ლუკას ბარიოსი ჩინეთში წავიდა!

AutoSharing Option
ტრანსფერი, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ სავარაუდო იყო, 2 მაისს საბოლოოდ გადაწყდა და ოფიციალურად დადასტურდა: დორტმუნდის "ბორუსიას" 27 წლის თავდამსხმელი ლუკას ბარიოსი კარიერას ჩინეთში, კერძოდ, "გუანჯოუ ევერგრანდეში" გააგრძელებს.

ბარიოსმა "გუანჯოუსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გერმანიის ჩემპიონი ჩინელებისგან ბარიოსის სანაცვლოდ 8.5 მილიონ ევროს ახლავე მიიღებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლუკასი ჩინურ კლუბში ბევრ გოლს გაიტანს, ჩინელები "ბორუსიას" კიდევ 3.5 მილიონს გადაურიცხავენ.

გაპარაგვაელებულ არგენტინელს "გუანჯოუში" ძალიან მაღალი ხელფასი ექნება: ბარიოსს წელიწადში 6.7 მილიონ ევროს გადაუხდიან.

"დორტმუნდის ფანებს უდიდესი მხარდაჭერისა და
სიყვარულისთვის მადლობას ვუხდი. "ბორუსიაში" სამი შესანიშნავი წელი გავატარე და აქ გატარებული სამი სეზონი არასდროს დამავიწყდება," - უთხრა ლუკასმა "ბილდს".

"ეს ლუკასის გადაწყვეტილებაა - მას ახალი თავგადასავლები სურდა და ჩინეთში წასვლაზე ამიტომაც დათანხმდა. ჩვენ არ გვსურდა მისი გაშვება, მაგრამ ვერც დავაკავებდით.

რაც მთავარია, ბარიოსი "ბორუსიას" წინაშე უსამართლოდ არ მოქცეულა და მას ჩვენც კარგად მოვექეცით. პირველ ორ სეზონში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და ბევრი გოლიც გაიტანა. ამ სეზონში კი სასტარტოში ადგილი დაკარგა. ჩვენ ვერავის მივცემთ ძირითადში თამაშის გარანტიას. ლუკას ბარიოსს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ," - ეს "ბორუსიას" გენერალური მენეჯერის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.

39 გოლი 82 მატჩში
ბარიოსი დორტმუნდის "ბორუსიაში" 2009 წელს ჩილედან (კოლო კოლო) გადავიდა და პირველივე სეზონში 19 გოლის გატანა მოახერხა. მეორე სეზონში მის ანგარიშზე 16 გოლი იყო, რითაც ბარიოსმა "ბორუსიას" შარშანდელ ჩემპიონობაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი ითამაშა.

გასულ ზაფხულში ის კოპა ამერიკაზე სერიოზულად დაშავდა, რის გამოც "დორტმუნდის" ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა. ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონის ნომერ პირველი თავდამსხმელი და ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკია (20 გოლი), ბარიოსმა კი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა (სულ 17 თამაში და 4 გოლი მიმდინარე სეზონში).

იანვარში მისი გადაბირება ინგლისურ "ფულჰემს" სურდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. გაირკვა, რომ ბარიოსს პრემიერლიგაში ახლაც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ "გუანჯოუმ" საუკეთესო პირობები შესთავაზა. ბუნდესლიგაში გატარებულ სამ სეზონში ბარიოსის ანგარიშზე სულ 39 გოლია (82 მატჩში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული