28 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში "გლადბახის" დაცვის ბურჯი და ერთ-ერთი ლიდერია, რეკორდმაისტერთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს ინფორმაცია მიუნხენელებმა 26 აპრილს ოფიციალურად დაადასტურეს.
"ბაიერნი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გრანდია, რომელში თამაშზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს. ეს ჩემს კარიერაში მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მიხარია, რომ მეძლევა შანსი, უმაღლეს დონეზე ვითამაშო. უკვე 28 წლის ვარ და ჩემთვის ცხადია, რომ კარიერის ერთ-ერთ უკანასკნელ კონტრაქტს ვაფორმებ. იმედია, "გლადბახის" გულშემატკივრები არ გამინაწყენდებიან," - განუცხადა
მიონხენგლადბახელთა მენეჯერის, მაქს ებერლის თქმით, მას ბოლო წუთამდე ჰქონდა იმედი, რომ დანტე "ბაიერნში" გადასვლაზე უარს იტყოდა.
"ბილდის" ცნობით, "გლადბახი" ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ "ბაიერნისგან" 4.7 მილიონ ევროს მიიღებს. მართალია, დანტეს ფასი თითქმის ორჯერ მეტია, მაგრამ მის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის ზაფხულში ბრაზილიელს "ბორუსიას" დატოვება სწორედ 4.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო.
ებერლმა დანტე გააკრიტიკა კიდეც - იმის ნაცვლად, რომ "გლადბახთან" ერთად ისტორია დაეწერა, "ბაიერნში" მიდის, სადაც ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერავინ მისცემს.
თავად დანტე კი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატმა - ბრაზილიელს იმედი აქვს, რომ ბაიერნელობა მუნდიალზე თამაშის შანსს მისცემს.
გუშინვე "ბაიერნის" ოფიციალურ ვებგვერდზე საბოლოოდ დადასტურდა მეორე ტრანსფერიც: 32 წლის ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი რეკორდმაისტერთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ზაფხულიდან კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს.
ოლიჩი "მგლებთან" ორწლიან ხელშეკრულებას აფორმებს და უხარია, რომ იმ გუნდში ითამაშებს, რომელსაც ფელიქს მაგათი წვრთნის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"