ბუნდესლიგა. XXXIII ტური: რაული გელზენკირხენში პუბლიკას დაემშვიდობა

AutoSharing Option
ბუნდესლიგამ ბოლო ტურისთვის უმოტივაციოდ არ დაგვტოვა: რაკი ამ უქმეებზე "კიოლნიც" დამარცხდა და "ჰერტაც", კითხვას, თუ ვინ დაიკავებს მე-16 ადგილს, პასუხი სწორედ ბოლო ტურში გაეცემა.

ამ ტურში კი ბერლინელებიც და კიოლნელებიც გასვლით შეხვედრებში სამარცხვინოდ განადგურდნენ - "ჰერტა" გელზენკირხენში 0:4 დამარცხდა, "კიოლნმა" კი ფრაიბურგში განიცადა კრახი (1:4). შესაბამისად, მათ იმედად ბოლო ტური რჩებათ: "კიოლნი" ისევ უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან ლევან კობიაშვილის გუნდზე ორით მეტი ქულა აქვს, მაგრამ "თხებს" ბოლო ტურში "ბაიერნთან" უწევს პაექრობა, ხოლო "ჰერტამ" "ჰოფენჰაიმს" უნდა უმასპინძლოს.

ასეა თუ ისე, ერთი რამ
ფაქტია: ეს გუნდები იმდენად საშინლად გამოიყურებიან, რომ ბუნდესლიგაში დარჩენას არცერთი იმსახურებს.

ჰუნტელაარმა გომესს გაასწრო
მითები იმის შესახებ, რომ ბერლინელები გელზენკირხენში ხეირს ნახავდნენ, არ გამართლდა; ხოლო თავად "შალკემ" "ჰერტასთან" გამარჯვებით მესამე ადგილი და შესაბამისად, პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. ამასთან, რაული გელზენკირხენს მორიგი გოლით გამოეთხოვა და "ფელტინს არენა აუფ შალკეს" პუბლიკამ ესპანელი უდიდესი ოვაციებით გააცილა.

საინტერესოა ისიც, რომ კლაას-იან ჰუნტელაარმა დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ბაიერნელ მეტოქე მარიო გომესს ბოლო ტურის წინ ერთი გოლით გადაასწრო - ჰოლანდიელის ანგარიშზე ახლა 27 გოლია, გომესს კი 26 ბურთი აქვს გატანილი.

"ჰერტას" წაგებამ "კიოლნისთვის" ფრაიბურგში განცდილი მორიგი კრახი შეარბილა - "თხები" მე-16 ადგილზე დარჩა და იმედი აქვს, რომ ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნთან" გაიმარჯვებს.

არადა, მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" უკვე უმოტივაციოა, რეკორდმაისტერი თავის თამაშებს მეორე შემადგენლობითაც იოლად იგებს...

გომესის იმედი კიოლნია
ბავარიული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა მადრიდის გმირები (ლამი, ნოიერი, რობენი, შვაინშტაიგერი, რიბერი...) დაასვენა, მაგრამ "შტუტგარტს" მაინც მოუგო - 2:0.

"ბაიერნის" კაპიტანი 37 წლის მეკარე ჰანს-იორგ ბუტი გახლდათ, რომელიც კარიერას ამთავრებს და ზაფხულიდან მიუნხენურ კლუბში ბავშვთა ფეხბურთში დასაქმდება.

ბომბარდირმა გომესმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და შვაბებს ანგარიში სწორედ მან გაუხსნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბომბარდირებში პირველი ადგილი მაინც დაკარგა, რადგან მეტი ვეღარ გაიტანა (მეორე გოლი თომას მიულერის ანგარიშზეა). გომესის იმედი, ზედიზედ მეორედ გახდეს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ბოლო ტურში "კიოლნთან" მატჩია - "თხებს" ხომ ყველაზე მეტი, 71 გოლი აქვს გაშვებული.

აუტსაიდერი და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული "კაიზერსლაუტერნი" ჩემპიონ "დორტმუნდს" მასპინძლობდა და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, იგებდა - მე-16 წუთზე ფელიპე სანტანამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მაგრამ დორტმუნდელებმა "ეშმაკებს" ძალიან სწრაფად, ორ წუთში ბარიოსის საშუალებით უპასუხეს. ამ უკანასკნელმა სულაც ჰეთ თრიკი შეასრულა და როგორც ხედავთ, დორტმუნდის პუბლიკას ღირსეულად ეთხოვება - ბარიოსის წასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ იხეირა მარიო გიოტცემაც. ერთი სიტყვით, დორტმუნდელები არც გაჩემპიონების შემდეგ მოეშვნენ და სუპერრეკორდს (81 ქულა სეზონის ბოლოს) უმიზნებენ.

ვოლფსბურგი ევროპალიგაში მაინც მოხვდება?
ბოლო ტურში ევროპალიგის დარჩენილი ერთადერთი საგზურისთვის ბრძოლაც საინტერესო იქნება. "ვოლფსბურგმა" უშუალო კონკურენტი "ვერდერი" 3:1 დაამარცხა და მეშვიდე ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა, რადგან ამ ადგილზე მყოფი "ჰანოვერი" ლევერკუზენში დამარცხდა (0:1) და ფელიქს მაგათის "მგლები" "წითლებს" ახლა მხოლოდ ერთი ქულითღა ჩამორჩება.

სხვა საქმეა ის, რომ ვოლფსბურგელები ბოლო ტურში "შტუტგარტს" სტუმრობენ და მათთვის შვაბებთან გამარჯვება თუნდაც რეალური იყოს, "ჰანოვერი" საკუთარ მოედანზე "კაიზერსლაუტერნს" მიიღებს და ის უფრო რეალურია, რომ მირკო სლომკას გუნდმა მოიგოს და მეშვიდე ადგილი შეინარჩუნოს.

საინტერესოა ისიც, რომ "ვოლფსბურგს" "ვერდერთან" მაგათის მიერ ათვალწუნებულმა პატრიკ ჰელმესმა მოაგებინა - მან მეორე ტაიმში (პირველი ტაიმი 1:1 დამთავრდა) დუბლი შეასრულა, რითაც "ვერდერს" ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსი, ფაქტობრივად, საბოლოოდ გადაუწურა.

ჰელმესი კი სეზონის ბოლოს მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და დიდია იმის შანსი, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მასზე სერიოზულად დაფიქრდეს - პატრიკი ევროპის ჩემპიონატისთვის, როგორც მინიმუმ, რეალური კანდიდატია.

მარინი ჩელსიში მიდის
მატჩის წინ გაირკვა, რომ ბრემენული კლუბის 23 წლის შემტევი ნახევარმცველი მარკო მარინი მომავალ სეზონში ლონდონის "ჩელსიში" ითამაშებს. ცნობილი გახდა, რომ "ჩელსი" მარინში 7 მილიონ ევროს გადაიხდის და მარკო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ეს ფული "ვერდერს" გუნდის გასაძლიერებლად დასჭირდება, რადგან გადაწყვეტილია, რომ ვიზე და ბოროვსკი მიდიან, პისაროც ჩემოდნებზე ზის, ხოლო ნალდოსა და სოკრატისის დარჩენა კი უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ფაქტია ისიც, რომ "ვერდერმა" არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი მეორე წრე ჩაატარა - "მუსიკოსებმა" ზამთრის შესვენების შემდეგ მხოლოდ 13 ქულა აიღეს და რვამატჩიანი მოუგებელი სერია "გამოაცხვეს".

ჰამბურგი პეტრიჩს დაემშვიდობა, გლადბახი - როისს
"ჰამბურგის" ქომაგებმა "მაინცთან" უგოლო ფრე მაგრად იზეიმეს - მიზეზი ისაა, რომ ამ 0:0-მა ჩრდილოგერმანულ კლუბს ელიტაში ადგილი შეუნარჩუნა. ტორსტენ ფინკის გუნდს ახლა 36 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის "დინოზავრის" გავარდნა საბოლოოდ გამოირიცხა.

ამასთან, ჰამბურგის პუბლიკა მლადენ პეტრიჩს და დავიდ იაროლიმს გამოეთხოვა - მათ ზაფხულში ახალი კლუბების პოვნა მოუწევთ.

"აუგსბურგმა" ამ სეზონში პირველი ბუნდესლიგის გემო პირველად გაიგო და მეორე ბუნდესლიგაში არ დაქვეითდა. იოს ლუჰუკაის გუნდმა გადარჩენა "გლადბახთან" 0:0-ით გაიფორმა. თავის მხრივ, მიონხენგლადბახელებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი დაკარგეს, რაც ლუსიენ ფავრის სამწყსოს პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოახვედრებდა.

თუმცა გლადბახელები ამ მიღწევითაც უაღრესად ბედნიერები არიან, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ შარშან კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილი გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა.

მიონხენგლადბახის პუბლიკა მარკო როისს ("დორტმუნდში" გადადის), რომან ნოიშტედტერსა (შალკეში) და დანტეს (ბაიერნში) გამოეთხოვა.

ამრიგად, ბოლო ტურში ორი რამ დარჩა გასარკვევი: ვინ გავარდება "კაიზერსლაუტერნთან" ერთად ("ჰერტა" თუ "კიოლნი"); შესაბამისად, ვინ ითამაშებს მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან პლეი ოფში და რომელი კლუბი მოიპოვებს ევროპალიგის იმ ერთადერთ საგზურს - "ჰანოვერი" თუ "ვოლფსბურგი".

გერმანია. ბუნდესლიგა. XXXIII ტური
კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (დ) 2:5
კაიზერსლაუტერნი (4-1-2-2-1): ზიპელი - დიკი, აბელი, როდნი (40 იაია), ბუგერა - ბორისიუკი - ტიფერტი (77. კირხი), დე ვიტი - შაჰანი (64. დერშტროფი), ფორტუნისი - ვოოტენი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ლანგერაკი - ოვომოიელა, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, ლიოვე - გიუნდოგანი, კელი (64. ლაიტნერი) - გიოტცე (77. კრინგე), ლევანდოვსკი (66. კაგავა), პერიშიჩი - ბარიოსი.
გოლები: 1:0 ფელიპე სანტანა (16-საკ. კარში), 1:1 ბარიოსი (26), 1:2 ბარიოსი (26), 1:3 გიოტცე (33), 2:3 დე ვიტი (49), 2:4 ბარიოსი (55), 2:5 პერიშიჩი (78)
გაფრთხილება: აბელი - ბარიოსი
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 10(5)-17(6); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 49 780

ვოლფსბურგი-ვერდერი 3:1
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - როდრიგესი, რუსი, მადლუნგი, მ. შეფერი - ჟოსუე, პოლაკი (57. ტრეში) - დეჟაგა (23. სალიჰამიჯიჩი/91. კნოხე), ვიერინია - ჰელმესი, მანჯუკიჩი.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ა. სტევანოვიჩი (65. ფიულკრუგი), სოკრატისი, ნალდო, შმიტცი - თრაიბული (78. პრიოდლი) - ფრიტცი, იუნუზოვიჩი (74. ტრინკსი) - ჰანტი - პისარო, როზენბერგი.
გოლები: 1:0 სალიჰამიჯიჩი (40), 1:1 როზენბერგი (45+1), 2:1 ჰელმესი (66), 3:1 ჰელმესი (89)
გაფრთხილება: სალიჰამიჯიჩი, ჟოსუე - ა. სტევანოვიჩი, სოკრატისი, როზენბერგი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 25-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13(10)-11(6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 30 000

ლევერკუზენი-ჰანოვერი 1:0
ლევერკუზენი (4-1-2-3): ლენო - ჩორლუკა (83. ოჩიპკა), მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი (59. ბალაკი) - რაინარტცი - კასტრო, ლ. ბენდერი - ბარნეტა (70. ორტეგა), კისლინგი, შიურლე.
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, კ. შულცი - პინტუ, შმიდებახი (87. კარლიტოსი) - ია კონანი, შლაუდრაფი, შტინდლი - აბდელაუ (58. ზობიხი).
გოლი: 1:0 კისლინგი (75)
გაფრთხილება: რაინარტცი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 13(4)-10(2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 30 210

ჰამბურგი-მაინცი 0:0
ჰამბურგი (4-2-2-2): ნოიჰაუსი - ბრუმა, მანსიენი, ვესტერმანი, აოგო - რინკონი, იაროლიმი (89. არსლანი) - სონი, იანსენი - გერერო (84. ტეშე), პეტრიჩი (74. სალა).
მაინცი (4-3-1-2): ვეტკლო - ბუნგერტი, კირხჰოფი, ნოვესკი, პოსპეხი - მ. კალიჯური, პოლანსკი (56. ბაუმგარტლინგერი), სოტო (78. ნ. მიულერი) - ზიდანი (64. მალი) - სალაი, ჩუპო-მოტინგი.
გაფრთხილება: მ. კალიჯური
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(5)-12(5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 56 537

ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 2:3
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - რუდი, სალიჰოვიჩი - ვუკჩევიჩი, მუსონა (69. მლაპა), ბაბელი (87. ბრააფჰაიდი) - შიპლოკი (77. ლაკიჩი).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, ნილსონი, ვოლშაიდი, პინოლა - ბალიჩი, სიმონსი - ჩენდლერი, დიდავი (75. ვაისმაიერი), მაკი (25. ბუნიაკუ) - პეკჰარტი (83. ჰეგელერი).
გოლები: 0:1 პეკჰარტი (9), 1:1 ბეკი (22), 1:2 დიდავი (45), 1:3 პეკჰარტი (71), 2:3 ბრააფჰაიდი (88)
გაფრთხილება: ბეკი - ჩენდლერი
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16(7)-15(7); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 30 150

ბაიერნი-შტუტგარტი 2:0
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - რაფინია, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, კონტენტო - პრანიჩი (74. რობენი), ლუის გუსტავო - უსამი (57. შვაინშტაიგერი), თ. მიულერი, ოლიჩი - გომესი (46. ალაბა).
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - საკაი, მასა, ნიდერმაიერი, მოლინარო - კვისტი (46. კაკაუ), გენტნერი - ჰარნიკი (80. ტრაორე), ჰაინალი, ოკაზაკი (64. შიბერი) - იბიშევიჩი.
გოლები: 1:0 გომესი (32), 2:0 თ. მიულერი (92)
გაფრთხილება: რაფინია - ნიდერმაიერი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15(6)-9(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 69 000

ფრაიბურგი-კიოლნი 4:1
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - მუიჯა (70. პუცილა), გინტერი, დიანიე (58. ჰიონი), ზორგი - მაკიადი, გუედე - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (77. იენდრიშეკი) - ფრაისი.
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, მაკენა, ჟერომელი, აიხნერი (83. იშაკი) - ლანიგი (46. ნოვაკოვიჩი), რიტერი - პეჟკო (68. ბუხტმანი), იაიალო, კლემენსი - პოდოლსკი.
გოლები: 1:0 მუიჯა (36), 1:1 პოდოლსკი (47), 2:1 გუედე (54), 3:1 დ. კალიჯური (84), 4:1 ფრაისი (91)
გაფრთხილება: მაკენა
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17(8)-9(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 24 000

ბორუსია (მ)-აუგსბურგი 0:0
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი (40. რინგი), ნოიშტედტერი - ჰერმანი (84. ვენდტი), არანგო - როისი, ჰანკე (66. დე კამარგო).
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, ოსტრცოლეკი - ბაიერი (77. რაინჰარდტი), კალსენ-ბრაკერი - მ. ნდიენგი (63. მორავეკი), კოო, ბელინგჰაუზენი (33. სინკალა) - იორლი.
გაფრთხილება: მ. ნდიენგი, მორავეკი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 12(5)-8(1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 53 306

შალკე-ჰერტა 4:0
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი (90. შობერი) - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი (85. ჰიოგერი), ჰოლტბი - ფარფანი, რაული, ხურადო (88. მარიკა) - ჰუნტელაარი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი (53. ებერტი), ჰუბნიკი, იანკერი, ბასტიანსი - რონი, პერდედაი - ბენ-ჰატირა, რაფაელი, რუკავიცა (71. თორუნი) - რამოსი (46. ლასოგა).
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (32), 2:0 ჰოლტბი (73), 3:0 რაული (84), 4:0 ჰუნტელაარი (87)
გაფრთხილება: ჯონსი - ბენ-ჰატირა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 23(6)-7(3); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 61 673

სატურნირი ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 33 24 6 3 76-25 78
2. ბაიერნი 33 22 4 7 73-21 70
3. შალკე 33 19 4 10 71-42 61
4. ბორუსია (მ) 33 16 9 8 46-24 57
5. ლევერკუზენი 33 14 9 10 48-43 51
6. შტუტგარტი 33 14 8 11 60-44 50
7. ჰანოვერი 33 11 12 10 39-44 45
8. ვოლფსბურგი 33 13 5 15 45-57 44
9. ვერდერი 33 11 9 13 47-55 42
10. ნიურნბერგი 33 12 6 15 37-45 42
11. ჰოფენჰაიმი 33 10 11 12 40-44 41
12. ფრაიბურგი 33 10 10 13 45-57 40
13. მაინცი 33 9 12 12 47-48 39
14. ჰამბურგი 33 8 12 13 35-56 36
15. აუგსბურგი 33 7 14 12 35-49 35
16. კიოლნი 33 8 6 19 38-71 30
17. ჰერტა 33 6 10 17 35-63 28
18. კაიზერსლაუტერნი 33 4 11 18 23-52 23

ბომბარდირები
27 - ჰუნტელაარი (შალკე); 26 - გომესი (ბაიერნი); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 18 - პოდოლსკი (კიოლნი); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი).

ბოლო ტური
5 მაისი. ნიურნბერგი-ლევერკუზენი, კიოლნი-ბაიერნი, ვერდერი-შალკე, აუგსბურგი-ჰამბურგი, ბორუსია (დ)-ფრაიბურგი, ჰანოვერი-კაიზერსლაუტერნი, ჰერტა-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-ვოლფსბურგი, მაინცი-ბორუსია (მ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული