გერმანია. ბუნდესლიგა. XXXII ტურის წინ: ჩაიბარეთ, ჩაიბარეთ...

AutoSharing Option
32-ე ტურის წინ დორტმუნდის "ბორუსია" "ბაიერნს" რვა ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდის ჩემპიონობა გარდაუვალია.

თუმცა დორტმუნდელებს პირველი ადგილი ოფიციალურად ჯერ არ აქვთ განაღდებული, 21 აპრილს გასამართი მატჩები კი ისეა გადანაწილებული, რომ შესაძლოა, "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონი მოედანზე გასვლამდე გახდეს.

"ბაიერნი" 17:30-ზე ბრემენში თამაშობს, "დორტმუნდელები" კი მიონხენგლადბახელ სეხნიას 20:30-ზე დაუპირისპიდებიან - საკმარისია, რეკორდმაისტერმა ბრემენში ვერ მოიგოს, რომ "შავ-ყვითლები" "ვერცხლის სინს" ოფიციალურად გაიფორმებენ და მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, თუ რა შედეგს აჩვენებენ "გლადბახთან".

თანაც, შანსი იმისა, რომ "ბაიერნმა" "
ვერდერთან" ვერ მოიგოს, ძალიან დიდია, რადგან ბრემენელებს ევროპალიგაში მოხვედრა სურთ და ამ მიზნის მისაღწევად სამი ქულა სჭირდებათ.

გაცილებით დაძაბული მატჩები გველის გადარჩენისთვის ბრძოლაში: "კიოლნი" "შტუტგარტს" მასპინძლობს, ხოლო "ჰერტას" "კაიზერსლაუტერნთან" სასიცოცხლო მნიშვნელობის დუელი აქვს.

მცირე ფინალი ზინსჰაიმში
რაკი გერმანიის ჩემპიონი პრაქტიკულად გარკვეულია, წინა პლანზე ევროპალიგის საგზურისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლამ წამოიწია.

ჰოფენჰაიმელები ევროპაში მოხვედრაზე აღარ ოცნებობდნენ, მაგრამ ბოლო დროს სერიოზული პროგრესი განიცადეს და საუკეთესო შვიდეულში მოხვედრის შანსი გაუჩნდათ.

21 აპრილს "სოფლელები" ზინსჰაიმში "ლევერკუზენს" მასპინძლობენ და ეს ორივე გუნდისთვის ერთგვარი ფინალია, რადგან მარკუს ბაბელის გუნდს სასურველ პოზიციამდე მხოლოდ სამი ქულა აშორებს, ლევერკუზენელები კი 45 ქულით მეექვსე ადგილზე არიან.

ტრადიციული დუელი ნიურნბერგში
"ნიურნბერგი" და "ჰამბურგი" კი გადარჩენისთვის იბრძვიან და ერთმანეთის წინააღმდეგ დამშვიდებულები წარსდგებიან, რადგან წინა ტურში სამ-სამი ქულა აიღეს (ფრანკებმა "კაიზერსლაუტერნი" 2:0 დაამარცხეს, ჰამბურგელებმა კი "ჰანოვერს" 1:0 სძლიეს) და ამოისუნთქეს.

ეს განსაკუთრებით "ნიურნბერგზე" ითქმის, რადგან დიტერ ჰეკინგის გუნდი გასავარდნ ზონას მთელი 9 ქულით მოშორდა - და ეს იმ დროს, როცა ფინიშამდე მხოლოდ სამი ტურიღაა დარჩენილი. თამამად უნდა ვთქვათ, რომ ფრანკებს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრებათ, რასაც "ჰამბურგზე" (34 ქულა) ჯერ ვერ ვიტყვით, თუმცა ფაქტია, რომ გადარჩენა უკვე ჩრდილოელებისთვისაც ფორმალობაა.

ბუნდესლიგის "დინოს" მეთექვსმეტეადგილოსან "კიოლნზე" გაცილებით უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტორსტენ ფინკის შეგირდები ნიურნბერგში ფრეზეც ყაბულს იქნებიან.

კიოლნი თუ ჰერტა, ჰერტა თუ კიოლნი?
"კაიზერსლაუტერნზე" საუბარი აღარ ღირს, ყველაზე მძიმე, მაგრამ ჯერ კიდევ საიმედო მდგომარეობაში კი კიოლნელები და ბერლინელები არიან.

"თხების" ხელმძღვანელებმა მწვრთნელი შეცვალეს (სოლბაკენი გააგდეს, შეფერი დააბრუნეს), მაგრამ "კიოლნს" ვერც ამან უშველა - ლუკას პოდოლსკი და კომპანია წინა ტურში "გლადბახთან" 0:3 დამარცხდნენ და მე-16 ადგილზე დარჩნენ. თანაც, "კიოლნმა" იმ მატჩში ისე ითამაშა, როგორც მეორე ბუნდესლიგაში დასაქვეითებლად განწირულ გუნდს შეეფერება - უსულგულოდ და ყოველგვარი აგრესიის გარეშე.

ამჯერად "თხები" შესანიშნავ ფორმაში მყოფ "შტუტგარტს" მასპინძლობენ - გუნდს, რომელმაც 9-მატჩიანი წაუგებელი სერია (7/2/0) "გამოაცხო" და მეხუთე ადგილზეა. ეს პოზიცია შვაბებს პირდაპირ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გარანტიას მისცემს და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბრუნო ლაბადიას გუნდს მე-5 ადგილის შენარჩუნების ჩინებული შანსი აქვს, რადგან უახლოეს მდევარ "ლევერკუზენს" 4 ქულით უსწრებს.

სტატისტიკაც "შტუტგარტის" მხარესაა: ახლო წარსულში შვაბებმა კიოლნში ზედიზედ სამი მატჩი აი, ამ ანგარიშებით მოიგეს - 3:1, 5:1, 3:0.

ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ჰერტა" "კიოლნზე" უარეს დღეშია (დედაქალაქელები "თხებს" ერთი ქულით ჩამორჩებიან), მაგრამ ლევან კობიაშვილის გუნდი უფრო ვაჟკაცურად იბრძვის.

წინა ტურში ოტო რეჰაგელის სამწყსომ ლევერკუზენში 3:3-ს მიაღწია, რის გამოც ფეხბურთელებმა "მეფე ოტოს" ქება დაიმსახურეს. იმ შეხვედრაში კობიაშვილი მოედნიდან გააძევეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევანი დღეს დისკვალიფიცირებულია. ათკაციანმა "ჰერტამ" "ლევერკუზენს" სამი გოლი გაუტანა და 0:2 3:2-ად შეუტრიალა, თუმცა "ფარმაცევტებმა" ბოლოს მაინც გაათანაბრეს, საბოლოოდ კი, რეჰაგელი ქულითაც კმაყოფილი დარჩა.

21 აპრილს კი "ჰერტას" მეტოქე უსუსური ბოლოადგილოსანი "კაიზერსლაუტერნია", რომელსაც 21-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. "ეშმაკების" ახალი თავკაცის, კრასიმირ ბალაკოვის ბალანსი კი ასე გამოიყურება: 0 მოგება, 0 ფრე, 5 წაგება.

უმარილო კლასიკა ბრემენში
დიახ, უმარილო, რადგან "ვერდერისა" და "ბაიერნის" მატჩს სიმძაფრე აკლია. ბრემენული კლუბი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის და უაღრესად მოტივირებულია, აი, "ბაიერნზე" კი ამას ვერ ვიტყვით, რადგან მიუნხენელებს ჩემპიონობაზე ხელი ჩაქნეული აქვთ და თანაც, შუა კვირაში მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი ელით, რაც მათთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა.

შეგახსენებთ, რომ "ვერდერს" ექვსი თამაშია, არ მოუგია, "მუსიკოსების" თავკაც თომას შააფს კი ჯერ კიდევ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: ჰანტი და არნაუტოვიჩი შეიძლება დაბრუნდნენ, ექიჩი, ბარგფრედე, სოკრატისი, ფრიტცი და მარინი კი კვლავ ლაზარეთში არიან. თუმცა მოედანზე უძლიერეს შემადგენლობას არც "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გაიყვანს - "დონ იუპი" "რეალთან" მატჩისთვის სავარაუდოდ არაერთ წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს.

ბორუსიების საზეიმო ჯახი
შევთანხმდით, რომ "ბაიერნისა" და "შალკეს" სახით ორი უმთავრესი მეტოქის დამარცხების შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსიასთვის" გერმანიის ზედიზედ მეორე ჩემპიონობის ოფიციალურად განაღდება მხოლოდ და ფორმალობაა.

რაკი "ბორუსიების" დუელი სხვა მატჩებზე გვიან იწყება, შესაძლოა, იურგენ კლოპის გუნდი ამ მატჩს ოფიციალური ჩემპიონის რანგში შეხვდეს. მიუხედავად ამისა, "გლადბახს" დორტმუნდში იოლი გასეირნება, რა თქმა უნდა, არ ელის.

ლუსიენ ფავრის შეგირდებს მეოთხე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად განაღდებული აქვთ, მაგრამ წინა ტურში განვითარებული მოვლენების შედეგად მესამე ადგილის დაკავების მშვენიერი შანსი გაუჩნდათ - "გლადბახი" "შალკეს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილი კი მიონხენგლადბახელთათვის იმიტომაა ასეთი სასურველი, რომ ბრინჯაოს მედლების გარდა, პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გარანტიას იძლევა.

აუგსბურგი მიზანთან ახლოსაა
"32-ე ტურის წინ შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ. სეზონის წინ ამას არავინ იწინასწარმეტყველებდა", - ეს აუგსბურგელი სებასტიან ლანგკამპის სიტყვებია. მისი გუნდი სამშვიდობოსაა და მეთექვსმეტეადგილოსან "კიოლნს" ფინიშამდე სამი ტურით ადრე 4 ქულით უსწრებს.

იოს ლუჰუკაის ბიჭებმა წინა ტურში სამი ქულა ვოლფსბურგიდან წაიღეს (2:1) და გერმანიაში უკვე თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ "აუგსბურგი" გადარჩება. 21 აპრილს ლუჰუკაის გუნდი "შალკეს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში ალბათ საბოლოოდ დამშვიდდება, მაგრამ გელზენკირხენელებიც მოსაგებად იბრძოლებენ, რადგან ქულების დაკარგვის შემთხვევაში მესამე ადგილის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ.

კვირის მეორე მატჩი კი "ჰანოვერისა" და "ფრაიბურგის" ჯახია - "წითლებს" "ჰამბურგთან" მარცხის (0:1) დავიწყება და ევროპალიგაში გამსვლელი მეშვიდე ადგილის შენარჩუნება სურთ, "ფრაიბურგს" კი უკვე აღარაფერი აღელვებს, რადგან თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ნაღდად წარმოუდგენელია, რომ ბრაისგაუელები მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდნენ.


გერმანია. ბუნდესლიგა. XXXII ტური

20 აპრილი
მაინცი-ვოლფსბურგი 0:0

21 აპრილი
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 17:30
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: რაინარტცი (ლევერკუზენი)
ტრავმა: იაისლე, რობერტო ფირმინიო - და კოშტა, შვააბი, რენატო, სემი

ვერდერი-ბაიერნი 17:30
პირველ წრეში: 1:4
დისკვალიფიკაცია: ბიონიში, ფრიტცი, სოკრატისი - ბადშტუბერი
ტრავმა: ჰართერცი, ბარგფრედე, ბოროვსკი, ექიჩი, მარინი - ბრენო, ვან ბუიტენი

ნიურნბერგი-ჰამბურგი 17:30
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: გერერო (ჰამბურგი)
ტრავმა: ჰლუშეკი, მენდლერი, აიგლერი, ესვაინი - რაიკოვიჩი

ჰერტა-კაიზერსლაუტერნი 17:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: კობიაშვილი - ტიფერტი
ტრავმა: ფრანცი, მიატოვიჩი, ნოიმანი, ლუსტენბერგერი, დიურიჩინი - შიმუნეკი, დერშტროფი, იორგენსენი, კუემაა, სუკუტა-პასუ

კიოლნი-შტუტგარტი 17:30
პირველ წრეში: 2:2
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრეზინიო, სერენო, ჩიჰი, უთი - ბულარუზი, ჩელოცი, რიუდიგერი, აუდელი

ბორუსია (დ)-ბორუსია (მ) 20:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოხი - მარქსი

22 აპრილი
აუგსბურგი-შალკე 17:30
პირველ წრეში: 1:3
დისკვალიფიკაცია: ფუხსი (შალკე)
ტრავმა: დე იონგი, ბა, გოგია, ს. ჰაინი - ფერმანი, ჰილდებრანდი, პაპადოპულოსი

ჰანოვერი-ფრაიბურგი 19:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: ანდრეასენი, პინტუ (ორივე ჰანოვერი)
ტრავმა: მ. დიუფი - ბართი, მუიჯა, ფლუმი, შუსტერი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 31 22 6 3 69-23 72
2. ბაიერნი 31 20 4 7 69-20 64
3. შალკე 31 18 3 10 66-41 57
4. ბორუსია (მ) 31 16 8 7 46-22 56
5. შტუტგარტი 31 14 7 10 59-41 49
6. ლევერკუზენი 31 12 9 10 46-43 45
7. ჰანოვერი 31 11 11 9 39-43 44
8. ვერდერი 31 11 9 11 45-50 42
9. ჰოფენჰაიმი 31 10 11 10 38-40 41
10. ვოლფსბურგი 32 12 5 15 42-56 41
11. მაინცი 32 9 11 12 47-48 38
12. ნიურნბერგი 31 11 5 15 33-42 38
13. ფრაიბურგი 31 9 9 13 41-56 36
14. ჰამბურგი 31 8 10 13 34-55 34
15. აუგსბურგი 31 7 12 12 34-48 33
16. კიოლნი 31 8 5 18 36-66 29
17. ჰერტა 31 6 10 15 34-57 28
18. კაიზერსლაუტერნი 31 3 11 17 19-46 20

ბომბარდირები
25 - გომესი (ბაიერნი); 24 - ჰუნტელაარი (შალკე); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი), პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი), როისი (ბორუსია /მ/).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული