ფრანც ბეკენბაუერი: მიუნხენის "ბაიერნს" არიენ რობენი სჭირდება!

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია, რომ არიენ რობენი "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას აყოვნებს. 28 წლის ჰოლანდიელს რეკორდმაისტერთან ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ფრანკ რიბერისთან ჩხუბის შემდეგ აზრი შეიცვალა და ფიქრი თავიდან დაიწყო.

შესაბამისად, მიუნხენში დიდი ვნებათაღელვა დაიწყო: ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს რობენის დაკარგვა არ სურთ. "ბილდი" ამ საკითხთან დაკავშირებით "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერს გაესაუბრა.

- ჰერ ბეკენბაუერ, არიენ რობენი "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმას აღარ გამორიცხავს...
- იმედი მაქვს, რომ კონტრაქტს, რომელიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ შესთავაზეს, ხელს მოაწერს, რადგან
"ბაიერნს" რობენი ძალიან სჭირდება. სანამ რეკორდმაისტერი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს, რობენი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე შეუცვლელი და ფასდაუდებელი ფეხბურთელია.

ისევე, როგორც რიბერი - მარცხნივ. "ბაიერნი" დღეს მეტწილად სწორედ ამ ორ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. არიენი შესანიშნავი დრიბლიორია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. მან წინა სეზონში არაერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და წელსაც "რეალთან" გატანილი პენალტით ფინალის კარი გაგვიღო. მე რობენის ფანი ვარ!

- ნუთუ? დორტმუნდის
"ბორუსიასთან" გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ თქვენ რობენი ძალიან მაგრად გააკრიტიკეთ...
- ჰო და ეს კრიტიკა უკან არც მიმაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ პენალტი არასდროს უნდა დაარტყას იმ ფეხბურთელმა, რომელმაც მოიპოვა. ისიც ვიცი, რომ ამ კრიტიკის გამო არიენი ჩემზე განაწყენებულია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მე მართლა მისი ფანი ვარ.

- არიენი ამბობს, რიბერისთან ჩხუბის შემდეგ ხელმძღვანელებმა მხარდაჭერა არ გამომიცხადესო და ღიად საუბრობს იმაზე, რომ ნაწყენია. ეთანხმებით?
- რობენმა უნდა გაიგოს, რომ ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე ლოგიკურად მოიქცნენ, როცა გასახდელში მასსა და რიბერის შორის მომხდარი ინციდენტი ჩაფარცხეს.

"რეალთან" პირველი მატჩის შესვენებისას "ბაიერნის" გასახდელში საკმაოდ სამარცხვინო რამ მოხდა და რაკი ეს ყველამ გაიგო, რუმენიგე და ჰიონესი სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ. პირად საუბარში მათ რობენს ყველაფერი ისე უთხრეს, როგორც საჭირო იყო. არა მგონია, საჯარო საუბარი უფრო მნიშვნელოვანი იყოს.

- ჰო, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ დიდი შანსია, რობენმა
"ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი სწორედ ამიტომ თქვას...
- არიენმა იცის, რომ "ბაიერნი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და რომ მას აქ ყველა აფასებს. რამდენადაც ვიცი, რიბერისაც აპატია ის, რომ ამ უკანასკნელმა მუშტი უთავაზა. ამიტომაც მჯერა, რომ ბოლოს ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა - რობენი ახალ კონტრაქტს გააფორმებს და "ბაიერნში" დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული