რალფ რანგნიკი ისევ ლევან კობიაშვილთან?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, შეასრულებს თუ არა ოტო რეჰაგელი თავის ბერლინურ მისიას, სეზონის ბოლოს ის გერმანიის დედაქალაქს დატოვებს და "ჰერტას" ახალი მწვრთნელი დასჭირდება.

ლევან კობიაშვილის გუნდს ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი და ამისათვის დარჩენილი ორი თამაშის მოგებასთან ერთად, "კიოლნის" წაფორხილებაც სჭირდება, კლუბის ხელმძღვანელები კი უკვე რეჰაგელის შემცვლელზე ფიქრობენ. გაირკვა, რომ მათი ფავორიტი რალფ რანგნიკია.

53 წლის რანგნიკი ბოლოს "შალკეს" თავკაცობდა და გელზენკირხენული კლუბი შვიდი თვის წინ თვითნებურად, Bur Out-ის სინდრომის გამოვლენის შემდეგ დატოვა. მას მერე "პროფესორმა რალფმა" ინტენსიური თერაპია გაიარა და სრულიად
გამოჯანმრთელდა, ზაფხულიდან კი ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ "ჰერტას" მენეჯერ მიხაელ პრეეტცს რანგნიკის დანიშვნა რეჰაგელამდეც სურდა, მაგრამ მაშინ რალფმა უარი შეუთვალა - საქმეს მხოლოდ ზაფხულში დავუბრუნდებიო.

ამრიგად, რანგნიკი პრეეტცისთვის ახლაც უპირველესი არჩევანია. გუშინ რალფმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ "ჰერტასთან" პირველი მოლაპარაკება უკვე გამართა: "დიახ, საუბარი შედგა, მაგრამ სერიოზულ მოლაპარაკებაზე და, მით უმეტეს, გადაწყვეტილებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან არ ვიცით, სად ითამაშებენ ბერლინელები მომავალ სეზონში - ელიტაში თუ მეორე ბუნდესლიგაში," - უთხრა მან "კიკერს".

რანგნიკი მეორე ბუნდესლიგაში მუშაობას არ გამორიცხავს, მაგრამ იქვე დასძენს, რომელიმე კლუბს ქვედა ლიგაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავიბარებ, თუ სათანადო პერსპექტივას დავინახავო.

შეგახსენებთ, რომ რალფ რანგნიკი "შალკეს" არა მარტო ახლა, არამედ ადრეც წვრთნიდა და მაშინ გელზენკირხენში მისი შეგირდი კობიაშვილიც იყო. ასე რომ, "ჰერტაში" დაბრუნების შემთხვევაში რალფი ისევ კობის დამრიგებელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული