ბრემენში დიდი წმენდა გრძელდება

AutoSharing Option
"ვერდერიდან" კლაუდიო პისაროს აბარგება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ტიმ ვიზე "ჰოფენჰაიმში" მიდის, მარკო მარინი - "ჩელსიში" და ბრემენულ კლუბს, სავარაუდოდ, ტიმ ბოროვსკი, მიკაელ სილვესტრი და ნალდოც დატოვებენ.

3 მაისს გაირკვა, რომ "ვერდერში" დარჩენას არც შვედი თავდამსხმელი მარკუს როზენბერგი აპირებს, რაც მან ოფიციალურად დაადასტურა. მოკლედ, "ვერდერში" დიდი წმენდა გრძელდება.

როზენბერგმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 32 მატჩში 10 გოლი გაიტანა, რაც ნამდვილად არ არის შესანიშნავი შედეგი, მაგრამ არც ისეთი ცუდია, რომ ეს 29 წლის შვედი თავდამსხმელის წასვლის მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ "როზი" მაინც მიდის. არადა, მასზე
მეტი გოლით "ვერდერს" ამ სეზონში მხოლოდ პისარო (16) შეეწია, რომელიც ასევე წასვლას აპირებს. თანაც, როზენბერგის ანგარიშზე 10 გოლთან ერთად ხუთი საგოლე პასიცაა.

მარკუსი "ვერდერის" სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს ოთხშაბათს შეხვდა და ამ შეხვედრამ საბოლოოდ გაარკვია ის, რომ როზის "ვერდერში" აღარ დაედგომება.

"ალოფსთან მეგობრული და საქმიანი საუბარი მქონდა. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩემი და "ვერდერის" გზები ისევ უნდა გაიყოს," - უთხრა როზენბერგმა "კიკერს".

შეგახსენებთ, რომ მარკუსი ბრემენულ კლუბში 2007 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" გადავიდა, 2010/11 წლების სეზონში კი ესპანეთში, კერძოდ, სანტანდერის "რასინგში" იყო განათხოვრებული. საერთო ჯამში, როზენბერგმა "ვერდერის" შემადგენლობაში 122 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა (19 საგოლე პასი). შაბათს, "შალკესთან" საშინაო მატჩში, მარკუსი "ვერდერის" ფორმას 123-ედ და უკანასკნელად მოირგებს, რის შემდეგაც "ვეზერშტადიონის" პუბლიკას გამოეთხოვება.

ვინ შეცვლის შვედს: ლასოგა, რამოსი თუ პეტერსენი?
რაკი პისაროს წასვლაც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ცხადია, რომ ბრემენელებს, მინიმუმ, ერთი ახალი მაღალი კლასის თავდამსხმელი დასჭირდებათ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვერდერში" გადასვლის უმთავრესი კანდიდატები "ჰერტას" ფორვარდი ადრიან რამოსი, მისი თანაკლუბელი პიერ-მიშელ ლასოგა და "ბაიერნის" რეზერვისტი ნილს პეტერსენი არიან.

"კიკერის" ინფორმაციით, ჰოფენჰაიმისკენ გეზაღებულ ვიზეს, სავარაუდოდ, მეორებუნდესლიგელი "ბოხუმის" კიპერი ანდრეას ლუთე შეცვლის. დაბოლოს: გუშინ "ვერდერის" ავსტრიელმა მცველმა სებასტიან პრიოდლმა ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული