ტიმ ვიზემ მადრიდის "რეალის" სკამს "ჰოფენჰაიმში" პირველობა ამჯობინა

AutoSharing Option
ტიმ ვიზემ მადრიდის "რეალში" გადასვლაზე უარი თქვა, რადგან "სამეფო გუნდში" სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ჰქონდა გარანტირებული - 30 წლის გერმანელი მეკარე, რომელმაც ბრემენის "ვერდერთან" ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, მომავალი სეზონიდან კარიერას "ჰოფენჰაიმში" გააგრძელებს.

ვიზე "ჰოფესთან" 4-წლიან ხელშეკრულებას აფორმებს - გარიგება გუშინ ოფიციალურად დადასტურდა. მანამდე კი "სოფლელებმა" "ლევერკუზენის" შვეიცარიელი თავდამსხმელის, ერენ დერდიოკის ტრანსფერი გაჩარხა.

ვიზე "ვერდერის" კარს 7 წლის მანძილზე იცავდა, "მუსიკოსებთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე კი უარი წლის დასაწყისში თქვა. ბრემენელებთან ერთად ტიმი 2006 და 2008 წლებში ორჯერ გახდა გერმანიის ვიცე-ჩემპიონი.

"ვერდერამდე"
ვიზე კიოლნის "ფორტუნას" და "კაიზერსლაუტერნის" ღირსებას იცავდა, ბრემენულ კლუბში კი 2005 წელს გადაბარგდა. ახლა კი მეკარე, რომელიც გერმანიის ნაკრების წევრიცაა, კარიერას "ჰოფენჰაიმში" გააგრძელებს.

რა ეშველება შტარკეს?
"სოფლელების" მთავარი მწვრთნელი მარკუს ბაბელი ტრანსფერით კმაყოფილია: "ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა, რადგან ვიზე უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი კლასის მეკარეა, რომელიც ფეხბურთს მაღალ დონეზე კიდევ, მინიმუმ, 5-6 წლის მანძილზე ითამაშებს. მიხარია, რომ ტიმმა გადაწყვეტილება "ჰოფენჰაიმის" სასარგებლოდ მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზე ჩვენი მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება," - აღნიშნა ბაბელმა.

ბოლო დღეებში არ წყდებოდა საუბრები იმის შესახებ, რომ ვიზეს მადრიდის "რეალში" ეპატიჟებოდნენ. როგორც ირკვევა, მისი გადაბირება "ინტერს", "მილანს" და "ტოტენჰემსაც" სურდათ.

ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ "ჰოფენჰაიმში" ისიც თქვეს, რომ ვიზემ პირველობის გარანტია მიიღო, რაც "ჰოფეს" ამჟამინდელი კიპერის, ტომ შტარკეს მდგომარეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, რას უპირებს "სოფლელები" შტარკეს, რომელიც ჰოფენჰაიმელ ფანებს ძალიან უყვართ.

დერდიოკი წინა ხაზს გააძლიერებს
რაც შეეხება დერდიოკის ტრანსფერს: 23 წლის შვეიცარიელი "სოფლელებმა" "ლევერკუზენიდან" 5 მილიონ ევროდ შეიძინა. დერდიოკი "ლევერკუზენში" პირველი არჩევანი აღარ იყო, რამაც ტრანსფერი დააჩქარა. ერენმა "ჰოფენჰაიმთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ერენ დერდიოკი სრულყოფილი და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თავდამსხმელია, რომელსაც წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. შვეიცარიელი ჩემს ტაქტიკურ სქემასა და ზოგად კონცეფციას იდეალურად ესადაგება," - აცხადებს ბაბელი.

ცხადად ჩანდა, რომ ვედად იბიშევიჩის დაკარგვის შემდეგ (ბოსნიელი ოთხი თვის წინ "შტუტგარტში" გადავიდა) ჰოფენჰაიმელებს თავდასხმაში გაძლიერება სჭირდებოდათ. ამ ხნის მანძილზე ბაბელის იმედები ვერც რაიან ბაბელმა გაამართლა, ვერც დანიელ მლაპამ და ვერც ექს-შტუტგარტელმა სვენ შიპლოკმა. არენდით აყვანილმა ფორვარდმა სრდიან ლაკიჩმა კი მხოლოდ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი კი არ გაუტანია. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი სეზონის დასრულების შემდეგ ისევ "ვოლფსბურგში" დაბრუნდება.

ერენ დერდიოკს ბუნდესლიგის 89 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი (14 საგოლე პასი). მიმდინარე სეზონში შვეიცარიელი უმეტესად შტეფან კისლინგის ჩრდილში გახლდათ მოქცეული და მართალია, საერთო ჯამში 24 თამაში ჩაატარა, მაგრამ აქედან 13 შეხვედრაში შეცვლაზე ათამაშეს - დერდიოკმა ამ სეზონში სულ 7, მეორე წრეში კი მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული