"დორტმუნდის" ბოსი: რატომ უნდათ ჩემპიონთა ლიგის ნაგვით გავსება?

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" შეფმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი გააკრიტიკა. მიზეზი: უეფაში სერიოზულად ფიქრობენ 2016 წლიდან ევროპალიგის გაუქმებასა და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების 64-ამდე გაზრდას.

"ეს დიდი სისულელეა, - განაცხადა ვატცკემ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - არ მესმის, რატომ უნდათ ჩემპიონთა ლიგის ნაგვით გავსება. აქამდე პლატინის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს მივესალმებოდი, ამას კი არ ვეთანხმები.

ფანებს ლიტვის ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ნახვას გერმანიის, ინგლისისა და ესპანეთის მეხუთეადგილოსნების ნახვა ურჩევნიათ".

ვატცკე პლატინის არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ევროპალიგა არ არის საკმარისად
საინტერესო და ფინანსურად მომგებიანი ტურნირი.

"ევროპალიგა საკმაოდ საინტერესო ტურნირია, სადაც ევროპის მეორეხარისხოვანი კლუბები თამაშობენ. წელიწადნახევრის წინ ამ ტურნირზე ჩვენც ვითამაშეთ და 13 მილიონი ევრო გამოვიმუშავეთ, რითაც იმის თქმა მინდა, რომ ტურნირი ფინანსურად, დიახაც, მომგებიანი იყო.

ცხადია, ევროპალიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის ამ მხრივ უდიდესი სხვაობაა, მაგრამ თუ ეს არ მოსწონთ, ადგნენ და ევროპალიგა ჩემპიონთა ლიგას დააფინანსებინონ," - დასძინა ვატცკემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული