ლუკას პოდოლსკის ტრიბუნებიდან ნასროლი მონეტა სახეში მოხვდა!

AutoSharing Option
კიოლნში სრული ქაოსია! ჯერ იყო და, გასულ უქმეებზე "თხების" პოლონელმა ფეხბურთელმა სლავომირ პეჟკომ ერთი ღამე გამოსაფხიზლებელში გაატარა, რის გამოც კლუბიდანაც მოკვეთეს და პოლონეთის ნაკრებიდანაც; სამშაბათს კი, "კიოლნი" მაინცში 0:4 განადგურდა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ახლა უკვე სერიოზულად ემუქრება.

და ეს ყველაფერი არ არის: "მაინცთან" მატჩის 28-ე წუთზე, სანამ კუთხურს ჩააწვდიდა, "თხების" ლიდერ ლუკას პოდოლსკის ტრიბუნებიდან სახეში მონეტა მოარტყეს - ეს "მაინცის" ერთ-ერთი ფანის მიერ ნასროლი ერთცენტიანი გახლდათ, რომელიც ლუკასს მარჯვენა ყვრიმალში მოხვდა.

მატჩის შემდეგ "მაინცის" მენეჯერმა კრისტიან ჰაიდელმა 26
წლის პოლდის საჯაროდ მოუბოდიშა და თქვა, პოლიცია ამ საქმეს უკვე იძიებს და რამდენიმე ეჭვმიტანილიც არსებობსო. მაინცელებს იმედი აქვთ, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირი ერთ-ერთი ფანის ცუდი საქციელის გამო მაგრად არ დასჯით. ისე კი, ჯარიმა გარდაუვალია.

11 აპრილს მთელი საფეხბურთო გერმანია ელოდა, რომ "კიოლნის" ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელ სტალე სოლბაკენს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა.

თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ნორვეგიელი სპეციალისტის გაგდება მხოლოდ დროის ამბავია და სოლბაკენი დღეს თუ არა, ხვალ მაინც დარჩება უმუშევარი.

"ბილდის" ინფორმაციით, "კიოლნის" ბოსები სტალეს სავარაუდო შემცვლელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და როგორც კი სასურველ კანდიდატს დაითანხმებენ, სოლბაკენს დაიფრენენ. "კიოლნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი ჰოლგერ სტანისლავსკია, რომელიც ცოტა ხნის წინ "ჰოფენჰაიმიდან" დაითხოვეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული