მიუნხენის "ბაიერნი" დამარცხებულია, დორტმუნდელები ახლა "შალკეს" ემუქრებიან

AutoSharing Option
"დორტმუნდისა" და "ბაიერნის" სუპერმატჩმა მრავალმილიონიანი აუდიტორია განსაკუთრებით დასკვნითი ფაზით მოხიბლა.

გვიანი გოლი, გამოუყენებელი პენალტი, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ორი ძელი და "ბაიერნთან" დუელში ზედიზედ მეოთხედ გამარჯვებული "ბორუსია": დორტმუნდი უსაზღვრო ემოციებმა მოიცვა.

ფეხბურთი სწორედ ასეთი ადრენალინის გამო გვიყვარსო, თქვა საფინალო სასტვენის შემდეგ კევინ გროსკროიტცმა და ცამდე მართალი იყო.

დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კი ჯერ ყველას სიყვარული აუხსნა, მერე კი მომდევნო მეტოქე ამოიღო მიზანში - შაბათს "ბორუსიას" კიდევ ერთი ურთულესი მატჩი ელის: "რურის დიდი დერბი" გელზენკირხენში.

ქომაგებთან კლოპიც მივიდა, უფრო სწორად,
მიიჭრა და ჯერ მარჯვენა ხელს გულზე იცემდა, მერე კი ორივე ხელით გული გამოსახა, რითაც ფანებს უსიტყვოდ უთხრა ის, რაც მატჩისშემდგომი კომენტარისას არაერთხელ გაიმეორა - ყველანი მიყვარხართ და უბედნიერესი მწვრთნელი ვარ, რადგან ყველაზე მაგარი გუნდი მყავსო.

"ჩვენ, ბორუსიელები, ყველანი ცოტათი გიჟები ვართ და ემოციები თუ არ გამოვხატეთ, გულები გაგვისკდება. მიყვარს ეს გუნდი, ეს სტადიონი, ეს ფანები. ჩვენ აქ გრანდიოზული საფეხბურთო სამყარო გვაქვს," - ამბობდა იურგენი.

შაბათს დერბი შალკესთან, მერე გლადბახი...
მიუხედავად იმისა, რომ "დორტმუნდს" დარჩენილ ტურებში "ბაიერნზე" რთული პროგრამა აქვს (მომდევნო ტურში მესამეადგილოსან "შალკეს" სტუმრობს, მერე კი მეოთხეადგილოსან "გლადბახს" მასპინძლობს), "ბაიერნთან" გამარჯვების შემდეგ, ფაქტობრივად, აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონობას შეინარჩუნებს - მას მერე, რაც ფეხბურთში გამარჯვებისთვის სამი ქულა დაწესდა, ბუნდესლიგის 30-ე ტურის შემდეგ 6-ქულიანი უპირატესობა არცერთ ლიდერს არ გაუნიავებია.

თანაც, BVB-მ ამ თამაშის მოგებით წაუგებელი სერია 24 მატჩამდე გაზარდა, რითაც "ლევერკუზენის" მიერ 2009/10 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ოთხშაბათს "ბორუსიას" ორი გმირი ჰყავდა: რომან ვაიდენფელერი და რობერტ ლევანდოვსკი. პირველმა ბოლო წუთებში არიენ რობენს თავისივე ბრალეულობით დანიშნული პენალტი აუღო, მეორემ კი გაიტანა გოლი, რომელმაც "დორტმუნდს" ეს თამაში მოაგებინა.

"იმ ეპიზოდში, როცა კევინმა დაარტყა, უბრალოდ, კარგ პოზიციაში ვიყავი და მომენტით ვისარგებლე კიდეც. თანაც, გამიმართლა, რომ რობენი უკან ჩარჩა და "ბაიერნის" მცველებმა ხელოვნურ თამაშგარეში ვერ დამტოვეს. არა მარტო გოლით, ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. ყველაზე მთავარი კი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მოვიგეთ.

მიხარია, რომ გამარჯვების გოლი სწორედ მე გავიტანე და თანაც, ბურთი კიდევ ორჯერ მოვარტყი ნოიერის კარის ძელს," - ამბობდა ლევანდოვსკი, რომელიც ბურთის ძელზე ორჯერ მორტყმის გამო ანტიგმირობასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს ეს სტატუსი რობენს "დაუთმო".

ბედნიერი იურგენი
კლოპი თავისი შეგირდების მიერ ნაჩვენები ფეხბურთით იყო აღფრთოვანებული: "სასწაული თამაში გამოვიდა. მატჩის წინ გული მიგრძნობდა, რომ ასე იქნებოდა და ამიტომაც ვთქვი, ჩვენი გულშემატკივრები დიდ სპექტაკლს უნდა ელოდონ-მეთქი. მოგებაში კი ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული. მე მართლა ყველაზე სიმპათიური გუნდი მყავს მთელ მსოფლიოში! "ბაიერნის" ზედიზედ ოთხჯერ დამარცხება აქამდე შეუძლებელი მეგონა..."

შაბათს კლოპს და კომპანიას კიდევ ერთი ასეთი ემოციური მატჩი ელის და დორტმუნდელებს ამოსუნთქვისთვის ძალიან ცოტა დრო აქვთ. "ბორუსიას" დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი დარწმუნებულია, რომ გუნდი მოსისხლე მტერ "შალკესთანაც" ასეთი შემართებით ითამაშებს: "შაბათსაც ასეთივე ამბავი იქნება. "შალკეს" ვძულვართ. ჩვენც გვძულს "შალკე" და თანაც, მთელი სტადიონი ჩვენ წინააღმდეგ იქნება. ასეთი დუელები ძალიან სასიამოვნოა".

კლოპი "შალკესთან" მატჩზე საუბრისას ნაკლებად დიპლომატიური იყო და პირდაპირ, ღიმილიანი სახით თქვა: "შაბათსაც უაღრესად ინტენსიური და დაძაბული ბრძოლა გველის - ჩვენ ხომ გელზენკირხენში ჩავდივართ. "შალკეს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდება უნდა, ჩვენი მიზანი კი მათ სუპში ჩაფურთხებაა!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული