"დასამალი არაფერია, ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა, რის გამოც ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრი თავიდან დავიწყე," - აცხადებს არიენი
ეს არ იყო კარგი საქციელი
რობენი ადასტურებს, რომ რიბერის უკვე შეურიგდა, თუმცა იქვე აღიარებს, ფრანგთან ვეღარასოდეს მექნება ისეთი ურთიერთობა, რაც მანამდე მქონდა. ისე კი, შევრიგდით, ერთმანეთს ველაპარაკებით და ჩვეულებრივად ვიქცევითო.
რობენს რიბერის მუშტზე მეტად "ბაიერნის" ხელმძღვანელებსა და ზოგიერთ თანაგუნდელზე სწყდება გული.
ხელმძღვანელებზე იმიტომ, რომ მომხდარის შემდეგ რიბერის საქციელი არ დაგმეს. ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი "რეალთან" მატჩის შესვენებაზე "ბაიერნის" გასახდელში მომხდარი ჩხუბი ფრანგსა და ჰოლანდიელს შორის სულაც დადებით მოვლენად მონათლა; ზოგიერთ თანაგუნდელზე კი იმიტომ, რომ ისინი ოვაციებით შეხვდნენ იმ ფაქტს, როცა რიბერიმ რობენს მუშტი უთავაზა.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ვერაფრით დაადგინეს, რომელ ფეხბურთელებს გაუხარდათ ის, რომ რობენს რიბერისგან მოხვდა.
"ეს არ იყო კარგი საქციელი, ეს არ იყო პოზიტიური მოვლენა. შეფები ულამაზოდ მოიქცნენ," - აცხადებს რობენი. რიბერი კლუბმა 50 000 ევროთი დააჯარიმა, მაგრამ ეს რობენისთვის შეღავათი, რა თქმა უნდა, არ არის: "ეს ჯარიმა ფორმალობაა და ასეც რომ არ იყოს, რიბერის დაჯარიმება ჩემთვის რატომ უნდა იყოს შეღავათი? ვფიქრობ, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს მეტი სიჭკვიანე უნდა გამოემჟღავნებინათ."
მიუხედავად ჰოლანდიელის ასეთი განცხადებებისა, რუმენიგე მაინც დარწმუნებულია იმაში, რომ რობენი ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
"ჩვენ, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს, ოდნავადაც არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ არიენი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და მიუნხენში დარჩება," - ამბობს კალე და იქვე დასძენს, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რომელიც 19 მაისს უნდა გაიმართოს, რობენს კიდევ ერთხელ დაველაპარაკებითო. არიენი არ უარყოფს, რომ "ბაიერნში" თავს კარგად გრძნობს, მაგრამ იმასაც ადასტურებს, რომ რამდენიმე წინადადება აქვს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - ამ ისტორიას გაგრძელება ნამდვილად ექნება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"