დორტმუნდელთა ულტიმატუმი შინჯი კაგავას

AutoSharing Option
შინჯი კაგავა დორტმუნდის "ბორუსიას" წარმატებების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია და ერთადერთი ფეხბურთელია გერმანიის ჩემპიონში, რომლის მომავალი გაურკვეველია.

23 წლის იაპონელს დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს, რაზეც კაგავას პასუხი ჯერ კიდევ არ გაუცია. დორტმუნდელები კი უკვე ნერვიულობენ, რადგან უარის შემთხვევაში იაპონელი ან ახლავე უნდა გაყიდონ, თუ არა და გაისად "ბორუსიას" უფასოდ დატოვებს.

როგორც ჩანს, "დორტმუნდის" ხელმძღვანელებს მოთმინების ფიალა აევსოთ, რადგან BVB-ს პრეზიდენტმა რაინჰარდ რაუბალმა კაგავას ულტიმატუმი წაუყენა. იაპონელმა ბოსებს საბოლოო პასუხი ორშაბათამდე უნდა გასცეს.

ჩვენი
გერმანელი კოლეგების ცნობით, მოლაპარაკებები ჩიხში ხელფასის გამო არ შესულა, რადგან "ბორუსია" კაგავას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ჯამაგირის გაორმაგებას, ანუ, 3 მილიონ ევრომდე გაზრდას ჰპირდება.

"ვშიშობ, რომ შინჯი ჩვენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს იტყვის. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მასთან მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ დავიწყეთ და საბოლოო პასუხი ჯერაც არ უთქვამს.

თამამად ვიტყვი, რომ ძალიან კარგი პირობები შევთავაზეთ და არა მგონია, ამის გამო იყოს უკმაყოფილო. კაგავას შეძენის სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენცია მისი წასვლისკენ მიდის",
- აცხადებს რაუბალი.

"ბილდის" ცნობით, შინჯი კაგავას გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს. სერ ალექს ფერგიუსონი მზადაა, იაპონელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და წელიწადში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს.

"ბილდი" იმასაც წერს, რომ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში "დორტმუნდი" "იუნაიტედს" 15 მილიონ ევროს მოსთხოვს.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" იაპონელი გამთამაშებელი ორი წლის წინ სულ რაღაც 350 000 ევროდ შეიძინა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული