდელების ძლიერ, ისე სუსტ მხარეებსაც. იურგენ კლოპის გუნდი ძალიან კარგად შევისწავლეთ. ასე რომ, თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, დორტმუნდში მოვიგებთ. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამისათვის თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად უნდა მოინდომოს.

- ზედიზედ ცხრა გამარჯვება ახსენეთ და საინტერესოა, როგორ უმკლავდება გუნდი ასეთ დატვირთვას
- "ბაიერნი" ხომ ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშობს?
- მართალია, ძირითად შემადგენლობაში როტაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მონდომება არცერთ მატჩში არ გვაკლდა. "ნიურნბერგთან" და "აუგსბურგთანაც" უდიდესი კონცენტრაციით ვითამაშეთ.

გუნდში საბრძოლო განწყობაა და ყველანი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სამივე ტიტული მოვიგოთ. მართალია, ტიტულებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, ეს უფრო ბუნდესლიგას და ჩემპიონთა ლიგას ეხება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სეზონის ფინიში ძალიან დაძაბული იქნება. ახლა "დორტმუნდს" ვეთამაშებით, მერე "ვერდერს", რის შემდეგაც "რეალი" გველოდება... მაგრამ მე სწორედ ასეთი მატჩები მიყვარს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული