გერმანია. ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ოტო რეჰაგელის 828-ე ბრძოლა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 30-ე ტური შუა კვირაში იმართება: ოთხი მატჩი 10 აპრილს გაიმართება და ამ სტატიაში სწორედ შეხვედრებზე მოგითხრობთ, დანარჩენი ხუთი კი - 11-ში.

ცხადია, ამ ტურის და ზოგადად, მთელი სეზონის ცენტრალური შეხვედრა დორტმუნდის "ბორუსიას" და "ბაიერნის" საჩემპიონო დუელია, რომელიც 11 აპრილს შედგება და ამ მატჩზე ვრცლად ოთხშაბათს ვისაუბრებთ. თუმცა არც 10 აპრილსაა უინტერესო მატჩები.

ჰერტას პირველი ფინალი
სამშაბათს გასამართი შეხვედრებიდან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ბერლინის "ჰერტასა" და "ფრაიბურგის" მატჩია - რასაკვირველია, ლევან კობიაშვილის გამო, რომელიც იმ გუნდს უპირისპირდება, საიდანაც გერმანული კარიერა დაიწყო.

ბერლინელები ბოლოსწინა ადგილზე არიან და თუ ელიტაში დარჩენა სურთ, უშუალო კონკურენტი "ფრაიბურგი", რომელიც მე-13 ადგილზეა და "ჰერტას" 5 ქულით უსწრებს, აუცილებლად უნდა დაამარცხონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, კობიაშვილის გუნდის გადარჩენა ერთობ არარეალური გახდება.

ეს მატჩი დღესდღეობით ყველაზე გამოცდილი გერმანელი მწვრთნელის (ოტო რეჰაგელი, "ჰერტა") და აბსოლუტური დებიუტანტის (კრისტიან შტრაიხი, "ფრაიბურგი") დუელიცაა. ცხადია, მწვრთნელების დაპირისპირებაში ფავორიტი რეჰაგელია, მაგრამ ბოლო დროს "ფრაი" ისე ეფექტურად ათამაშდა, რომ "ჰერტას" ფავორიტად ვერ შევრაცხავთ.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ჰერტას" ბუნდესლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წინა ხაზი (ბოლოდან მესამე ადგილი გატანილი გოლების მიხედვით) ჰყავს, "ფრაიბურგს" კი - ერთ-ერთი უსუსტესი დაცვა ("ფრაიზე" მეტი გოლი მხოლოდ "კიოლნს" აქვს გაშვებული). "ჰერტა" საკუთარ "ოლიმპიაშტადიონზე" თამაშობს და ეს ფაქტორიც ავალდებულებს, მოიგოს.

"ეს ჩვენი პირველი ფინალია გადარჩენისთვის ბრძოლაში. თუ "ფრაიბურგს" მოვუგებთ, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება; თუ არა და, ამ მიზნის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.

"ფრაიბურგთან" აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ," - აცხადებს 73 წლის რეჰაგელი, რომლისთვისაც ეს თამაში სამწვრთნელო კარიერაში (მხოლოდ ბუნდესლიგის ეგიდით) რიგით 828-ე (!) იქნება.

აღსანიშნავია, რომ "ფრაიბურგს" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ზედიზედ ორი გასვლითი შეხვედრის მოგება მოახერხა. "ჰერტამ" კი ბოლო ორი საშინაო მატჩი წააგო: "ბაიერნთან" 0:6 და "ვოლფსბურგთან" 1:4. ბერლინელთა მენეჯერი მიხაელ პრეეტცი ამბობს, ფინიშამდე "ხუთი ფინალი" დაგვრჩა და ძალები უნდა მოვიკრიბოთო. დედაქალაქელებს პირველი "ფინალი" 10 აპრილს, "ფრაიბურგთან" აქვთ...

აუგსბურგისა და შტუტგარტის განსხვავებული მისიები
"აუგსბურგი" "შტუტგარტს" მასპინძლობს - მასპინძლები გადარჩენისთვის იბრძვიან, სტუმრები კი ევროპალიგის საგზურს უმიზნებენ.

"აუგსბურგი" გასავარდნ ზონაში არ არის, მაგრამ იქამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებს. შტუტგარტელები კი ევროპალიგის ზონაში არიან, თუმცა "თავი ქუდში" ჯერ არ აქვთ.

"აუგსბურგმა" შაბათს მიუნხენში მედგრად იბრძოლა და "ბაიერნთან" 1:2 დამარცხდა. შვაბებმა კი "მაინცი" 4:1 გაანადგურეს და დაამტკიცეს, რომ კარგ ფორმაში არიან. ძირითად შემადგენლობას, სავარაუდოდ, არც შტუტგარტელთა დამრიგებელი ბრუნო ლაბადია შეცვლის და არც მასპინძლების მწვრთნელი იოს ლუჰუკაი.

ამ უკანასკნელისთვის ერთადერთი ალტერნატივა იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერია, რომელიც "ბაიერნთან" ძირითადში არ ყოფილა.

კიოლნში ქაოსია, მაინციც ანერვიულდა
შტუტგარტში განცდილი კრახის შემდეგ მაინცელები საკმაოდ ანერვიულდნენ, რადგან იგრძნეს, რომ პირველ ბუნდესლიგაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებიათ და 10 აპრილს მეორე ელიტიდან გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატ "კიოლნს" მასპინძლობენ.

თომას ტუხელის შეგირდები გამარჯვების შემთხვევაში დამშვიდდებიან და სამი ქულის მოპოვება მართლაც რეალურია, რადგან "კიოლნში" ბოლო დროს ქაოსია. მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა განაცხადიდან ახლა სლავომირ პეჟკოც ამოაგდო - როგორც იცით, წინა კვირაში გუნდიდან ფორვარდი მილოვოე ნოვაკოვიჩი მოკვეთა.

პეჟკოს შემთხვევაში მიზეზი ლოთობაა - ეს უკანასკნელი კვირას გამთენიისას ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. "მაინცთან" პეჟკოს, სავარაუდოდ, მატო იაიალო შეცვლის. "მაინცში" კი მოჰამედ ზიდანი ბრუნდება, რომელსაც ასევე შიდა დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი...

როისი გლადბახს ბრემენში გაჰყვა
10 აპრილს მეოთხე მატჩი "ვერდერისა" და "გლადბახის" ჯახია. მიონხენგლადბახელები ცუდ ფორმაში არიან, შედეგები მკვეთრად გააუარესეს და თუ ასე გააგრძელებენ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუმცა ლუსიენ ფავრის გუნდს ჯერჯერობით საუკეთესო ოთხეულიდან გამოსვლის საფრთხე არ ემუქრება, რადგან ბოლო ტურებში კონკურენტებმაც ვერ ივარგეს.

ერთ-ერთი მათგანია "ვერდერიც", რომელმაც სულაც ევროპალიგის საგზურის მოპოვება დაიყენა კითხვის ნიშნის ქვეშ - ბრემენული კლუბი მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა და მერვეადგილოსან "ჰანოვერს" მხოლოდ ბურთების უკეთესო შეფარდების გამო სჯობნის, მე-9 ადგილზე მყოფ "ვოლფსბურგს" კი ოდენ ერთი ქულით უსწრებს.

მიონხენგლადბახელთა რიგებში საეჭვო იყო მარკო როისის თამაში, რომელმაც შაბათს, "ჰერტასთან" მატჩში (0:0) ტრავმა მიიღო, მაგრამ როისი გუნდს ბრემენში გაჰყვა; თუმცა მოახერხებს თუ არა თამაშს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

ტრავმირებულია და ბრემენში არ წასულა ტონი იანტშკე, რომელსაც დაცვის ცენტრში მარტინ შტრანცლი შეცვლის. ბრემენელებს დაცვის ბურჯი ნალდო გამოუჯანმრთელდათ, მაგრამ მწვრთნელმა თომას შააფმა მისი სასტარტო შემადგენლობაში გამწესება შეიძლება ჯერ ვერ გარისკოს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXX ტური
10 აპრილი
ჰერტა-ფრაიბურგი 22:00
პირველ წრეში: 2:2
დისკვალიფიკაცია: მაკიადი (ფრაიბურგი)
ტრავმა: ფრანცი, მიატოვიჩი, ლუსტენბერგერი - ბართი, ფერატი, პუცილა, ს. ბრანდშტეტერი, შუსტერი

აუგსბურგი-შტუტგარტი 22:00
პირველ წრეში: 1:2
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იორლი, დე იონგი, ბა, გოგია, მორავეკი - ბულარუზი

მაინცი-კიოლნი 22:00
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: ნოვაკოვიჩი, ჩიჰი (ორივე კიოლნი; გუნდის შიდა დისკვალიფიკაცია)
ტრავმა: ბელი, სვენსონი, რისსე - ანდრეზინიო, ჩიჰი

ვერდერი-ბორუსია (მ) 22:00
პირველ წრეში: 0:5
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პრიოდლი, ბარგფრედე, ბოროვსკი, ექიჩი, ჰანტი, არნაუტოვიჩი - იანტშკე

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 29 20 6 3 66-22 66
2. ბაიერნი 29 20 3 6 69-19 63
3. შალკე 29 18 3 8 64-35 57
4. ბორუსია (მ) 29 15 7 7 41-20 52
5. შტუტგარტი 29 12 7 10 52-39 43
6. ლევერკუზენი 29 11 8 10 40-39 41
7. ვერდერი 29 11 8 10 42-44 41
8. ჰანოვერი 29 10 11 8 37-42 41
9. ვოლფსბურგი 29 12 4 13 41-52 40
10. ჰოფენჰაიმი 29 9 10 10 34-40 37
11. მაინცი 29 8 9 12 43-48 33
12. ნიურნბერგი 29 9 5 15 27-41 32
13. ფრაიბურგი 29 8 8 13 39-55 32
14. ჰამბურგი 29 7 10 12 33-51 31
15. აუგსბურგი 29 6 12 11 31-44 30
16. კიოლნი 29 8 5 16 36-59 29
17. ჰერტა 29 6 9 14 30-52 27
18. კაიზერსლაუტერნი 29 3 11 15 18-41 20

ბომბარდირები
25 - გომესი (ბაიერნი); 24 - ჰუნტელაარი (შალკე); 19 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი); 15 - როისი (ბორუსია /მ/); 14 - რაული (შალკე), ჰარნიკი (შტუტგარტი).

დორტმუნდის და ბაიერნის დარჩენილი მატჩები
ბორუსია (დ)

ტური მატჩი
XXX ბორუსია (დ)-ბაიერნი
XXXI შალკე-ბორუსია (დ)
XXXII ბორუსია (დ)-ბორუსია (მ)
XXXIII კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (დ)
XXXIV ბორუსია (დ)-ფრაიბურგი

ბაიერნი
ტური მატჩი
XXX ბორუსია (დ)-ბაიერნი
XXXI ბაიერნი-მაინცი
XXXII ვერდერი-ბაიერნი
XXXIII ბაიერნი-შტუტგარტი
XXXIV კიოლნი-ბაიერნი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული