შესაბამისად, ბუნდესლიგის 33-ე ტურის მთავარი თემა გადარჩენისთვის ბრძოლაა.
"კაიზერსლაუტერნს" აღარაფერი ეშველება და ფინიშამდე ორი ტურით ადრე, ელიტაში დარჩენისთვის რეალურად მხოლოდ ორი გუნდიღა იბრძვის: ლევან კობიაშვილის "ჰერტა" (ბერლინელები "შალკეს" სტუმრობენ) და "კიოლნი" ("თხები" ფრაიბურგში ჩადიან). ორივე გუნდის მიზანი მე-16 ადგილია, რომელიც გადარჩენის შანსს მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ორრაუნდიანი პაექრობის მოგების შემთხვევაში იძლევა.
"კიკერის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც ცხადყოფს, რომ "ჰერტას" საქმე უფრო ცუდადაა: გამოკითხულთა
თუმცა გამოკითხვის ასეთი შედეგი მეტწილად ცხრილიდან გამომდინარეობს: 33-ე ტურის წინ მე-16 ადგილზე სწორედ "კიოლნია", ბერლინელები კი "თხებს" 2 ქულით ჩამორჩებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისია, "კიოლნი" 28 აპრილს ფრაიბურგში დამარცხდეს, ხოლო "ჰერტამ" გელზენკირხენში მოიგოს, რომ ბოლო ტურში კობიაშვილის გუნდის ბედი მისივე ხელში იქნება.
იმის შანსი, რომ კიოლნელები ფრაიბურგიდან ხელცარიელები გაბრუდნენ, საკმაოდ დიდია, რადგან "ფრაის" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და თუ ახლაც არ წააგებს, პირად რეკორდს დაამყარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ "ფრაიბურგმა" გადარჩენა უკვე გაინაღდა.
"კიოლნმა" არასპორტული თვალსაზრისითაც მძიმე კვირა გადაიტანა: ჯერ გუნდის ულტრასმა ფანებმა "ლევერკუზენის" მცველი მიხალ კადლეცი სცემეს (!), მერე კი "კიოლნის" პრეზიდიუმი შეიცვალა და ახლა გუნდის ბოსი ლეგენდარული გერმანელი მეკარე ტონი შუმახერია.
თუმცა ცხადია, რომ "კიოლნს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან პრეზიდიუმი ვერ იხსნის - ეს ფეხბურთელებმა უნდა გააკეთონ. რაც მთავარია, ფრანკ შეფერის დანიშვნის შემდეგ კიოლნელი ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ. ფრაიბურგში ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის აღება იქნებაო, ამბობს შეფერი და ცამდე მართალია, რადგან "კიოლნს" ბოლო ტურში "ბაიერნთან" პაექრობა უწევს და რეკორდმაისტერის დამარცხება, ცხადია, უფრო ძნელი იქნება.
მეორე ბუნდესლიგასთან ბერლინი უფრო ახლოსაა
ასე რომ, "ჰერტას" გადარჩენის ჯერ კიდევ რეალური შანსი აქვს, თუმცა ბერლინელებმა წინა ტურში ისეთი თამაში წააგეს, რომ გულშემატკივრებს ამის ნაკლებად სჯერათ: ოტო რეჰაგელის გუნდი ერთი კვირის წინ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "კაიზერსლაუტერნთანაც" დამარცხდა (1:2).
მიუხედავად ამისა, ბერლინული კლუბის ბოსებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ რამე შეეცვალათ - "ჰერტა" შუა კვირაში სპცეიალურ ბლიც-შეკრებაზე იყო.
"გელზენკირხენში, "შალკეს" წინააღმდეგ მოედანზე ის 11 ფეხბურთელი უნდა გავიყვანო, რომლებსაც მართლა შეუძლიათ თავდაუზოგავად ბრძოლა", - აცხადებს რეჰაგელი.
27 აპრილს საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ 11 ფეხბურთელს შორის ნამდვილად არ იქნება ლევან კობიაშვილი, რომელსაც დისკვალიფიკაცია ერთ მატჩამდე "ჰერტას" მეორე პროტესტის შემდეგაც არ შეუმცირეს. დისკვალიფიცირებულია პეტერ ნიმაიერიც. "ჰერტას" გელზენკირხენში ბოლო ხუთ მატჩში ერთი გოლიც კი არ აქვს გატანილი...
აუგსბურგისა და ჰამბურგის ბოლო ნაბიჯები
"ჰამბურგს" (მე-14 ადგილი) და "აუგსბურგს" (მე-15) პირველ ბუნდესლიგაში დარჩენა ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებიათ, მაგრამ სატურნირო ცხრილიდანვე ჩანს, რომ მათ გავარდნის სერიოზული საფრთხე აღარ ემუქრებათ.
"ჰამბურგს" უკვე გადარჩენილ "მაინცთან" საშინაო მატჩის მოგების შემთხვევაში ელიტაში დარჩენის გაფორმება შეუძლია.
სწორედ ამაზე ისაუბრა გუშინ HSV-ს მთავარმა მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმა - გადარჩენა "მაინცთან" მოგებით, ჩვენს ქომაგებთან ერთად უნდა ვიზეიმოთო. მას დისკვალიფიკაციამოხდილი თავდამსხმელი გერერო და გამოჯანმრთელებული მარჯვენა მცველი დიკმაიერი უბრუნდებიან.
აი, "აუგსბურგს" კი საკმაოდ რთული მატჩი ელის მიონხენგლადბახში, მაგრამ მწვრთნელი იოს ლუჰუკაი ყველას ახსენებს, სეზონის წინ ჩვენ ამ დროისთვის ისეთ სიტუაციაში ყოფნას გვიწინასწარმეტყველებდნენ, როგორშიც ახლა "კაიზერსლაუტერნია", მე კი ზუსტად ვიცი რომ აღარ გავარდებითო.
ასეა: ბუნდესლიგის დებიუტანტი "კიოლნს" ფინიშამდე ორი ტურით ადრე 4 ქულით უსწრებს და ბურთების შეფარდებითაც მნიშვნელოვნად სჯობია (-14:-30).
"გლადბახს" კი ქულების გაჩუქების უფლება აღარ აქვს - ლუსიენ ფავრის "ბორუსია" მეოთხე ადგილზეა და მესამეადგილოსან "შალკეს" 2 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, მიონხენგლადბახელები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ამ ორ ტურში როგორმე მესამე ადგილზე აძვრნენ, რაც პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გარანტიაა.
ევროპალიგის საგზურები: კანდიდატი ოთხია, ადგილი - ერთი
"გლადბახს" ქვემოდან მხოლოდ თეორიული საფრთხე ემუქრება, რადგან მეხუთე ადგილოსანი "შტუტგარტი" "ბორუსიას" 6 ქულით ჩამორჩება.
"შტუტგარტის" მთავარი და რეალური მიზანი მეხუთე ადგილის დაკავებაა, რაც შვაბენლანდურ კლუბს პირდაპირ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოახვედრებს.
შტუტგარტელები 28 აპრილს "ბაიერნს" კაპიტან სერდარ ტასკის (ტრავმა) გარეშე სტუმრობენ. მიუნხენურ გრანდს მეორე ადგილს ვეღარავინ წაართმევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერი ბუნდესლიგაში ფაქტობრივად უმოტივაციოა - ბავარიელთა კონცენტრაცია გერმანიის თასის ფინალისკენ (დორტმუნდთან) და ჩემპიონთა ლიგის ფინაილსკენაა (ჩელსისთან) მიმართული.
ევროპალიგის საგზურია "ლევერკუზენისა" და "ჰანოვერის" მიზანიც, რომლებიც ამ ტურში ერთმანეთს ხვდებიან. ლევერკუზენელებს ამ მეორეხარისხოვან ტურნირზე ასპარეზობა თითქმის განაღდებული აქვთ და ახალი მწვრთნელის, სამი ჰიიპიას ხელში დაუმარცხებლად ასპარეზობენ. "ჰანოვერი" კი ერთ-ერთია იმ ოთხეულიდან, ვინც მეშვიდე ადგილისთვის იბრძვის - "ვერდერს", "ჰოფენჰაიმს" და "ვოლფსბურგს" "ჰანოვერის" წაფორხილების იმედი აქვთ.
"წითლებს" მაინცდამაინც ახლა აკლიათ რაუში, რომელსაც ამ სეზონში 48 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და წინა ტურში მიღებული მორიგი ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს შეხვედრა მირკო სლომკასთვის "ჰანოვერის" მწვრთნელის რანგში მე-100 იქნება.
ერთმანეთში თამაშობენ ევროპალიგის საგზურზე მეოცნებე "ვოლფსბურგი" და "ვერდერიც". ბრემენელებს ლაზარეთიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდათ, რაც მწვრთნელ თომას შააფს ვარირების საშუალებას მისცემს.
მეშვიდე ადგილის დაკავება ჯერ კიდევ შეუძლია "ჰოფენჰაიმსაც" - "სოფლელებს" 28 აპრილს "ნიურნბერგის" სახით "საყვარელი" მეტოქე ჰყავს, რადგან ჰოფენჰაიმელები ფრანკებთან არასდროს დამარცხებულან.
ბოლოადგილოსანი ჩემპიონის წინააღმდეგ
"კაიზერსლაუტერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" დაპირისპირება ორი უკიდურესობის ჯახია: "ლაუტერნი" დეპრესიაშია, რადგან უკვე მეორებუნდესლიგელი ჰქვია, "დორტმუნდი" კი - გერმანიის ჩემპიონი.
"კაიზერსლაუტერნისთვის" მოტივაცია ისაა, რომ საკუთარ მოედანზე ბოლო შეხვედრას ატარებს და იქნებ, იმედგაცრუებულ ფანებს ჩემპიონის დამარცხებით მაინც გამოეთხოვოს, დორტმუნდელები კი ბუნდესლიგის ყველადროის რეკორდს უმიზნებენ - ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში "ბორუსია" სეზონს 81 ქულით დაასრულებს, რაც აქამდე გერმანიის არცერთ ჩემპიონს არ მოუხერხებია.
ბუნდესლიგა. XXXIII ტური
28 აპრილი
კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (დ) 17:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შიმუნეკი, კუემაა - კოხი, ს. ბენდერი, ბლაშჩიკოვსკი
ვოლფსბურგი-ვერდერი 17:30
პირველ წრეში: 1:4
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფელიპე ლოპესი, ჰიტცლშპერგერი, მედოიევიჩი, ოროსკო - ბარგფრედე, ექიჩი, კროოსი, მარინი
ლევერკუზენი-ჰანოვერი 17:30
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: ანდრეასენი, რაუში (ორივე ჰანოვერი)
ტრავმა: და კოშტა, შვააბი, რენატო, როლფესი, სემი - მ. დიუფი
ჰამბურგი-მაინცი 17:30
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაიკოვიჩი, კაჩარი - სვენსონი, ზაბავნიკი, რისსე
ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 17:30
პირველ წრეში: 2:0
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იაისლე, ვორსა, რობერტო ფირმინიო, ვილიამსი - ფრანტცი, ჰლუშეკი, ესვაინი
ბაიერნი-შტუტგარტი 17:30
პირველ წრეში: 2:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრენო, ვან ბუიტენი - ბულაჰრუზი, ტასკი, აუდელი
ფრაიბურგი-კიოლნი 17:30
პირველ წრეში: 0:4
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფლუმი, შუსტერი - ანდრეზინიო, სერენო, ჩიჰი, უთი
ბორუსია (მ)-აუგსბურგი 17:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: შტრანცლი - ჰოსოგაი
ტრავმა: მარქსი - დე იონგი, ბა, გოგია, მიოლდერსი
შალკე-ჰერტა 17:30
პირველ წრეში: 2:1
დისკვალიფიკაცია: კობიაშვილი, ნიმაიერი (ორივე ჰერტა)
ტრავმა: ფერმანი, ჰილდებრანდი, მეტცელდერი, პაპადოპულოსი, სარპეი - ფრანცი, მიატოვიჩი, ნოიმანი, ლუსტენბერგერი, დიურიჩინი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 32 23 6 3 71-23 75
2. ბაიერნი 32 21 4 7 71-21 67
3. შალკე 32 18 4 10 67-42 58
4. ბორუსია (მ) 32 16 8 8 46-24 56
5. შტუტგარტი 32 14 8 10 60-42 50
6. ლევერკუზენი 32 13 9 10 47-43 48
7. ჰანოვერი 32 11 12 9 39-43 45
8. ვერდერი 32 11 9 12 46-52 42
9. ჰოფენჰაიმი 32 10 11 11 38-41 41
10. ვოლფსბურგი 32 12 5 15 42-56 41
11. ნიურნბერგი 32 11 6 15 34-43 39
12. მაინცი 32 9 11 12 47-48 38
13. ფრაიბურგი 32 9 10 13 41-56 37
14. ჰამბურგი 32 8 11 13 35-56 35
15. აუგსბურგი 32 7 13 12 35-49 34
16. კიოლნი 32 8 6 18 37-67 30
17. ჰერტა 32 6 10 16 35-59 28
18. კაიზერსლაუტერნი 32 4 11 17 21-47 23
ბომბარდირები
25 - ჰუნტელაარი (შალკე), გომესი (ბაიერნი); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი), პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი), როისი (ბორუსია /მ/).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"