დორტმუნდის "ბორუსია" ზედიზედ მეორედ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ვფიქრობთ, შეხსენებას და გაანალიზებას აღარ საჭიროებს ის, რომ დორტმუნდელებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს - ბოლო 16 წლის მანძილზე პირველად მოხდა ისე, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ზედიზედ ორჯერ დარჩა "ვერცხლის სინის" გარეშე.
აქედან გამომდინარე, აწ უკვე გასრულებული სეზონის მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, დორტმუნდელია: BVB-ის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომლის სახელი გერმანულ ფეხბურთში, თამამად ვიტყვით, უკვე უკვდავია.
მისმა ფრაიბურგელმა კოლეგამ,
ეს სეზონი ძალიან კარგად დაამახსოვრდებათ კლაას-იან ჰუნტელაარსა და მარიო გომესს, რომლებიც ბოლო ტურამდე იბრძოდნენ საუკეთესო ბომბარდირობისთვის და ბოლოს ეს წოდება "შალკეს" ჰოლანდიელ გოლეადორს დარჩა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არც დორტმუნდელია და არც ბაიერნელი - მოედანზე საუკეთესო და თითით საჩვენებელი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინახაზელი მარკო როისი გახლდათ, რომელიც მომავალი სეზონიდან "დორტმუნდში" ითამაშებს.
ერთი სიტყვით, თქვენ წინაშეა ბუნდესლიგა 2011/12 წლების სეზონის შეჯამება: წარმოგიდგენთ 5 TOP-ს და ამდენივე FLOP-ს.
TOP 5: მარიო გომესი
"ტორერო" შარშან ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამ მიღწევასთან წელსაც ძალიან ახლოს იყო, რაც, კლოპისა არ იყოს, მის სახელსაც უკვდავყოფდა.
მართალია, გომესი ვეღარ გახდა ნომერ პირველი გოლეადორი, მაგრამ 26 გოლით მაინც ფენომენალური სეზონი ჰქონდა.
მარიოს ანგარიშზე ორი საგოლე პასიც იყო და ეს ყველაფერი არ არის: გომესმა რეკორდმაისტერის ფანები თამაშის ახლებური სტილითაც აღაფრთოვანა.
"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, უმეტესად, ერთი ცენტრფორვარდით თამაშობდა და ეს ერთადერთი სწორედ გომესი გახლდათ, რომელიც ამ სეზონში ხშირად დაცვასაც ეხმარებოდა. იმის თქმა გვინდა, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ გოლებში არ გამოიხატა - მარიო ამ სეზონში გუნდისთვის უაღრესად სასარგებლო ფეხბურთელად წარმოჩინდა და ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ რეკორდმაისტერი გერმანიის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.
ასეთ ფორმაში მყოფი გომესი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, იოახიმ ლიოვისთვისაც უალტერნატივოა - მიუხედავად იმისა, რომ იოგი მიროსლავ კლოზეს უფრო ენდობა.
TOP 4: კლაას-იან ჰუნტელაარი
გომესზე უკეთესი მხოლოდ ერთი ფორვარდი გახლდათ: "შალკეს" თავდამსხმელი ჰუნტელაარი, რომელიც 29 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "კიკერის" "ზარბაზანი" დაისაკუთრა.
თანაც, ჰოლანდიელი საგოლე პასების სიუხვითაც გამოირჩა: მან თანაგუნდელებს 10 გოლი გაატანინა და, ბარემ აქვე ვთქვათ, რომ გოლს პლუს პასის რეიტინგშიც პირველი ადგილი დაიკავა.
შესაბამისად, თამამად უნდა ვთქვათ, რომ ჰუნტელაარი "შალკეს" წარმატების უმთავრესი გარანტიაა. მართალია, გელზენკირხენელები უტიტულოდ დარჩნენ, მაგრამ მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მშვენიერი მიღწევაა. და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სწორედ მისი დამსახურებაა.
TOP 3: მარკო როისი
შარშან ამ დროს მიონხენგლადბახელები გადარჩენას ზეიმობდნენ - ზუსტად ერთი წლის წინ ლუსიენ ფავრმა "გლადბახი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას რის ვაივაგლახით გადაარჩინა.
ერთი წლის შემდეგ კი ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ზეიმობს! ამ გრანდიოზულ, დაუჯერებელ წარმატებას კონკრეტული სახე აქვს: მარკო როისი. ცხადია, მწვრთნელის ფაქტორიც არ გვავიწყდება და ფავრის დამსახურება მართლაც უდიდესია, მაგრამ თამაშებს, პირველ რიგში, ფეხბურთელები იგებენ. როისმა კი, გარდა ბრწყინვალე ასპარეზობისა, 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მისი გადაბირებისთვის "ბაიერნი" და "დორტმუნდი" იბრძოდნენ და 22 წლის მარკომ არჩევანი დორტმუნდელთა სასარგებლოდ გააკეთა - ჩემპიონი "ბორუსია" მეოთხეადგილოსან "ბორუსიას" სეზონის უმთავრეს გმირში 17 მილიონ ევროს უხდის.
ლიოვი მარკო როისს ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად წაიყვანს და მარკო გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი იქნება. როისი გერმანული ფეხბურთის ამომავალი, ანაც, უკვე ამოსული ვარსკვლავია.
TOP 2: კრისტიან შტრაიხი
"ფრაიბურგმა" პირველი წრე ბოლო ადგილზე, უიმედი აუტსაიდერის რანგში დაასრულა და ცხადია, ამ გუნდის გადარჩენის არავის სჯეროდა. თანაც, "ფრაიმ" იანვარში მთავარი გოლეადორი, პაპის დემბა სისეც დაკარგა (ეს უკანასკნელი ახლა "ნიუკასლში" ბრწყინავს).
ამის შემდეგ ისტორია ზღაპარივით გრძელდება: მწვრთნელი მარკუს ზორგი გააგდეს და მის ნაცვლად "ფრაიბურგი" ასისტენტ კრისტიან შტრაიხს ჩააბარეს.
ამ უკანასკნელის ხელში ბრაისგაუელებმა წარმოუდგენელი პროგრესი განიცადეს და პირველ ბუნდესლიგაში დარჩენა სულაც ფინიშამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს. რომ არა იურგენ კლოპი, 44 წლის შტრაიხი ბუნდესლიგის 2011/12 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი იქნებოდა.
TOP 1: იურგენ კლოპი და მისი გუნდი
81 ქულა ბუნდესლიგის პირველადგილოსნის რეკორდია და 28-მატჩიანი წაუგებელი სერიაც რეკორდი გახლავთ - დორტმუნდის "ბორუსიამ" შეუძლებელი შეძლო და ამ წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ გუნდის თავკაცი იურგენ კლოპია.
"ბორუსიამ" ტიტული ბრწყინვალე ფეხბურთით შეინარჩუნა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, "ბაიერნს" ამ სეზონშიც ორივე თამაში მოუგო.
სწორედ კლოპის დამსახურებაა ისიც, რომ დღეს დორტმუნდში აღარავის ახსოვს ნური შაჰინი, რომელიც წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და რომელიც ზაფხულის შემდეგ მადრიდის "რეალის" სათადარიგოთა სკამს ათბობს. მომავალ სეზონში კი "დორტმუნდს" ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშე როისიც შეემატება.
ფაქტია, რომ BVB-ის სახით "ბაიერნს" ძალიან სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. "ბორუსიას" ახლა უკვე რეალური შანსი აქვს, დაამხოს გერმანიაში რეკორდმაისტერის ჰეგემონია.
FLOP 5: კლაუს ალოფსი და მისი ვერდერი
"ვერდერმა" მხოლოდ 13 ქულას მოუყარა თავი, სულ რაღაც 13-ს! არადა, ბრემენული კლუბი პირველ წრეში საკმაოდ კარგად ასპარეზობდა, კლაუდიო პისაროს გოლები გაჰქონდა და "მუსიკოსების" ქომაგებიც, მინიმუმ, ევროპალიგის საგზურზე ოცნებობდნენ. მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში დაიწყო დრამა, რომელმაც ბოლო ტურამდე გასტანა და "ვერდერმა" საბოლოოდ მე-9 ადგილი დაიკავა (პირველ წრეში მეხუთე).
ეს რეგრესი, პირველ რიგში, იმის დასტურია, რომ სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს ყნოსვა აღარ უვარგა. მწვრთნელ თომას შააფს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მინიმალური შესაძლებლობებით მაქსიმუმის მიღწევა შეუძლია, "ვერდერი" კი ამ სეზონში იმდენად ცუდი გუნდი იყო, რომ ფაქტია, მე-9 ადგილი მაქსიმუმი გახლდათ.
FLOP 4: ტორსტენ ფინკი და მისი ჰამბურგი
"ჰამბურგს" მთელი სეზონის განმავლობაში ელიტიდან გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა და შეგახსენებთ, ეს არის ერთადერთი კლუბი, რომელიც პირველი ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა. პირველი წრის შემდეგ კლუბის ბოსებმა მთავარ მწვრთნელად "ბაზელის" ყოფილი დამრიგებელი ტორსტენ ფინკი დანიშნეს და ამ უკანასკნელმა "ჰამბურგის" გადარჩენა მართლაც მოახერხა - ოღონდ, როგორ, ეს ცალკე სასაუბრო თემაა!
ფინკი ამბობს, ხალხი გადარჩენას რომ მილოცავს, მრცხვენიაო. ლოგიკურია, რადგან "ჰამბურგი" მხოლოდ 36 ქულით გადარჩა და ძალიან გაუმართლა, "კაიზერსლაუტერნი", "კიოლნი" და "ჰერტა" გაცილებით უსუსურად რომ თამაშობდნენ...
FLOP 3: ჰოლგერ სტანისლავსკი
ამ სპეციალისტმა შარშან მშობლიური "ზანკტ პაული" იმის გამო დატოვა, რომ "ჰოფენჰაიმში" ახალი თავგადასავლების იმედი ჰქონდა - "პაულის" ფანებმა სტანისლავსკი ცრემლების ოკეანით გააცილეს. "ჰოფენჰაიმში" "სტანიმ" ვერაფერი გააწყო - აბსოლუტურად ვერაფერი და ახლა ისევ უმუშევარია.
ჰოლგერის და "ჰოფენჰაიმის" მილიარდერი მფლობელის, დიტმარ ჰოპის მეგობრობა შვიდ თვეში, გერმანიის თასზე, "ფიურტთან" განცდილი კრახით დასრულდა. დღესდღეობით სტანისლავსკი ძალიან ნანობს, შარშან ამ დროს "ზანკტ პაულიდან" წასვლა რომ გადაწყვიტა...
FLOP 2: კიოლნი
ფეხბურთელის ლოთობა სად გაგონილა? რა თქმა უნდა, "კიოლნში" და მარტო ამის გამო არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ "თხები" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. "კიოლნის" პოლონელ ფეხბურთელ სლავომირ პეჟკოს ლოთობა ძალიან ძვირად დაუჯდა - ის პოლონეთის ნაკრებიდანაც მოკვეთეს და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
თუმცა ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა: მარჯვენა მცველი მიშო ბრეჩკო პოლიციამ საჭესთან გამოიჭირა 1.6 პრომილით და ყველამ იცის, რომ დალევა "კიოლნის" სლოვენიელ თავდამსხმელ მილოვოე ნოვაკოვიჩსაც ძალიან უყვარს.
მოკლედ, "კიოლნი" გავარდა, ლუკას პოდოლსკი "არსენალში" გარბის და ამ გუნდის მომავალი ბურუსითაა მოცული.
FLOP 1: კაიზერსლაუტერნი
ბოლო ადგილზე გასულმა "კაიზერსლაუტერნმა" იმდენად სამარცხვინო სეზონი ჩაატარა (განსაკუთრებით კი, მეორე წრე - 7 ქულა), რომ თამამად ვიტყვით, "ეშმაკებს" მეორე ბუნდესლიგაშიც გაუჭირდება. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, მთავარი დამნაშავე მენეჯერი შტეფან კუნტცია, რომელმაც ყველაზე ცუდი, პირველი ბუნდესლიგისთვის შეუფერებელი ფეხბურთელები შეკრიბა.
არადა, წინა სეზონში "კაიზერსლაუტერნი" საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და გავარდნის საფრთხე არ დამუქრებია.
ზაფხულში გუნდი მთავარმა ლიდერებმა, ერვინ ჰოფერმა, სრდიან ლაკიჩმა, ივო ილიჩევიჩმა და იან მორავეკმა დატოვეს. მათ ნაცვლად კუნტცმა გუნდში აბსოლუტურად უსარგებლო ფეხბურთელები მიიყვანა. "კაიზერსლაუტერნი" ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო, ამ სეზონში კი "ეშმაკებს" ბრძოლისუნარიანობის არაფერი ეტყობოდა.
სეზონის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი
1. ბერნდ ლენო ლევერკუზენი
2. ლუკაშ პიჟჩეკი ბორუსია (დ)
3. ფილიპ დემსი ბორუსია (მ)
4. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი
5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ)
6. სებასტიან კელი ბორუსია (დ)
7. მარკო როისი ბორუსია (მ)
8. ფრანკ რიბერი ბაიერნი
9. მარიო გომესი ბაიერნი
10. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ)
11. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
მარკო როისი (ბორუსია /მ/)
საუკეთესო ფეხბურთელები
34 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.58
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.65
3. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.65
4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.65
5. სებასტიან კელი ბორუსია (დ) 2.75
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 32 29 13 42
2. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 34 22 10 32
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 32 12 20 32
4. მარიო გომესი ბაიერნი 33 26 3 29
5. მარკო როისი ბორუსია (მ) 32 18 11 29
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 34 25 6 3 80:25 81
2. ბაიერნი 34 23 4 7 77:22 73
3. შალკე 34 20 4 10 74:44 64
4. ბორუსია (მ) 34 17 9 8 49:24 60
5. ლევერკუზენი 34 15 9 10 52:44 54
6. შტუტგარტი 34 15 8 11 63:46 53
7. ჰანოვერი 34 12 12 10 41:45 48
8. ვოლფსბურგი 34 13 5 16 47:60 44
9. ვერდერი 34 11 9 14 49:58 42
10. ნიურნბერგი 34 12 6 16 38:49 42
11. ჰოფენჰაიმი 34 10 11 13 41:47 41
12. ფრაიბურგი 34 10 10 14 45:61 40
13. მაინცი 34 9 12 13 47:51 39
14. აუგსბურგი 34 8 14 12 36:49 38
15. ჰამბურგი 34 8 12 14 35:57 36
16. ჰერტა 34 7 10 17 38:64 31
17. კიოლნი 34 8 6 20 39:75 30
18. კაიზერსლაუტერნი 34 4 11 19 24:54 23
ბომბარდირები
29 - ჰუნტელაარი (შალკე); 26 - გომესი (ბაიერნი); 22 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 18 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი), როისი (ბორუსია /მ/); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 16 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - რაული (შალკე).
"დასრულდა ესე ამბავიც!" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"